“ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა “ჩელსის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის, ალვარო მორატას მეუღლე ალის კამპელოა.
ბოლო ვიზიტისას ლეომ და ანტონელამ ალისს საჩუქრად “სარკანის” ფირმის 565 ევროიანი ფეხსაცმელი ჩაუტანეს. ცნობისთვის: ანტონელა როკუცო ევროპაში “სარკანის” ფირმის წარმომადგენელია.
ლონდონში მესის გახშირებული სტუმრობა “ბარსაში” ძალიან არ მოსწონთ. საქმე ის არის, რომ თუ მშვენიერი ანტონელა მოდისა და დიზაინის სამყარომ გაიტაცა (მეგობრებთან გლამურულ გასეირნებაზე აღარაფერს ვამბობთ), რად უნდა ლაპარაკი, რომ მას გული ინგლისის დედაქალაქისკენ გაუწევს. გლამურისა და მოდის თვალსაზრისით ბარსელონა, რაგინდ დიდებულიც უნდა იყოს, ლონდონთან შედარებით პერიფერიაა. ცოლის ზეპურ მიდრეკილებებს კი ვინ იცის რა მოჰყვება. კაცს ქალი თუ შეუჩნდა, მტრისას.