გამოჩენილ პიროვნებებზე ხშირად იქმნება ლეგენდები. ამ ლეგენდებს ხალხი ასაზრდოებს, მაგრამ არა როგორც ზღაპარში. ეს, თუ გნებავთ, თავისებური ფოლკლორული შემოქმედებაა, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა.

რამდენი ლეგენდაა შექმნილი ქართველ სპორტსმენებზე… სხვადასხვა დროს მათი გმირები იყვნენ კანდელაკი, პაიჭაძე, ქორქია, მშვენიერაძე და სხვანი. ამ „ხალხურ შემოქმედებაში“ თავისი ადგილი და გამორჩეულიც, უკავია ქართული ფეხბურთის მშვენებას — ავთანდილ ღოღობერიძეს.

ავთანდილ ღოღობერიძე, ბასა. დიდი, უდავოდ დიდი ფეხბურთელი და არანაკლებ დიდი პიროვნება. ვეებერთელა კაცი მინდორზეც და მინდორს გარეთაც. კაცი, რომლის მხრებზეც გადაიარა სამი ქართული საფეხბურთო თაობის ქარტეხილმა და რომელიც მთელი ცხრამეტი(!) სეზონის მანძილზე ჭირს ქვითკირად ედგა მწვანე მოედანზე.

ძნელია წერო ფეხბურთელზე, ვისი თამაშიც არ გინახავს. ძნელია მხოლოდ მონაყოლით ფონს გასვლა და განსაკუთრებით მაშინაა ავტორი ცუდ დღეში, როცა მკითხველს ბუმბერაზი, გოლიათი კაცის შესახებ უნდა მოუთხროს… მოდი და მოზომე სიტყვა, მოდი და სამანი დაუდე კალამს, როცა ბასაზეა ლაპარაკი. ცოტას იტყვი და ჰაუ, არ გცოდნია, ბასა ვინ იყოო… ბევრი მოგივა და ბასას შენი ქება რად უნდა, არ სჭირდება შენი ქებაო…

ბასა — სინდისი და ნამუსი სრულიად ქართული ფეხბურთისა…

ბასა — ჩვენამდე ლეგენდად მოსული და ლეგენდადვე დარჩენილი…

ბასა — ადამიანი და ფეხბურთელი. ფეხბურთელი და ადამიანი — ბასა.

მაინც როგორ იბადებიან დიდი ფეხბურთელები?

ამ კითხვას ერთ კონკრეტულ პასუხს ვერავინ გასცემს, თუმცა ერთი კი ცხადია — კაშკაშა ფეხბურთელი უთუოდ დიდი ფეხბურთის წიაღმა უნდა შვას. მარტო ხე სასწაულით ხარობს ხოლმე. ბასაც უთუოდ ქართულ ფეხბურთში უნდა შობილიყო. ქართულ ფეხბურთში, სადაც საფეხბურთო ოსტატობაზე არანაკლებ ფასობს კაცურკაცობა, სადაც არავის პატიობენ „მოედნის გარეთ თუნდაც ყირაზე დგომას“, აქაოდა ფეხბურთელი ხომ მაგარიაო.

ზემოთ ისა ვთქვით, ჩვენამდე ლეგენდად მოაღწიაო ავთანდილ ღოღობერიძის დიდებამ. მაგრამ, იცის კი ხალხმა, სმენიათ კი ქომაგთ, რისთვის და რატომ შეუცვალეს მშვენიერი ქართული სახელი მშვენიერსავე დიდოსტატს, ერთი შეხედვით უბრალო, არაფრისმთქმელი თიკუნით?

თენგიზ ღოღობერიძე იხსენებს: „მეტსახელი ბასა ბავშვობიდანვე შეურქმევიათ მამაჩემისთვის. ეს სოხუმში მომხდარა. თურმე, მამას ბავშვობიდანვე უჭირდა „ზ“-ს გამოთქმა, ჰოდა, ერთხელაც თანატოლებთან მოხვედრილს რუსული აბრა წაუკითხავს, „ოვოშჩნაია ბაზა“ რომ ეწერა ზედ. წაუკითხავს და „ოვოშჩნაია ბასაო“ ასე გამოუთქვამს. „ბასაც“ მაშინ უწოდებიათ.

