…მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ…

…ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი „ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა…

და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი იყო, რაზეც ათეულობით ათასები ფიქრობდნენ, რაც მათ ცხოვრებას ალამაზებდა. გაქრა წამი, როდესაც ჯერ კიდევ ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე, მოედნის ცენტრში ბურთს დათო მიიღებდა, სულ ცოტას დააყოვნებდა და უცბად სასწაულს ჩაიდენდა. სხვა ვერავინ მოიფიქრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეტევა შეიძლება ასეც გაგრძელდეს. ჰაერში აფრენილი ბურთი მოწინააღმდეგეებს გადმოსძახებდა აბა, თუ მიხვდებით, საით მივქრივარო და სიცილით კვდებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ეძაბებოდათ სახეები, როგორ შემოიკრავდნენ თავში ხელს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ იქით, სადაც ვეღარ მიასწრებდნენ. და განა მარტო შემცბარ მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა ბურთი? ის ტრიბუნებსაც გასცქეროდა ეშმაკური მზერით. სიამოვნებდა, რომ სანამ მინდორზე დაეშვებოდა, სუნთქვაშეკრული მაყურებელი უკვე ფეხზე იყო წამომხტარი. გრძნობდა, რომ თავიდან ვერც გულშემატკივარი მიმხვდარიყო მის გეზსა და იმ კაცის ჩანაფიქრს, რომელმაც მოედნის შუაში ფეხი ამოჰკრა.

მაშინ არავის აინტერესებდა, ვინ ვინ მოკლა. მაშინ დათოს პასი იყო მთავარი, პასი, რომელიც არავის აბოროტებდა, პირიქით, გაბოროტებულებს არიგებდა.

მაშინ ხალხი თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთით არსებობდა.

რა რიცხვია დღეს? ჩვიდმეტი. ნამდვილად? რა თქმა უნდა, ოცში ფეხბურთია, სამი დღე დარჩა.

…ამ გაზაფხულზე ინგლისურ ჟურნალ “ტოტალ ფუტბოლს” ვათვალიერებდი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მიშელ პლატინის უშველებელი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული. საუბარი ძირითადად საფრანგეთში სტადიონების მზადყოფნას, ბილეთების განაწილებას, შემოსავალსა და გასავალს ეხებოდა, თუმცა აქა-იქ ისეთი კითხვებიც იყო, მაესტროს თამაშზეც რომ ათქმევინა ორიოდ სიტყვა. ერთ-ერთ კითხვაზე პლატინი პასუხობდა: სადღა არიან ახლა დიდი ათი ნომრები. აი, ჩვენ დროს…

ო, პლატინის დროს სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად პლატინი თამაშობდა. ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. ის ეპოქა სწორედ დიდი ათი ნომრებისა გახლდათ და მადლობა უფალს, ჩვენც გვყავდა ჩვენი გამორჩეული ნომერი ათი.

რა დრო გასულა?! დღეს 1998 წელია. დავით ყიფიანის მოედნიდან წასვლის შემდეგ თექვსმეტჯერ შემოუვლია დედამიწას მზის გარშემო. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი კარგი, საქმიანი ადამიანი ტრიალებს, თემებიც საერთო გვაქვს, ინტერესებიც, მაგრამ უცებ, თითქოს მეხი გავარდაო: ყიფიანის თამაში არ მახსოვს, მართლა ასე ძლიერი იყო? — შემეკითხება ხოლმე რომელიმე. მაშინ ვხვდები, რომ მართლაც სხვა ეპოქა დამდგარა და გეგონება ბერიკაცი ვიყო, მოყოლას ვიწყებ:

ყიფიანი როგორი ფეხბურთელი იყო, იცი? აი, წარმოიდგინე გამთამაშებელი, ოღონდ ისეთი კიარა, თავდამსხმელების უკან და ნახევარმცველების წინ რომ დარბის, ლამის დაცვიდან რომ იწყებს შეტევას. ხომ ყველამ ვიცით, რას აკეთებს გამთამაშებელი? ის შეტევის მიმართულებას ცვლის, ტემპს აწევს ან დაწევს, თავდამსხმელს პასს გადააწოდებს და ასე შემდეგ… ყიფიანიც ამასვე აკეთებდა, ოღონდ ისე, რომ… კაცმა არ იცის, როგორ. ასე მგონია, ის ჩვეულებრივ პასებსაც მოულოდნელად აწვდიდა, უფრო სწორედ ჩვეულებრივ პასებს არასდროს აწვდიდა. ხომ გინახავს კარგი გადაცემა? ჰოდა, კარგი გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ კარგი გადაცემაა და მეტი არაფერი, ყიფიანის შესრულებით კი პასი სულ სხვანაირი იყო. იმას კარგს ან ცუდს ვერ დაარქმევ, ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება…

ამდაგვარს ბევრს რომ ვიტყვი, მერე ვჩერდები. თანამოსაუბრეს თვალებში შევხედავ და ვატყობ, რომ სჯერა, მაგრამ ვერ მიმხვდარა, ვერ წარმოუდგენია. ვგრძნობ, რომ სანამ დროა, უნდა გავჩერდე, ვინაიდან ცოტაც თუ გავაგრძელე, შესაძლოა მეზღაპრედ შემრაცხოს, ეს კი არ მინდა, რადგან მგონია, რომ ამით ყიფიანს გავუფუჭებ საქმეს. კაცს ვაფიქრებინებ, ლეგენდებს უთხზავსო. ამიტომაც მოკლედ მოვჭრი ხოლმე:

­— აღწერა შეუძლებელია. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო!

