ლუის სესარ მენოტი
დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს როსარიოში (არგენტინა).
თამაშობდა: „როსარიო სენტრალში“, „რასინგში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნიუ იორკ ჯენერალიზში“ (აშშ), „სანტოსში“ (ბრაზილია), „იუვენტუსში“ (ბრაზილია).
წვრთნიდა: „ურაკანს“, „ბარსელონას“ (ესპანეთი), „ბოკა ხუნიორსს“, „ატლეტიკო მადრიდს“ (ესპანეთი), „რივერ პლეიტს“, „პენიაროლს“ (ურუგვაი), „ინდეპენდიენტეს“, „სამპდორიას“ (იტალია), „როსარიო სენტრალს“.
ნაკრებთაგან არგენტინისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებს.
1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.
1979 წელს არგენტინის ჭაბუკთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.
საკლუბო დონეზე მოპოვებული აქვს „ტორნეო მეტროპოლიტანი“, ესპანეთის თასი, ესპანეთის ლიგის თასი, ესპანეთის სუპერთასი
„გოლი სხვა არაფერია, თუ არა ბადეში გადაწოდებული მორიგი პასი“ – უყვარს გამეორება ლუის მენოტის, რომელსაც ოდესღაც „ელ ფლაკოს“ ანუ გამხდარს ეძახდნენ.
ლუის მენოტის მკითხველისთვის წარდგენა არ სჭირდება, მეტიც, ვინმესთვის მისი შეხსენებაც არ არის საჭირო – გნებავთ დიდმა და გნებავთ ყმაწვილმა, კარგად იცის, ვინც ბრძანდება ეს მართლაც დიდი მოღვაწე. იგი იმ ადამიანებს შორისაა, რომელთაც მივიწყების მტვერი ვერ ეკარებათ და კიდევ ერთი, კომუნისტებს ჰქონდათ მოგონილი ასეთი ნათქვამი: ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიასო; ჩვენ კი ასე ვართ – ვამბობთ მენოტის და ვგულისხმობთ არგენტინას!
ახლა კიდევ ის გვიბრძანეთ, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი… უფრო სწორად, რატომ იყო ლუის სესარ მენოტიმდელი არგენტინის ნაკრები არეულ-დარეული გუნდი? იმიტომ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია კალეიდოსკოპური სიჩქარით ცვლიდა მწვრთნელებს, ხოლო ფეხბურთელებს ეროვნული გუნდი არაფრად მიაჩნდათ და გამოძახებაზე ყურსაც არ იბერტყავდნენ, სათამაშოდ ევროპაში გამომგზავრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
და როგორი გახდა პოსტმენოტისეული ნაკრები? ის ჩამოყალიბდა გუნდად, რომელსაც ფეხბურთელებთან მყარი, კონტრაქტებით მოწესრიგებული ურთიერთობა აქვს, რომლის გამოძახების ბარათიც ნებისმიერ არგენტინელ მოთამაშეს ქაღალდად მიაჩნია და, რაც მთავარზე მთავარია, ის გახდა უკლებლივ ყოველი მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი. ერთი სიტყვით, დღეს არგენტინის ნაკრების მწვრთნელად მიმავალმა კაცმა იცის, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დიად და ძლიერ ნაკრებს უნდა უხელმძღვანელოს, მენოტიმდე კი, ასე არ იყო.
და კიდევ ერთი, ლუის სესარ მენოტის დროს არგენტინის ნაკრები ჯადოსნური სილამაზის ფეხბურთს თამაშობდა.
თუმცა, რატომ მხოლოდ არგენტინის ნაკრები? მართალია, ჩვენ მის კლუბთა უმეტესობის თამაში არ გვინახავს, მაგრამ რა უფლება გვაქვს არ ვენდოთ იმ ადამიანებს, ვინც მისი ამბები მოგონებებში თუ წერილებში აღწერა? ეს ხალხი კი წერს, რომ ლუის მენოტი მწვრთნელობის პირველივე დღიდან შემტევ ფეხბურთს ერთგულებდა და ეს ხშირად დიდ რისკთან იყო დაკავშირებული – მოგეხსენებათ, შემტევმა გუნდმა, თუ მისი თამაში ძლიერ დახვეწილი არ არის, ძალიან იოლად შეიძლება წააგოს დაცვაში ჩაკეტილ და კონტრშეტევაზე ჩასაფრებულ მეტოქესთან.