ასე შერჩა ავთანდილ ღოღობერიძე ქართულ ფეხბურთს — უბრალოდ, ბასად. დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელი ყოფილა. ყველა დროის უდიდესი ავტორიტეტიც კი მწვანე მინდორზე. ერთიც ამშვენებს ავთანდილ ღოღობერიძის კარიერას — ცხრამეტი სეზონის მანძილზე სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მიუღია თურმე. აფერუმ, მის გამძლეობას და მის რაინდობასაც აფერუმ.

ვოვა ელოშვილისგან გამიგონია, იმდენად დიდი პიროვნება იყო ბასა, მეტოქეებიც ერიდებოდნენო მასთან უხეშობას. როგორღაც ერთ-ერთი რუსული გუნდის მცველს წაუქცევია „დინამოს“ კაპიტანი. ეს რა ჩაიდინე, როგორ თუ ბასას წაქცევა შეჰკადრეო, გაცეცხლებულა იმავე გუნდის მწვრთნელი და წამსვე გამოუცვლია ის ფეხბურთელი. განა ბევრზე და ბევრს გაიგონებ კაცი მსგავს რამეს?

კაცი ყოფილა და ქუდიც ხურებია. წაქცევა როგორ შეჰკადრეო — არ დაგვავიწყდეს, ღოღობერიძე მაშინ თამაშობდა, როცა ფეხბურთი მართლა ფეხბურთი იყო, ძალიან ცოტათი ჰგავდა ბალეტს. მის დროს არც მთლად რაინდები აგორებდნენ ბურთს და არც მსაჯები აფრიალებდნენ მარჯვნივ-მარცხნივ წითელ-ყვითელ ბარათებს (არ ჰქონდათ და იმიტომ). და მაინც არ აქცევდნენ, ერიდებოდნენ, პატივს სცემდნენ… დიდი კაცი იყო ბასა და იმიტომ…

ბასას დარი ფეხბურთელები თავისუფლად შეიძლება მოედანზე შექმნილი ატმოსფეროს საზომად ვაღიაროთ. მსგავს მოთამაშეთა გავლენა უდიდესია. ნებისმიერი გუნდის განწყობა, თამაში ბევრადაა დამოკიდებული მისი ლიდერის განწყობასა და თამაშზე. ავთანდილ ღოღობერიძეს კი სამი თაობის ლიდერობამ მოუწია. ალბათ, ესეც ბედის წყალობა იყო, თუმცა უმძიმესი ტვირთის შეიძლება ეწოდოს ყოველივეს. წლებს ყოველთვის თავისი მიაქვს, მითუმეტეს ფეხბურთში… იმ დროს მეტად სწრაფად იცვლებოდა სათამაშო სისტემები, ტაქტიკა, სტილი. ხან ერთი გუნდი, ხან მეორე ამბობდა ახალ სიტყვას მსოფლიო ფეხბურთის განვითარების ისტორიაში და თუკი თვითონ ვერას იტყოდი ახლს, სიახლისთვის ფეხი მაინც უნდა აგეწყო. ერთი სიძნელე კი მუდამ სდევს ახლის ათვისებას — ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ქართული ნათქვამია და ამ სიახლეებისთვის ფეხის აწყობაც არ გახლავთ ადვილი რამ, მით უფრო, როცა ცხრამეტი სეზონის მანძილზე უხდება ფეხბურთელს თამაში. ავთანდილ ღოღობერიძემ შეძლო ეს. იგი ისეთივე დიდებულ ფეხბურთელად დარჩა კარიერის ბოლოს, როგორც საფეხბურთო მოღვაწეობის დასაწყისში იყო — მოუღალავი, უშიშარი, უბადლო, გუნდის სული და გული, ცოცხალი მაგალითი ნამდვილი ფეხბურთელისა მოედანზე და მის გარეთაც.

