„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა.
დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს.
ასეთივე ბურთით თამაშობდნენ მომდევნო, 1974 წლის მუნდიალზე, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართა. 1978 – ის არგენტინულ ჩემპიონატზე კი Telstar-ი Tango-მ შეცვალა.
ახალი Telstar 18 სწორედ იმ ლეგენდარული ბურთის ნაშიერია, ოღონდ 21-ე საუკუნის კონცეფციით.
„წილად მხვდა ბედნიერება ცოტა ადრე გავცნობოდი ახალ ბურთს. ყველაფერი მომეწონა – ხარისხი, დიზაინი, ფერები. ჩინებული რამ არის“, – შეაქო სიახლე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ.
საინტერესოა ბურთის სახელწოდების ისტორიაც. Telstar გახლავთ „ეკრანის ვარსკვლავების“ (TELevision STAR) შემოკლებული ვარიანტი. შავი კოპლები კი იმიტომ გაუკეთეს, რომ უკეთესად გამოჩენილიყო შავ-თეთრ ტელევიზორებში. მას შემდეგ ეს დიზაინური შტრიხი კლასიკური გახდა და საბოლოოდ შეცვალა ფეხბურთის ბურთების გარეგნული სახე.
ლამის 50 წლის შემდეგ Telstar 18-მა პრინციპულად ახალი სახე მიიღო. ის დამზადებულია მაღალტექნოლოგიური ელემენტებით, გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებით. მაგალითად, ძველი შეფუთვის მასალებისგანაც. მასში ასევე ჩამონტაჟებულია საგანგებო NFC ჩიპი რომელიც ბურთს სმარტფონთან აკავშირებს. სმარტფონთან დაკავშირებისას მომხმარებელი ხვდება საიტზე, რომლის მეშვეობითაც გაეცნობა ბურთის ტექნიკურ პარამეტრებს და ტურნირის დაწყებამდე პროდუქტის ავ-კარგიანობაზე საკუთარი აზრის გამოთქმაც შეეძლება.
ზემოთ ლამის 50 წელიო, ვახსენეთ, თუმცა გაისად Telstar-ი მართლაც ნახევარი საუკუნის მოიყრება. საქმე ის არის, რომ პირველად ასეთი ბურთები 1968 წელს, იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადეს. თუმცა ოფიციალურ წელთაღრიცხვას მექსიკის 1970 წლის მუნდიალიდან ითვლიან.