თორნიკე ოქრიაშვილი
დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში
სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ
ამპლუა: ნახევარმცველი
კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი)
საკლუბო კარიერა:
2008 ოლიმპი
2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი)
2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი)
2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი)
2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი)
2014-2016 გენკი, ბელგია (34 მატჩი, 2 გოლი)
2016 ესქიშეჰირსფორი, თურქეთი (12 მატჩი, 2 გოლი)
2016-დან კრასნოდარი, რუსეთი (14 მატჩი, 2 გოლი)
სანაკრებო კარიერა
19-წლამდელთა ნაკრები (5 მატჩი, 3 გოლი)
21-წლამდელთა ნაკრები (15 მატჩი, 2 გოლი)
ეროვნული ნაკრები (32 მატჩი, 8 გოლი)
მას არ უყვარს ინტერვიუების ჩამორიგება.უყვარს ნეიმარი, ქომაგობს „მილანს“. ცოტათი სკანდალურია, იფიქრებ რომ ეპატაჟურიც, მაგრამ, გაცნობისას ალალი, გულახდილი, თავის საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებული. მიზანდასახული ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბოლომდე იბრძვის იმისთვის, რომ კვლავაც ითამაშოს დიდი ფეხბურთი…
საუბარია თორნიკე ოქრიაშვილზე, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე, რომლიც ტრავმის გამო ნაკრებსაც ჩამოშორებულია.მასთან დაკავშირებისთვის, ნაცად-ქართული ურთიერთობები გამოვიყენე – ჩემი მეგობარი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი დავით ბითაძე კარგა ხანია კრასნოდარშია და ოქრიაშვილებთან ოჯახით მეგობრობს, თუმც როგორც აღმოჩნდა, ოქრიაშვილთან ინტერვიუსთვის მარტო ჩვენი მეგობრობა საკმარისი არ ყოფილა…
– დათომ მითხრა რომ „სარბიელიდან“ ხარ, სხვა შემთხვევაში ინტერვიუზე, საერთო მეგობრის მიუხედავად, არ დაგთანხმდებოდი. „სარბიელი“ ჩემი უსაყვარლესი გამოცემაა და უზომოდ მიხარია რომ მკითხველთან დაბრუნდა. წარმატებებს ვსურვებ „სარბიელს“ და მის მკითხველს…
– ანუ ვიწყებთ ინტერვიუს?
– კი, გისმენ
– გმადლობ კეთილი სურვილებისთვის. თავს როგორ გრძნობ მძიმე ტრავმის შემდეგ?
– ახლა უფრო იმედიანად. საშინლად ვიყავი. წარმოიდგინე, 6 თვე ტრავმას ვიშუშებდი. სულ რაღაც 4 თამაში ჩავატარე და ისევ მძიმედ დავშავდი. ძნელია ფსიქოლოგიურად ამასთან გამკლავება, მაგრამ ვახერხებ და იმედი მაქვს მალე სრულფასოვნად დავუბრუნდები „კრასნოდარს“ და ფეხბურთს.
– ბევრი მიიჩნევს, რომ არ ხარ რუსული პრემიერლიგის ტიპის ფეხბურთელი…
– სხვათა შორის, არ მინდოდა რუსეთში წამოსვლა. არც ჩემს მშობლებს სურდათ ეს ტრანსფერი, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე პირადად ჩამოვიდა „კრასნოდარის“ სპორტული დირექტორი ვლადიმერ ხაშიგი და ფაქტობრივად მან გადაგვიბირა მთელი ოჯახი.
– ხაშიგი ახსენე და იგი წარმოშობით აფხაზია. „ზენიტთან“ გატანილი საოცარი გოლისას ისე მოგილოცა, ჩანს კარგი მეგობრები ხართ…
– ასეა, ვმეგობრობთ. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, თუმცა პოლიტიკაზე არაფერს ამბობს. ისე, ჩემს მსგავსად მასაც უკვირს ქართველებმა და აფხაზებმა დღემდე რატომ ვერ გამონახეს საერთო ენა.
– „ზენიტთან“ გოლი მართლაც შთამბეჭდავი და ეფექტური იყო…
– არადა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნაკრებში ბელარუსთან გატანილი გოლია. ჯერ ერთი, სილამაზით არაფრით ჩამოუვარდებოდა ,,ზენიტთან” გატანილს და თანაც, ეს სანაკრებო გოლი იყო. ეროვნული გუნდი კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
– შენი ბელგიური კარიერა არცთუ სახარბიელოდ წარიმართა, თანაც სკანდალების ფონზე.
