განა ჩვენ სამხრეთ აფრიკელები ვართ?
იქ ახლა ერთი ამბავია – ნაკრების კაპიტან ფრანსუა პინარს თუ არა ვცდები, „სბორზე“ არ დაუძახეს და მისი გუნდში დაბრუნების მოთხოვნით სამიოდე დღეში 70 ათასი სატელეფონო ზარი გაისმა.
არა, ჩვენ არა ვართ სამხრეთ აფრიკა.
და მიუხედავად ამისა, ხვალ თბილისში საერთაშორისო რაგბია.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სარაგბო მატჩის აფიშამ თავისი იერსახით რეი ჩარლზის აფიშასაც გადაუხურა და იმ ქულ ენდ ზი გენგისასაც.
რა აღარ წერია ზედ? ლელო საქართველოო, რუსეთის ორთავიანი არწივიო. მთელი აფიშა იმ უცნაურ, ეგზოტიკურ და ვაჟკაცურ სულს აფრქვევს, მხოლოდ რაგბის რომ ახასიათებს.
თანაც, არ დაგიმალავთ და, აფიშადანვე იგრძნობა, რომ რუსები უნდა დავამარცხოთ. არც კი მინახავს ამ ჩვენს ქვეყანაში სხვა ასეთი აფიშა, პირდაპირ რომ ეუბნებოდეს კაცს, მოდი სტადიონზე, იხილე ეს საუცხოო თამაში და გამარჯვება იზეიმეო.
ჩვენს ქალაქში მრავლად დაიარება ხალხი, რაგბის არსებობას მხოლოდ ამ აფიშით არ შეიტყობს (თუ, რა თქმა უნდა, გაზეთი არ გადაუფურცლავს). თუ ინტერესიანი კაცი მიადგა ამ აფიშას, აუცილებლად თავის გზას გადაუხვევს და ბილეთის საყიდლად წავა.
რაგბი ისეთი თამაში გახლავთ, რომ მისი უბრალოდ გაცნობა, ვთქვათ, ფეხბურთის დარად, არ გამოვა. ერთი შეხედვით ძნელია, რომ ეს თამაში შეიყვარო და გაიგო. რაგბი ქომაგისაგან ბოლომდე მოითხოვს გულს, ცოდნასა და გაგებას.
ალბათ, ამიტომაც არის, რომ საქართველოში რაგბის ქომაგობა წესად მაინცდამაინც არა აქვთ.
მაგრამ თუკი კაცი ვინმე ერთხელ დაავადდა ამ თამაშით, ერთხელ შეეყარა ახირებული სარაგბო სენი – მორჩა და გათავდა – ეს დაავადება და სიყვარული სამუდამოა.
ეს ბოლო დღეებია სულ ვფიქრობ, რაშია რაგბის რაობა?
მე თუ მკითხავთ, რაგბის ფესვები უაღრესად შორეულ წარსულში ძევს და იგი თემური სულის მატარებელი თამაშია. ერთიანობა, ვაჟკაცობა, გამტანობა – აი, რაგბის პრინციპი. რაგბის სათამაშო პრინციპი ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი რაც უნდა ვარსკვლავი იყო, მარტო ვერაფერს გახდები. ისევე, როგორც ძველ, რაინდულ დროში ერთი გამოჩენილი მებრძოლი ვერ აიღებდა მტრის ქალაქს, ეულ ვარსკვლავ მორაგბესაც არ ძალუძს მოწინააღმდეგის ლელოში შესვლა.
ჩვენთვის, ქართველთათვის, ეგებ ამიტომაც ჩანს უცხოდ ეს თამაში, რომელსაც სამაგალითო ერთიანობა უდევს საფუძვლად.
მაგრამ ახლა სხვა დროა.
თამაშიც, რომელიც ჩვენს სარაგბო ნაკრებს ელის გამორჩეულია.
ჩვენში წესად იქცა, რომ რუსთან თამაში გამორჩეული უნდა იყოს და ეს ორგზის გამორჩეულად გამოიყურება რაგბში. აქ ხომ გასაოცრად ჩანს არა მარტო ჯანის, არამედ სულის ჭიდილიც. თანაც ფორმები ამ თამაშისა ისეთია, რომ თუ რამის დამტკიცება გწადია, უნდა გამოხვიდე და დაამტკიცო.
ქართველებს არაერთხელ უბურთავებიათ რუსები რაგბის მინდვრებზე, მაგრამ სანაკრებო დონეზე შინ პირველად ხვდებიან.
ვაჟკაცობასა და მონდომებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ვიცი, ფიცხელი ბრძოლა გაიმართება – მოდიან და ვხვდებით.
და ამიტომ, ჩემო ბრეივჰართ, ხვალ, ნაშუადღევს, არ შეიარო დუქანსა და კაფეში, ორიოდ კათხას თამაშის შემდეგაც გადაჰკრავ – წამოდი რაგბის საცქერლად!
19.10.1996