გავიხსენოთ ისიც, რამდენ კაშკაშა ქართველ ვარსკვლავს მიაჩნდა ბასა თავის კერპად, სათაყვანებელ პიროვნებად — ბარქაია, მესხი, სიჭინავები, მეტრეველი… კიდევ მოიძებნება ხალხი, ვისთვისაც ავთანდილ ღოღობერიძე მარტო პარტნიორი არ გახლდათ და ასეთები ერთეულები არ არიან. განსაკუთრებით, „დინამოსთვის“ უძნელეს პერიოდებში იჩენდა ხოლმე თავს ავთანდილ ღოღობერიძის პიროვნების მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, ეს ის დრო იყო, როდესაც ყველას, ვისაც კი არ ეზარებოდა, შეეძლო ცხვირის ჩაყოფა გუნდის საქმეებში. ამადაც იყო, იცვლებოდნენ მწვრთნელები, იცვლებოდა შემადგენლობა, უშვებდნენ და აბრუნებდნენ ფეხბურთელებს, ერთი სიტყვით, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და არამკითხე მოჭირნახულეებსაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად… სწორედ მაშინ იყო, არნახულად რომ გაუჭირდა „დინამოს“. ერთი ხანობა მესხი, იამანიძე და ძმანი მისნიც კი მოკვეთეს „დინამოდან“, „უპერსპექტივონი არიანო…“ ჰოდა, კვლავ ბასამ ითავა გუნდის აღორძინება — ფეხბურთელიც, მეგობარიც, ლიდერიც და შავი მუშაც ავთანდილ ღოღობერიძე შეიქნა მაშინ. შეიქნა და კაცურადაც გასწია ჭაპანი, უბრალოდ, მაგრამ საიმედოდ. ყოველგვარი გარეგნული სიკაშკაშისა და ეფექტების გარეშე, მაინც ლამაზად, რომ სჩვეოდა ისე…

— სეზონნახევარი ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ჩვენ ყველანი ხურჯინში ვისხედით და ამ ხურჯინს კი ბასა მიათრევდაო, — ეს ბორის სიჭინავას ალალი სიტყვებია, იმ თაობის წარმომადგენლისა, ტაშკენტური ოქრო რომ გამოუჭედა ქართულ ფეხბურთს. არადა, რომ არ ყოფილიყო ბასა, მისი თავდადება, გარჯა, არც ის ოქრო იქნებოდა. ღოღობერიძეს რომ ის ხურჯინი არ ეთრია, ვინ იცის ვეღარც ვერაფერი მოგვემკო დღემდე.

ერთი შეხედვით სუსტი, საშუალო აგებულების კაცი გეგონებოდათ, მაგრამ, აბა, ტანგახდილისთვის შეგეხედათო — ერთიანად დაკუნთული, დაძაგრული მისი ტორსი ირგვლივ მხოლოდ ძალასა და ვაჟკაცობას აფრქვევდაო. შეუჩერებლივ შეეძლო ერბინა სამი, ოთხი ტაიმის განმავლობაში. ერთხელაც არ ჩაითქვამდაო სულს.

ეს ის დრო იყო, როცა სტადიონებზე განათებები არ ეყენათ, საფეხბურთო შეხვედრები დღისით იმართებოდა ხოლმე და თვითონ წარმოიდგინეთ, თბილისში ან ტაშკენტში საღამოს ხუთ საათზე? გაგანია, თაკარა მზეში საათნახევარი ბრძოლა და ჭიდილი რა ხეირს დააყრიდა ფეხბურთელს. მზემ წაიღო ჩემი სიცოცხლის ნახევარი, თორემ ასწლიანი ვიქნებოდიო — დანანებით უთქვამს ერთხელ ბასას. ეს ახლა მოდის ერთ ფეხბურთელზე ორი ექიმი, ახლა უდგენენ მოთამაშეებს ათასგვარ მენიუ-გრაფიკებს, ახლა ჭყიპავენ დოპინგური თუ არადოპინგური აბებით, თორემ მაშინ… მაშინ ფეხბურთს სამედიცინო მიღწევები და მანქანები არა, მაშინ ფეხბურთს მართლაც მამაკაცები თამაშობდნენ.

