ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი – პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა.
ასეთი რამ აღარ მოხდება: ვერც ამუნიკე შეაგდებს გოლს და ვერც ნიგერია გავა ფინალში. აფრიკის პირველი გუნდი პოლიტიკურ-ბოღმიანი კვანტისტრიალის გამო ასცდა მორიგ გამარჯვებას.
ნიგერიის გერბზე გამოსახული არწივი თუკი რამეს ჰგავს ამ ტიალ ქვეყანაში, ისევ ფეხბურთს. თორემ აფრიკის შუა წელზე დაფენილ ამ ქვეყანას ბევრი არაფერი აქვს სატრაბახო. ეს რესპუბლიკა (აგრე ჰქვია) იმითაა გამორჩეული, რომ მთელს საზანგეთში მოწინავეა მოსახლეობისა და ფეხბურთის მხრივ. დიახ, გადაშლილია ნიგერია თვალუწვდენელ ველებზე.
და რახდება იქ? განა ამუნიკემ არ იცის? ის ხდება, რაც უნდა ხდებოდეს პირშავ მხარეში, რომელიც მარად კოლონია ყოფილა და დედოფლის კეთილი გულით თავისუფლება მიუღია.
მიამბობდა ერთი ჩვენებური, ვინც იქაურ დედალაქალ ლაგოსში მოხვედრილა იმ დროს, როცა ჩვენ მეცხრე ენერგობლოკის ჩართვაზეც ვერ ვიოცნებებდით: სასტუმროში ვიჯექი და ვფიქრობდი, ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ ჯობიაო.
იცის ემანუილ ამუნიკემ:
1967 წელს აღმოსავლეთ ნიგერიის გუბერნატორმა ოჯუკვუმ თავისი გუბერნია ბიაფარის ქვეყნად გამოაცხადა და ატყდა ომი სეპარატისტების წინააღმდეგ. ამ დროიდან ქვეყანაში „რამსები“ აირია: ხან გენერალ მუჰამედს ჰკრეს ტყვია, ხანაც – შტაბის უფროსი ობასანჯო განსაჯეს ავად, განთქმული იბრაჰიმ ბაბანგიდაც ვერ შველია პირველობას. ახლანდელი „ბაბანგიდაც“ – მეთოფე აბაჩა ნამდვილი ობასანჯელია.
იცის ამუნიკემ, ორი გოლის შემგდებმა ზამბიის კარში:
მართლის მთქმელ ზანგს ხარი (იქ ხარებით დადიან) შეკაზმული უნდა ჰყავდეს. დიდნი ნიგერიელნი, ვთქვათ ნობელიანტი ვოლე შოინკა და ტანჯული კენ სარავივა წიხლქვეშ ჰყავთ. შავ ხალხს, ჰაუსას, იბოს, ვანურს ერთმანეთში შარი აქვთ. თეთრებს უღრენენ. ბევრია ნიანგი და გველი, ეპიდემიები ერსა სრავს და ასე.
მა ბიჭები? ამათ რაღა ჰქნან? ნიგერიას ჰყავს იმგვარი შვილები, ტაში რომ მოუწყვეტიათ. მეც, ამუნიკეც ვარ მათში და აქეთ იკპებაო, იქეთ ოქროსავით აგოსტინი, ოკოჩაო, ეს ჩვენი ქვა და კლდე, უჩე ოკეჩუკვუა და სხვა არწივნი ნიგერიის გერბისა, სიასია სამსონი – ჰაეროვანი, ანდა დანიელ ამოკაში, ბელგიაში გამხდარი და ინგლისში გასუქებული. ან რაშიდი, ბიზონად სახელდებული, და სულც ნორჩი „აიაქსელი“ კანუ, რომელიც, გეგონებათ, ფეხბურთს კი არა, სნუკერს თამაშობსო და კიდევ ფინიდი ჯორჯი, ჯანისა და პოეზიის ნაზავი…
რაღა პირველობაა პირველის გარეშე!
აფრიკაში ისეთი ამბები ხდება, რომ ეს საქმე თუ ევროპას გადმოედო, საქმე შავად წავა. პირშავი აბაჩა და ტეიშეირას სიმამრი ერთმანეთს ეჩხუბებიან და მე, ემანუილ ამუნიკემ გოლი ვერ გავიტანო ფინალში?
ასე გამოდის, რომ არწივებმა ნიგერიის მაისური ვერ უნდა მოირგონ და კლუბებში უნდა დარჩნენ. მა, სამშობლო? გერბზე წაუწერიათ, „ერთობა და ჯანიო“, რომელიღაა?
ამ მანდელასიც ვერ გავიგე – სანამ ეგ ციხეში იჯდა, ტეიშეირას სიმამრი ჟო მილიონებს აკეთებდა და ამასთან რამ შეახმატკბილა?
რაღა პირველობაა?
12.01.1996