51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის წყვეტს, ვიდრე მეპატრონე რომან აბრამოვიჩიო, ამბობენ “სტემფორდ ბრიჯის” კულუარებში.

ემენალოც გრანოვსკაიას გაუშვია, კონტემ კი არ დამალა და თქვა, მაიკლის წასვლა ძალიან მეწყინაო.

მაიკლ ემენალო

“ვესტ ჰემისა” და “უოტფორდის” ყოფილი თავკაცი, ძოლა, “ჩელსიში” შვიდი წელიწადი თამაშობდა. გულშემატკივრებმა ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს. ორი წლის წინ, ყატარის “ალ არაბის” მწვრთნელად მუშაობის დროს მან თქვა:

“ჩემი ოცნება, თუ გნებავთ ამბიცია, ერთ მშვენიერ დღეს “ჩელსის” სათავეში ჩადგომაა, თუმცა, იმასაც კარგად ვხვდები, რომ ამისათვის უკეთესი მწვრთნელი უნდა გავხდე. ჩემი მიზნის მისაღწევად მუხლჩაუხრელად ვმუშაობ”.

“ალ არაბიმ” ძოლა 26 თამაშიდან მხოლოდ 10 მოგების გამო მოხსნა. “ალ არაბი” ყატარის “ვარსკვლავთა ლიგაში”, სადაც სულ 14 გუნდია, მერვე ადგილზე იყო.

შემდეგ იტალიელი ბირმინგემში გადავიდა, სადაც 24 შეხვედრაში გუნდს მხოლოდ ორჯერ მოაგებინა.

ემენალო, თავის მხრივ, ლონდონის კლუბს ღირსეული სიტყვით გამოეთხოვა.

წილი
წინა სტატიალელო ჰაერში ?
შემდეგი სტატიაანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.