მოედანზე წაქცეული არ გვახსოვსო ბასა — ამას ამბობენ მისი მომსწრენი. მსგავსი რამ ერთეულთ თუ რგებიათ ხვედრად ფეხბურთის ისტორიაში.

— გეგონებოდა ბურთი მიწებებული ჰქონდა ფეხზე, დაახლოებით კაცის სიმაღლიდან ისე ჩამოხსნიდა ფეხით ბურთს, პირი გვრჩებოდა ღია. მკერდით გააჩერებდა და ვფიქრობდით ზედ მიიკრაო — ეს სულ ცნობილი ქართველი ფეხბურთელების გამონათქვამებია, დიდოსტატი ქართველი ფეხბურთელებისა.

ჰოდა, სწორედ მსგავსი, ბასას დარი ფეხბურთელების ცქერაში იბადებიან სხვა დიდოსტატები. ნიჭს არავინ უარყოფს, მაგრამ დიდი ფეხბურთელი ჯერ უყურებს, სწავლობს, გაითავისებს ხოლმე წინამორბედთაგან, მხოლოდ მერე აკეთებს თავის საკეთებელს. უნიჭობას, აბა, ვინ უსაყვედურებს მესხის, ბარქაიას, სიჭინავების, მეტრეველის, იმანიძისა და სხვათა თაობას, მაგრამ მათ იმადაც ითამაშეს დიდი ფეხბურთი, რომ პაიჭაძეს უცქერდნენ, ჯეჯელავას, ღოღობერიძეს, ჭკუასელს (აღარ გავაგრძელებ) ადევნებდნენ თვალს, მათ ჯერ ცქერით შეიყვარეს ფეხბურთი და მერეღა დაიწყეს ბურთის თამაში. მათთვის ფეხბურთი სამუშაო არ ყოფილა და არც ფულის შოვნის წყაროდ გაუხდიათ ბურთის გორება.

ავთანდილ ღოღობერიძესაც ფეხბურთის, ბურთის სიყვარული აიძულებდა ერბინა თაკარა მზეში. კი გააჩნდა ბასას იმხელა დამსახურება ქართულ ფეხბურთში, რომ ორმოც წელს მიღწეულს სიცოცხლე არ გაენახევრებინა, მაგრამ მაინც თამაშობდა… არ შეეძლო, უყვარდა, საჭირო იყო და იმიტომ.

