საქართველოს ახალგაზრდულმა და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ჩაატარეს. 19-წლამდელებმა, გიორგი ყიფიანის თავკაცობით, საქმე უკვე მოიმთავრეს. ტურნირის ბოლო დღეს, როგორც ანდორასთან, ჩვენი ჭაბუკები უმოტივაციო ფრანგებთანაც ფრეს დასჯერდნენ – 1:1 და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ. ცხადია, ამ ასაკში ელიტ-რაუნდი საქართველოს გარეშე ჩაივლის. საფრანგეთი და მასპინძელი ბოსნია თამაშს მომდევნო ეტაპზე გააგრძელებენ.
გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ფურცელაძე, ქოჩორაშვილი, ანდრონიკაშვილი, ნინუა, დავითაშვილი (კვარაცხელია 61), ქავთარაძე (ზარიძე 90+2). – ასეთი შემადგენლობით ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთთან. გოლი თბილისის „დინამო“ ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძე გაიტანა, ხოლო ნიკა ნინუამ პენალტი ვერ გამოიყენა.
- საფრანგეთი 3 2 1 0 10:2 7
- ბოსნია 3 2 0 1 4:3 6
- საქართველო 3 0 2 1 2:3 2
- ანდორა 3 0 1 2 2:10 1
19-წლამდლთა ამბავი ბოსნიაში იყო, თბილისში კი გია გეგუჩაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტველ თანატოლებს უმასპინძლა. ჩვენებმა 1:0 მოიგეს, პირველი გამარჯვება იზეიმეს, თუმც გოლი ლიტლელებმა თავის კარში გაიტანეს. გოლამდე ორი წუთით ადრე ლუქსემბურგელმა მსაჯმა მოედანი ლიტველ ფეხბურთელს დაატოვებინა. იყო დრო, ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე ქომაგი სტადიონის ტრიბუნას სანახევროდ მაინც ავსებდა, ლიტვასთან კი „მიხეილ მესხზე“ 150-მდე კაცი თუ იქნებოდა.
კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მამუჩაშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, ჭანტურია ( არველაძე 80) , ბერიძე ( მოხევიშვილი 89), შულაია, არაბიძე (მიქელთაძე 76), – ესეც საქართველოს ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობა ლიტვასთან მატჩში.
დანია 5 4 0 1 19:5 12
პოლონეთი 5 3 2 0 13:5 11
ფარერები 5 1 2 2 6:10 5
საქართველო 5 1 1 3 6:13 4
ფინეთი 5 0 3 1 6:11 3
ლიტვა 5 1 0 3 3:9 3
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კი პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჩვენებმა ალბანეთის ახალგაზრდულ გუნდს დიღომში, ნაკრების ბაზა „ბასაზე“ უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილთაგან გოლები სპანდერაშვილმა და ბუღრიძემ გაიტანეს, ერთი ბურთიც ალბანელმა ნურიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.