– ვიცი, ანელესთან ჩხუბს გულისხმობ. ჩვეულებრივი სავარჯიშო ეპიზოდისას მან რასისტი დამიძახა. არადა, მისთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. კამათისას კი ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე და ამის გამო ოფიციალურ განმარტებას მთხოვდნენ. საკვირველი ის არის, რომ ამ ინცინდენტამდე ანელესთან ვმეგობრობდი და ჩვენი მეგობრობა სკანდალის მერეც გაგრძელდა. სხვათა შორის, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში „გენტს“ ვეთამაშებოდით, 2-2 იყო და ბოლო წუთზე, გადამწყვეტი გოლისას ანელემ ძალიან მაგარი პასი მომცა.
– სკანდალურ გაუჩინარებაზეც უნდა გკითხო…
– ალბათ, მონასტრის ამბებს გულისხმობ… ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა მაშინ. არ მრცხვენია პირადულ განცდებზე საუბრის, მაგრამ ისეთი პრობლემები იყო, სახალხოდ თქმა მაინც არ მინდა. ძალიან, ძალიან პირადულია… მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო, გადატვირთვა დასჭირდა ტვინს და წავედი მონასტერში. საგურამოდან ოცდაათ კილომეტრში. იქ 12 დღე ვიყავი.
– მერე დამშვიდდი?
– ეს არ იყო მონასტერში დასამშვიდებლად წასვლა. უფრო საკუთარ თავში გარკვევა მსურდა. მინდოდა ვინმე დამლაპარაკებოდა. ვგრძნობდი ამას ვერ შეძლებდა ვერც მშობელი, ვერც მეგობარი. სხვაგვარი მიდგომა მჭირდებოდა. მონასტერში ყოფნას საოცარი შედეგი მოჰყვა. იქიდან სხვა ადამიანი დავბრუნდი
– მაინც როგორი?
– რაღაცნაირად ჩამოყალიბებული, მოტივირებული და იმედიანი.
– სხვადასხვა მოსაზრება არსებობს „მარსელთან“ ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ. რა მოხდა სინამდვილეში?
– სიმართლე ერთია, რაც მე ვიცი და რაც უშუალოდ გადამხდა თავს.
– არადა, თითქმის მარსელის ფეხბურთელად მიგიჩნევდით…
– რაც მოხდა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ბევრი სისულელე ითქვა, თითქოს ჩემს სისხლში აღმოჩნდა რაღაც ისეთი,რის გამოც სამედიცინო შემოწმება ვერ გავიარე… იაკობ გიუნტერი „გენკის“ სპორტული დირექტორი იყო, როცა ამ კლუბში ვთამაშობდი და მასთან ახლოს ვიყავი. იმ დროს კი უკვე „მარსელში“ მუშაობდა. როდესაც შეიტყო რომ „გენკს“ ვტოვებდი, დამიკავშირდა და მითხრა, არცერთ გუნდს არ დაელაპარაკო, შენ უკვე „მარსელის“ ფეხბურთელი ხარო. „მარსელი“ დიდი კლუბია, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. გიუნტერმა ისიც მითხრა, რომ ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდოდი მარსელში და ყოველგვარი გასინჯვის გარეშე გავაფორმებდი კონტრაქტს. მარსელში, ბაზაზე მწვრთნელი თბილად შემხვდა-ჩათვალე, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. გავიცანი გენერალური დირექტორიც. გამომართვეს პასპორტი, რათა პირადი მონაცემები შეეტანათ კონტრაქტში. მეორე დღეს კი კლუბის პრეზიდენტი პეტერბურგელი ქალბატონი, ამერიკელმა ჩაანაცვლა, რომელმაც რატომღაც კონტრაქტს ხელი არ მოაწერა… მახსოვს, სასტუმროს ნომერში ვიჯექი, გიუნტერი გაფითრებული სახით რომ მოვიდა… ვერც კი ავხსნი რა დამემართა, ლამის დავლეწე იქაურობა. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.
– „კრასნოდარი“ ახალგაზრდა კლუბია, თუმცა გუნდი ყოველ სეზონში პროგრესს განიცდის. როგორ ფიქრობ, მოსკოვური და პეტერბურგული გუნდებისთვის შეძლებთ კონკურენციის გაწევას?
