დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში. ეგებ ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც გაითავიონ ეს საოცარი ამბები და ვინძლო ერთხელაც, ჩვენს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული.
მაშ ასე, თანამედროვე და მომავალი ფეხბურთის სახე, თავის ფესვებზე, გენებზე და ოცნებებზე ლაპარაკობს…
– თქვენს ოჯახს საფრანგეთთან ბევრი რამ აკავშირებს. თქვენი ბებია და ბაბუა იქ მუშაობდნენ, მამა „ტულუზაში“ ირჯებოდა, თქვენ კი გერმანიის ნაკრებში თამაშობთ…
– იმიტომ, რომ იქ დავიბადე და გავიზარდე. თავს გერმანელად მივიჩნევ. არასდროს მიფიქრია რომელ ნაკრებში მეთამაშა – საფრანგეთის, სენეგალისა თუ გერმანიის.
– მაგრამ ზურგზე რაღაც სენეგალური სიმბოლო გახატიათ…
– ტატუ გავიკეთე – სენეგალის რუკა. მამა ამ ქვეყანაში დაიბადა და ფესვები იქიდან მაქვს. თუმცა ზურგზე გერმანიის რუკაც მახატია.
– მამათქვენი ერთ-ერთი პირველი აფრიკელი იყო ბუნდესლიგაში. „ფრაიბურგსა“ და „ნიურნბერგში“ თამაშობდა. დედა, რეგინა ვებერი – ტანმოვარჯიშე, 1984 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია. ცდილობთ გვარი არ შეარცხვინოთ?
– პატარაობისას მათი წარმატებების შესახებ არაფერი ვიცოდი. და საერთოდ, არასოდეს მიფიქრია მშობლებისთვის მეჯობნა. უბრალოდ, ფეხბურთის თამაში და ამით სიამოვნების მიღება მონდოდა. არავის დაუშლია როცა პროფესიონალური ფეხბურთელობით დაინტერესების შესახებ ვუთხარი.
– მაგრამ გენები სახეზეა – სისწრაფე, ძალა, გამძლეობა! მადლობა მშობლებს?
– დიახ, მამა ძალიან სწრაფი იყო – ეს თვისება მისგან მაქვს. ფიზიკური მონაცემები და ათლეტიზმი დედისგანაა. ამ მხრივ გამიმართლა. თუმცა, წარმატებისთვის მარტო გენები არ კმარა. ბევრი მუშაობაა საჭირო.
– ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი ხართ. „სიტიმ“ თქვენს სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადა. პასუხისმგებლობის გრძნობა არ გთრგუნავთ?
– ამაზე არ ვფიქრობ. გადაიხადა ჩემში „სიტიმ“ ეს თანხა და ეს კლუბის საქმეა. გასულ ზაფხულს ბევრი ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. თანაც, მუსიკას ფეხბურთელები ხომ არ ვუკვეთავთ. კლუბები რიგდებიან ერთმანეთში. შესაძლოა, ვინმეს თრგუნავდეს ეს ამბავი, მე კი არა. მთავარია ადგილზე არ იდგე, ისწავლო. ცდილობდე საუკეთესო იყო ვარჯიშებზე და ყოველ მატჩში.
– თუ ფეხბურთელებში ამდენს იხდიან, ესე იგი, შესაბამის თავდადებასაც ითხოვენ.
– სიმართლე გითხრათ, ამდენი ფული არავინ ღირს, როგორი ძლიერი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს. რობოტები ხომ არ ვართ. ამიტომ, არ შეიძლება ფასის პირდაპირპროპორციულად ჩვენი აღქმა. მე ხომ არ მითქვამს ჩემში ამდენი და ამდენი უნდა გადაიხადოთ, მეთქი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ასე იყო ყოველთვის. ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ყველა ბურთს აგორებდა – მეგობრები, მამა, ძმა. ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. ფეხბურთი ჩემთვის ნამდვილი სიხარულია.