სწორედ ესაა ჭეშმარიტება. სიტყვამ კი შეუძლებელია გადმოსცეს და გააცოცხლოს წამი, როდესაც ყიფიანი მოედნის ცენტრში ბურთს იღებდა.

…დღეს პრაგმატიკოსთა დროებაა, ყველაფერი რიცხვებით უნდა გამოისახოს. მაშ, ყიფიანი დიდი ფეხბურთელი იყო? საერთაშორისო მასშტაბის? აბა, რა ტიტულები აქვს? რამდენი თასი მოუგია ევროპაში? ერთხელ თასების თასი? დი ლივიოს ექვსი თასი აქვს მოგებული: უეფას, ჩემპიონთა, საკონტინენტთაშორისო, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი და სუპერთასი, პლუს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და ”სკუდეტოც“ მოუპოვებია…

მაგრამ ყიფიანი ხომ „იუვენტუსში“ არ იყო! აი, „სენტ-ეტიენმა“ პლატინი რომ გაყიდა, დათოს ყიდვა უნდოდა, შემიცვლისო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ხომ იცი…

— იანოვსკიში “პარი სენ-ჟერმენმა” მილიონები გადაიხადა, — გიპასუხებს ურწმუნო.

თუმცა, ურწმუნოსთან საუბარი არ ღირს. ის ცოდოა, რადგან დაჯერება არ შეუძლია და კიდევ იმიტომ არის ცოდო, რომ ყიფიანის თამაში არ უნახავს.

მაშინ ნიჭი რიცხვებით არ იზომებოდა, დათოს თამაშს კი უფრო სხვანაირად აღიქვამდნენ. აბა, რატომაა გალაქტიონის „ლურჯა ცხენები” უჩვეულო ლექსი? იმიტომ, რომ მასში ამდენი ასეთი რითმაა, იმდენი ისეთი, ამ სიტყვას ის ენაცვლება, იმ სიტყვას ეს, შემასმენელი აქეთ წერია და ქვემდებარე, იქეთ? არა, ბატონებო, „ლურჯა ცხენები” იმიტომაა ასეთი, რომ… ასეთია. ბევრი გაწაფული პოეტი გამოგითლის კარგ ლექსებს, მაგრამ, ჰე, სად ის და სად „ლურჯა ცხენები“.

უამრავმა ფეხბურთელმა იცის, როგორ გამართოს საყრდენი ფეხი, როგორ შეასრულოს მოჭრილი დარტყმა, საით უნდა გაიქცეს კუთხურის დროს, მაგრამ ჯადოქარი არაა. ყიფიანი კი იყო!

მხოლოდ რომანტიკოსადაც ნუ წარმოვიდგენთ ქართველთა დიდ მეათე ნომერს. მან და მისმა თაობამ ჩვენს ფეხბურთს ისეთი ტიტულები მოუტანეს, იქნებ მნიშვნელობით სხვათა მეათე ჩემპიონთა თასზე ნაკლები არც იყოს, რადგან ეს ჯებირის განგრევა გახლდათ.

რაო? საბჭოთა კავშირის ნაკრებში მუდმივად რად არ იწვევდნენო?

1982 წელია, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატია გახურებული. საუცხოო ჩემპიონატი გამოდგა ესპანეთი 82. ჰოდა, სსრკ-ის ნაკრების ერთ-ერთი მატჩის დროს, მაშინ ცნობილი რუსი კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი იური გავრილოვის ფერმკრთალი თამაშის ცქერისას კითხულობს, ნეტავ გავრილოვმა „დირიჟორის ჯოხი” სად დაკარგაო. მგონი, თბილისის ყველა ბინიდან საშინელი ყვირილის ხმა გამოვარდა. ბოლო წლებში ასეთი ერთსულოვნება ახალ წელსაა ხოლმე, მთელი მოსახლეობა ცას ავტომატს რომ ესვრის.

„გავრილოვის ჯოხი” დიდხანს ეკერა პირზე მთელ საქართველოს. მოსკოვის „სპარტაკის“ ეს ფეხბურთელი მაშინ ყიფიანს ამჯობინეს. იქ, სადაც ჩვენს დათოს უნდა გაებრწყინა, გავრილოვმა ვერ ივარგა, მაშინ, როდესაც დათოს პასებს ხალხი უნდა აელაპარაკებინა, მსოფლიო გავრილოვის უსახურ ფეხბურთს უყურებდა.