– ძალიან ძნელია.ესენი აქაური საზომით უმაგრესი გუნდები არიან. აგერ „ლოკომოტივიც“ გაძლიერდა,რაც დიდწილად საბა კვერკველიას დამსახურებაა. რაც საბა რკინიგზულ გუნდში გადავიდა, საჩემპიონო ამბიციაც მას შემდეგ გაუჩნდათ… რა თქმა უნდა, ცდას არც ჩვენ ვაკლებთ, მაგრამ… „კრასნოდარს“ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. ამ გეგმების შედეგია, ახლა კრასნოდარში რომ ვარ. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო აქაური ახალი არენა, რომელიც მართლაც გამორჩეული და შთამბეჭდავია.
– უკვე დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარები. ალბათ, ძნელია შორიდან ყურება…
– ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამის გამო. თითოეული სანაკრებო გამოძახება ზეიმი იყო ჩემთვის. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ბიჭებს, ვივარჯიშებდი მათთან ერთად, მოვირგებდი ნაკრების ფორმას… საქართველოსთვის თამაში ძალიან დიდი რამაა ჩემთვის.
– როგორ შეაფასებ ჩავლილ შესარჩევ ციკლს, აქვს ამ ფორმაციის ნაკრებს პერსპექტივა?
– ერთი შეხედვით შესარჩევი ეტაპი ჩავაგდეთ, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, ამ გუნდს გააჩნია პოტენციალი და რაც მთავარია ვლადიმერ ვაისი გუნდს სწორ და თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.
– ვლადიმერ ვაისს სერბები მოიაზრებდნენ სანაკრებო მწვრთნელად, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სლოვაკმა სპეციალისტმა კვლავაც საქართველოს დაუკავშირა მომავალი მომდევნო ორი წლით…
– შესანიშნავია. სხვათაშორის სერბეთი ჩემი მეგობრის, „ლაციოში“ მოთამაშე მილინკოვიჩ სავიჩის გამო დარჩა უმწვრთნელოდ. მუსლინი მას იგნორს უკეთებდა, ჰოდა მილინკოვიჩ სავიჩმაც დაიქადნა, სახვეწარი რა მაქვს, ბოსნიაში ვითამაშებო, სერბებმაც, ახალგაზრდა უნიჭიერეს ფეხბურთელთან შელევას, ძველმოდურ მუსლინთან გამომშვიდობება არჩიეს…რაც შეეხება ვლადიმერ ვაისს, მე მოხიბლული ვარ მისი პროფესიონალიზმით, ფეხბურთელებისადმი და საწვრთნელი პროცესებისადმი მიდგომით. შესარჩევი ციკლის დასრულებისთანავე დავურეკე მას, წარმატება ვუსურვე და იმედი გამოვთქვი, რომ კვლავაც გააგრძელებდა ჩვენთან მუშაობას.
– ჩვენს ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა გურამ კაშიას საქციელს…
– კაშია ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. იგი არ იმსახურებს ამას. მასთან ვმეგობრობ, ჩემთვის სამაგალითო, უკეთილშობილესი პიროვნება და უნიჭიერესი ფეხბურთელია. ბუნებრივია მას ველაპარაკე და მითხრა, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომაც გაიკეთა ის სამკლავური. მას უთხრეს, რომ ეს სავალდებულო იყო. კაშია კი არც ბეკენბაუერია და არც მესი გუნდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასულიყო და უარი ეთქვა. მას უბრალოდ შანსი არ დაუტოვეს.
– შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაში?
– მეც გურამ კაშიასავით ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, თუმცა პირველ რიგში მართლმადიდებელი და ჩემი ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის და კულტურის ერთგულ-დამფასებელი ვარ… ალბათ, ვიცე კაპიტანს დავავალებდი ამის გაკეთებას… მაგრამ ეს არ არის ახლა მთავარი. ყოვლად მიუღებელია ის აგრესია, რაც კაშიას მიმართ წამოვიდა. დაუშვებელია რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს ამ ამბავს. პოლიტიკისგან შორს ვარ, თუმცა მეგობარს ყოველთვის გვერდში დავუდგები, მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მის ღირებულებებს.
– ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება და თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ბევრჯერ შეძლებს გულშემატკივართა გახარებას…
– მეც ამის მოლოდინი და მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს – დავბრუნდე ღირსეულად. ექვსი წლიდან ვვარჯიშობ.ფეხბურთელები წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვისვენებთ – ორი კვირით საახალწლოდ და სამი კვირით სეზონებს შორის შესვენებისას და ვერასდროს ვითმენდი ბოლო კვირის გასვლამდე, ყოველთვის ფეხბურთისკენ მიმიწევდა გული და ეს ხანგრძლივი უმოქმეობა წარმოიდგინე რა რთული გადასატანია ჩემთვის, მაგრამ მჯერა, ღირსეულად დავბრუნდები და პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცებ ბევრ რამეს.