– კარგით, მაგრამ ფეხბურთი ასევე გულშემატკივრები, მედია, ფინანსური ურთიერთობებია. ეს ყველაფერი ხომ ხელს უშლის უბრალოდ ფეხბურთით ტკბობას.
– ცხადია, რაც უფრო იზრდება მოთხოვნილება, უბრალოდ სიამოვნების მიღება ძნელდება. საჭიროა მატჩების, ტურნირების მოგება. შენზე დიდ გეგმებს აწყობენ. რაც უფრო ცნობილია კლუბი, მით უფრო მეტი ზეწოლაა. მაგრამ მთავარი ხრიკიც ისაა, რომ მხიარულების და გართობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. მაშინ ბედნიერი იქნები.
– შარშან ერთმა ცნობილმა გაზეთმა პრემიერლიგის წლის უარეს ახალბედად დაგასახელათ. გეწყინათ?
– ესეც ახალი ამბავი… ასეთი აქმდე არ მსმენია. თუმცა ერთს გეტყვით: ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ნეგატივია. მიმიფურთხებია. მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს. ყველას აქვს ხოლმე ცუდი პერიოდები. ადამიანებს ხანდახან ავიწყდებათ რომ ჯერ 21 წლის ვარ. ადგილობრივი არ გახლავართ, გერმანიიდან ჩამოვედი. ასე ფიქრობენ: თუ შენში ამდენი გადაიხადეს, ყოველთვის საუკეთესო უნდა იყო. მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველაზე დიდ ვარსკვლავებსაც კი არ ძალუძთ ყოველ მატჩში გატანა.
– დღეს საუკეთესოები მესი, რონალდუ, ნეიმარი, გრიზმანი არიან…ძალიან შორს ხართ მათგან?
– ისინი უფროსები და გამოცდილები არიან. უამრავი ტიტული აქვთ მოგებული. მათ დონეზე ასასვლელად ბევრი ოფლის დაღვრაა საჭირო, ვერავინ იტყვის, ვთქვათ, სამ წელიწადში ასეთივე ვიქნებიო. ვცდილობ, ვნახოთ…
– მანჩესტერში ჩასვლისას განაცხადეთ, რომ „სიტი“ გვარდიოლას გულისთვის აირჩიეთ.
– დიახ. აქ სწორედ მის გამო ვარ. რაც მან „ბარსელონაში“ და „ბაიერნში“ გააკეთა, ფანტასტიკაა. პეპის ხელში გუნდები სულ სხვა ფეხბურთის თამაშს იწყებენ. თანაც თანმდევი გადაწყობა ხელს არ უშლით ტიტულების მოგებაში. ბევრ ახალგაზრდას ვესაუბრე, ვისაც მასთან უმუშავია და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს – გვარდიოლა ეს სასწაულია და არა მწვრთნელიო. მას მოთამაშეები გაცილებით მაღალ დონეზე აჰყავს.
– ახალგაზრდებთან უფრო მკაცრია?
– არც ისე. ყოველ შემთხვევაში, დესპოტი ნამდვილად არ არის. ცხადია, ყმაწვილებს მეტს გვხვედნის, მაგრამ გვესმის, რომ ამას ჩვენთვის აკეთებს, რათა მატჩის დროს თავისუფლად ვიმოქმედოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ,
– „სიტიში“ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. აქცენტს მათზე აკეთებენ?
– დიახ და ეს სწორი პოლიტიკაა, გუნდში მრავლად არიან ჩემი კბილა ბიჭები. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და უკეთ ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა აქ ოპტიმალური ბალანსია საჭირო ახალგაზრდებსა და გამოცდილებს შორის. თორემ, რთულ მომენტში, შეიძლება გამოუცდელობამ წყალში ჩაყაროს ყველაფერი. შარშან პირველი სეზონი მქონდა „სიტიში“. წლეულს კი ყველაფერი უკეთ მიდის. პრემიერლიგის ლიდერები ვართ, ჯერჯერობით წაუგებლად ვთამაშობთ და მეც გავუშინაურდი ძირითად შემადგენლობას. წინ კი გვარდიოლასთან ერთად დიდი გამარჯვებები გველის.