მაგრამ მენოტი ჯიუტად მუშაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით და ამბობდა, რომ მისი სტილის განმსაზღვრელი ლოზუნგია „ყველა მოსაგებად თამაშობს“. ის ამტკიცებდა, რომ თავისი ფეხბურთელების ნიჭს აუცილებლად მომართავდა და შეკრებდა საგოლე მომენტების მაქსიმალური რაოდენობის შესაქმნელად. მის სქემაში ყველაფერი გუნდურობაზე იყო დაფუძნებული, ოღონდ ნახევარდაცვასა და თავდასხმაში აუცილებლად ინდივიდუალურად ძლიერი, ტექნიკურად უზადო მოთამაშეები უნდა ჰყოლოდა. მენოტი მცველებს ისე განალაგებდა, რომ ბურთის მოპოვების შემთხვევაში, უმოკლეს დროში ყველაფერი შეტევაზე გადაწყობილიყო, ოღონდ, ალბათ თავადაც იგრძენით, რომ ამ თეორიის მაღალ დონეზე ხორცშესასხმელად წლები იყო საჭირო.
ასე და ამგვარად, 1973 წელს ლუის სესარ მენოტიმ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ორ წელიწადში საშუალო გაქანების „ურაკანს“ პირველი და დღემდე ერთადერთი ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.
ამასობაში, არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე ჩაფლავდა, რის გამოც გათავისუფლდა მწვრთნელის თანამდებობა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მენოტის ანდო. დაგვეთანხმებით, ეს ნდობა მართლაც ბევრს ნიშნავდა, ვინაიდან ოთხი წლის შემდგომ მუნდიალს თავად არგენტინა მასპინძლობდა.
„ჩვენი წარმატებისთვის აუცილებელია ფეხბურთელებმა ძალიან მკაფიოდ გაიგონ, რას ვითხოვთ მათგან. თუ გეგმა ძალიან ზუსტად არ იქნება დასახული, ვერაფერს მოვიგებთ“ – ამბობდა მაშინ მენოტი და და კარგ მთქმელს, კარგი გამგონეები რომ ჰყოლოდა, ნაკრებში უბალდო ფილოლი, დანიელ პასარელა და მარიო კემპესი გამოიძახა.
და 1978 წელს არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! როგორ? ვფიქრობთ, ამ ათასჯერ მოყოლილ და აღწერილ ამბავს ამჯერად, სჯობს გვერდი ავუაროთ, ხოლო უკმაყოფილობის გრძნობა რომ არ დაგვრჩეს, ასეთი ამბავი მოვყვეთ: „ჩემპიონები რომ გავხდით და ხალხი ქალაქის ცენტრში, ობელისკისკე გაეშურა. ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მეც იგივე გავაკეთე. ისეთი ტანსაცმელი ჩავიცვი და ისეთი ქუდი დავიხურე, რომ ვერავინ მიცნობდა. პიკ-აპის ძარაზე შემოვხტი. ამით ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს ვასრულებდი. მართალია, მე რომ მივედი, გვიანი იყო და ბევრი იქიდან უკვე ბრუნდებოდა, მაგრამ რაც ვნახე, იმან დიდი სიამოვნება მომანიჭა“ – ეს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მენოტის სიტყვებია.
ბოლოს კი 1979 წელი გავიხსენოთ, როდესაც იაპონიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა და გვირგვინი აქაც მენოტის ნაკრებმა დაიდგა.
„გუნდში თამაშისგან ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია. ეს ყველაფერი მხოლოდ მენოტის დამსახურება იყო“ – ეს სიტყვები კი ცოცხალმა ლეგენდამ, დიეგო მარადონამ წარმოთქვა.
გაბრიელ კალდერონი, იმავე ნაკრების მოთამაშე: „ჩვენს სათავეში მისი ხილვა და მასთან ფეხბურთზე საუბარი ერთ რამედ ღირდა. წარმოიდგინეთ, მან გვითხრა, რომ ამ გუნდის მწვრთნელობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ჩვენი ნიჭისა სწამდა. და იცით, მის თვისებათაგან საუკეთესო რომელი იყო? ცხოვრებაში არ მოვუტყუებივართ. პირიქით, მისი მეთოდი თითოეული ჩვენთაგანის დადებითი მხარეების წახალისება გახლდათ. მენოტის ხელში ფეხბურთელი რომ მოედანზე გადიოდა, აბსოლუტურად გარკვეული იყო, თუ რა უნდა ეკეთებინა მას და საამისოდ ენთუზიაზმით იყო ავსილი“.
ეს საინტერესოა…
ლუის სესარ მენოტი მხოლოდ ფეხბურთელი და მწვრთნელი არ ყოფილა, ის სპორტული მწერალიც გახლდათ. მან გამოაქვეყნა წიგნი „თამაში, სპორტი და პროფესია“, ხოლო მისი ცალკეული სტატიები უცხოურ გამოცემებშიც კი იბეჭდებოდა.
***
მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მარიო კემპესმა გოლი ვერ გაიტანა. მეორე ეტაპის წინ კი მენოტიმ ტურნირის მომავალ ბომბარდირს ულვაშის გაპარსვა ურჩია, თავდამსხმელმაც გაიპარსა და არა მხოლოდ ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
15.02. 2005