რა დღიდანაც ჩაისახა, „მოლაპარაკება და ჩაწყობაც“ თან დაჰყვა ფეხბურთს. ანგელოზები მწვანე მინდორზე ბურთს არ თამაშობენ, ისინი, როგორც წესი, ზეცაში არიან და ამიტომ ნებისმიერი დონის ვარსკვლავს უთამაშია მსგავს შეხვედრაში. ერთხელაც, სტრელცოვისეულ „ტორპედოს“ შეხვედრია ჩვენი „დინამო“. მაშინ „ტორპედო“ თავისი ვარსკვლავობით მსოფლიოში ქუხდა და ჩვენი გუნდისთვისაც დასაწყისშივე გაუტანიათ სტრელცოვს, ივანოვს და კომპანიას ორი გოლი. დიდი ანგარიშით წაგება აბა, ვისთვის რა საამოა და ჩვენს ფეხბურთელებს ელოშვილისთვის (სტრელცოვთან ახლო ურთიერთობა ჰქონია) დაუვალებიათ, მიდი და სთხოვე გაჩერდესო. „სტრელცოვი გულღია, ალალი ბიჭი იყო და ვუთხარი თუ არა, ედიკ კანჩაი-მეთქი, უმალ გაჩერდა. თითქოს ამას ელოდაო, ბურთი ბასამ მოიგდო, თითქმის მთელი მოედანი გადასერა და გოლი შეაგდო. არადა, მანამდე მთელი გუნდი ვეხვეწებოდით გაჩერდი, ბაწუწი, ბურთი არ გაიტანოო“ — იგონებს ვოვა ელოშვილი. მისივე თქმით, სწორედ მაშინ დაუძახია ივანოვს სტრელცოვისთვის — ედიკ, ნაჩნიომ ატო ნამ გრუზინსკიე ნომერა ნაჩალი დელატ“-ო. ჰოდა, სტრელცოვმაც თავი გაიგიჟა თურმე. ის თამაში წააგო „დინამომ“, ავთანდილ ღოღობერიძეს კი დანა პირს არ უხსნიდა, ვერ მითხარით ასე თუ იყო საქმეო — უსაყვედურებია თანაგუნდელებისთვის მატჩის შემდეგ გასახდელში.

მე კი, იცით, რა მგონია? ბასა ამ გოლს მაინც უსათუოდ გაიტანდა. მისი თაობის ფეხბურთელებიც აღიარებენ ამას. ბასას კომპრომისი, უკანსვლა არ ჩვეოდა. იგი იბრძოდა ბოლომდე, უიმედო სიტუაციებშიც კი… არ შეეძლო, ასე იცოდა, საჭირო იყო და იმიტომ…

ფეხბურთიდან კი უხმაუროდ წავიდა ქართული ფეხბურთის სამი თაობის პატრიარქი. ითამაშა, იომა, ათრია გუნდი, სანამდეც საქმეს სჭირდებოდა და მერეღა ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე. ერთხანს იმწვრთნელა, გუნდის უფროსიც იყო, თითქოს სულ ფეხბურთში ტრიალებდა, მაგრამ მხოლოდ ოჯახის წევრები ხვდებოდნენ, თუ რა სიცარიელე დარჩა ბასას სულში. ვარჯიშიც ვერ მიატოვა თურმე კარგა ხანს — შინ ბოლთას სცემდა და დრო რითი მოვკლა, რაღა ვაკეთოო, სულ ამას ჯავრობდა, — იხსენებს თენგიზ ღოღობერიძე.

ფეხბურთი უყვარდა, მისით ცხოვრობდა, სულდგმულობდა, ფეხბურთი მისთვის სამუშაო არ იყო და იმიტომ…

რაც შეეხება საერთაშორისო არენას, ბევრმა არ იცოდა ვინ იყო ბასა, არც სსრკ ნაკრებში გამოსვლით დაუმახსოვრებია ვინმესთვის ავთანდილ ღოღობერიძეს თავი, მაგრამ ვინც კი ნახა და სადაც კი ნახეს, მისი უცილო ოსტატობაც კი უმალ აღიარა ყველამ.

დიდი იყო, ბასა იყო, კაცი იყო და იმიტომ…

მერე კი იყო ტრაგედია, იყო ავარია და ბასა, რომელმაც საათნახევრის განმავლობაში დაღლა არ იცოდა, ლოგინს მიეჯაჭვა.

ერთხელაც მიესალმა უმთავრესი ქართული სტადიონის სავსე ტრიბუნები ქართველ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს. ეს მაშინ იყო, თბილისში ახალ სტადიონზე რომ მიიყვანეს საკაცით ბასა და ერთხელაც აგუგუნდა სტადიონი, ერთხელაც აინთო ტაბლოზე ქართველ ქომაგთათავის აგრერიგ ნაცნობი სამი სიტყვა — ავთანდილ ღოღობერიძე ბასა.

1998 წლის 3 ოქტომბერი