10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო “ბერლოუ პარკზე” (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი დრამა გათამაშდა. პატარა, რადგან B-ჯგუფის ორმა მაჩანჩალამ ითამაშა, ხოლო დიდი იმიტომ, რომ მოულოდნელად საინტერესო მატჩის საყაიმო შედეგმა (14:14) სამოა პლეი-ოფში გაიყვანა გატანილ-მიღებული ქულების უკეთესი სხვაობით, ხოლო შოტლანდიელ მორაგბეებს ისევ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უკრა თავი.
პაპუა-ახალი გვინეა – აშშ 64:0 – კომენტარის გარეშე, ინგლისი – საფრანგეთი 36:6 – კომენტარის გარეშე, ავსტრალია – ლიბანი 34:0, მაგრამ ლიბანი პლეიოფშია.
ახლა კი ინებეთ მეხი მოწმენდილ ცაზე: ტონგა – ახალი ზელანდია 28:22. ვერავინ იტყვის, რომ 2008 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულს თამაში მიჰყავდა და მხოლოდ იღბალმა უმტყუნა. ტონგელები ბურთაობდნენ ლაღად, თავდაჯერებულად, ავტორიტეტული მეტოქის მიმართ ყოველგვარი რიდის გარეშე და უკვე აღარ ვიცით, გავბედოთ თუ არა პროგნოზის გაკეთება ახალი ზელანდია – ფიჯის მეოთხედფინალურ თამაშზე, რადგან პოლინეზიელთაგან დამცირების შემდეგ კივებს არანაკლებ ჯანიანი და მოტივირებული მელანეზიელები ელიან.
სხვა მეოთხედფინალურ მატჩებში ავსტრალია ალბათ შემუსრავს სამოას, ხოლო ტონგას მსოფლიო თასის აღმოჩენა ლიბანი სავარაუდოდ წინ ვერ აღუდგება. მთლად გარკვეული არ ჩანს ინგლის – პაპუა-ახალი გვინეის მატჩის შედეგი. პაპუასებმა შედარებით სუსტ მეტოქეებს (უელსი, ირლანდია, აშშ) ჯგუფურ ეტაპზე ბდღვირი კი ადინეს, მაგრამ ვფიქრობთ, მეოთხედფინალში ინგლისი მოიგებს.
ჯგუფური ტურნირის საბოლოო შედეგები იხილეთ ქვემორე ცხრილში. პლეიოფში გასულ გუნდებს ნაცრისფერი ადევთ.