არადა, განა იური გავრილოვი ასეთი ცუდი ფეხბურთელი იყო? სულაც არა, ის უბრალოდ ჯადოქარი არ გახლდათ. დავით ყიფიანისთვის კი დიახაც ალალი იქნებოდა მსოფლიოს პირველობაზე თავის გამოჩენა. მას ეს შეეძლო, ნიჭთან მეომრებს კი დიდი მეათე ნომრისთვის ასპარეზის დათმობა მართებდათ.

იმ წელიწადს ყიფიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ის ჩემპიონატამდე ნაკრების შეკრებაზე ჰყავდათ. მაგრამ განაცხადში აღარ შეიყვანეს. მიზეზი: ერთი ხნით ადრე ტრავმა ჰქონდა. ასე ჩაიარა ქართველი ვარსკვლავის გარეშე მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ულამაზესმა ჩემპიონატმა.

იმ წელიწადს, მის დაბადების დღეზე, 18 ნოემბერს, დავით ყიფიანისთვის გამოსათხოვარ შეხვედრაში ერთხელაც უნდა შეგვევლო თვალი. საოცარი, საშინელი, მშვენიერი გრძნობაა, როდესაც შენს კერპს ბოლოჯერ უნდა შეხვდე, იცი, რომ მერე დიდ სიცარიელეს შეეჯახები და გინდა ერთხელაც მოახდინოს სასწაული, რომელიც არასდროს დაგავიწყდება.

როდისაა დათოს გაცილება? იცი, დათოს თვრამეტში აცილებენ?! ქალაქი ოვაციისთვის ემზადებოდა.

დათოს გაცილება არ შედგა. ნოემბრის დასაწყისში არსთა გამრიგეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა მიაბარა სული. ყველაფერი აიკრძალა, მოისპო, გადაიდო…

მას მერე დედამიწამ მზეს თექვსმეტჯერ შემოუარა…

„დათოს ნაკრებში ძალად არ იწვევდნენ, ქართველი რომაა, იმიტომ”, – ძალიან გავრცელებული აზრი გახლდათ ჩვენში. ერთხელ, მახსოვს, წაიყვანეს. უნგრეთში იყო თამაში. ტელევიზიითაც აჩვენეს. ნერვები მომეშალა, რადგან ყიფიანი სათადარიგოთა სკამზე დაესვათ. ხომ იცით, ამ დროს რა მოუსვენრობაც იპყრობს ადამიანს: იქნებ ახლა მაინც შეიყვანონ მოედანზე… დრო კი გადის, საათი წიკწიკებს.

და ვხედავ, საბჭოთა გუნდში ცვლილება მზადდება. ყიფიანი შეჰყავთ. გამიხარდა და დავიძაბე. უხ, ერთი სული მაქვს, დათომ კარგად ითამაშოს, დაანახოს ყველას, ვინაა ნაკრებში წასაყვანი, ხოლო ვინ დასატოვებელი. აი, ბლოხინი ფლანგიდან მაღალ პასს აწვდის, ყიფიანი ხტება და თავურით ბურთს ლურსმანივით აჭედებს კარში!

გოლ! მე იმ დღეს გამარჯვებული ვიყავი, რუსის კომენტატორები კი უხასიათოდ გახლდნენ — უნგრელებმა 2:1 მოიგეს. მახსოვს (თუ არ ვცდები, სხვა ცნობილი კომენტატორის ვლადიმირ მასლაჩენკოს) ნათქვამი: აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩააწოდო მაღალი პასი და როგორ უნდა გაიტანო თავური გოლი. ეს მონრეალის ოლიმპიადის (1976) მერე იყო, არგენტინის მსოფლიო პირველობის შესარჩევში.

მაინც, რატომ არ ბრწყინავდა დავით ყიფიანი საბჭოეთის ნაკრებში ისევე და იმდენ ხანს, როგორც თბილისის „დინამოში”?

ალბათ იმიტომ, რომ ყიფიანი ძალიან ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, დიდი, მაგრამ ქართველი მეათე ნომერი. იმიტომ, რომ სსრკ-ის ნაკრები მაინც რუსებისა იყო, გუნდი მათი ფილოსოფიით იგებდა და მასში უფრო კარგ ხელოსანს შეიყვანდნენ, ვიდრე ხელოვანს. ალბათ იმხანად საზღვრები ღია რომ ყოფილიყო, ყიფიანი ევროპის რომელიმე დიდ გუნდში გაითქვამდა სახელს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრები რომ ჰყოლოდა, საფეხბურთო მსოფლიოს მისი გვარის გამოთქმაში დიდი და ხშირი მეცადინეობა მოუწევდა.

იმ დროისთვის კი რაც იყო, ეგ იყო და რაც იყო, დიდებული გახლდათ. საქართველო, ბატონებო, არც იტალიაა და არც ინგლისი, მაგრამ მან შეძლო იტალიისა და ინგლისის სტადიონებზე დიდი გუნდის გაყვანა, შეძლო წითელი საზღვრის გადაღმა გადახტომა და კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მოპოვება. ამას კი დიდი ნიჭი სჭირდებოდა, ისეთი, როგორითაც დავით ყიფიანი იყო დაჯილდოვებული.

1998 წლის 3 სექტემბერი

 

წილი
წინა სტატიასარაგბო ფიქრები
შემდეგი სტატიაჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.