შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს ბურთი და ევროპის სხვა ქალაქებსაც გადაწვდნენ.
1903 წელს, სამმა ბასკმა სტუდენტმა მადრიდში კლუბი დააარსა, რომელსაც “ატლეტიკ კლუბ დე მადრიდ” დაარქვა. 1905 წელს, როდესაც “ატლეტიკო” ჯერ კიდევ იმ პირველყოფილი გუნდის სტრუქტურაში იყო, მადრიდული დერბი “იპოდრომოზე” გაიმართა, სადაც იმხანად “მადრიდი” (მომავალი “რეალი”) თამაშობდა. შემდეგი ორი დაპირისპირება “როხიბლანკოს” (თეთრ-წითლების) სტადიონებზე, “ფუენტე დელ ბეროზე” და “კამპო დელ რეტიროზე” ჩატარდა. ამას მოჰყვა “ესტადიო ო’დონელი”, ნაგებობა, რომელსაც ორივე გუნდი იყენებდა და მასპინძლად ხან ერთი ითვლებოდა, ხანაც მეორე. 1923 წლის დერბის “ველოდრომო სიუდად ლინეალმა” უმასპინძლა, რასაც მოჰყვა “ესტადიო ჩამატრინი” (ახლანდელი “სანტიაგო ბერნაბეუ”) და პირველი “მეტროპოლიტანო”.
მერე ატყდა ომი, რომელმაც “ატლეტიკოს” სტადიონი დააზიანა. შედეგად, გუნდი “კამპო დე ვალეკასსა” და… “ესტადიო ჩამატრინზე” გადავიდა. მე-20 საუკუნის შუაში ორივე კლუბს უდიდესი პრეზიდენტები, სანტიაგო ბერნაბეუ და ვისენტე კალდერონი ედგნენ სათავეში. მადლიერმა “თეთრებმა” და “თეთრ-წითლებმა” თავიანთ სტადიონებს მათი სახელები დაარქვეს. ამ ორმა სარბიელმა ათწლეულების მანძილზე მრავალ დიდ მატჩს უმასპინძლა.
1959 წელს, “რეალმა” და “ატლეტიკომ” ევროპის ჩემპიონთა თასზე ორივე შეხვედრა სარაგოსას “ლა რომარედაზე” გამართეს.
2014 წელს გუნდები ლისაბონში, “ესტადიო და ლუჟზე” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 2016 წელს კი მათ შეხვედრას მილანის “სან სირომ” უმასპინძლა.