გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა.
„ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში 80 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ლინეკერმა ყველაზე დიდი ტიტულები — ესპანეთის „სამეფო თასი“ და ევროპის თასების მფლობელთა თასი — ფაბრეგასის მშობლიური „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიპოვა, ოღონდ ადრე, როდესაც სესკი ქვეყანას მოევლინა. ყველაზე დიდი ინდივიდუალური შედეგი 1986 წელს ჰქონდა — „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა. იმ წელიწადს მას კიევის დინამოელმა იგორ ბელანოვმა აჯობა.
რესპონდენტი კი კორესპონდენტზე გაცილებით ტიტულოვანი გახლდათ. მარტო მსოფლიოსა (2010) და ევროპის ორგზის ჩემპიონობა (2008, 2012) რად ღირს. აღარაფერს ვიტყვით საკლუბო ტიტულებზე: ესპანეთის ჩემპიონობა, ინგლისის ორგზის ჩემპიონობა, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და სხვა. მათ რიცხვში ესპანეთის „სამეფო თასიც“.
ცხადია, ადამიანისგან, რომელსაც ამდენი დიდი ტიტული აქვს მოპოვებული, ჩივილი, რომ მისი დათარსვა იოლია, დამაჯერებლად არ ჟღერს. ერთადერთი შეჯიბრება, სადაც ფაბრეგასი მართლა დათარსული ჩანს, ჩემპიონთა ლიგაა. დიდ ჯილდოსთან ყველაზე ახლოს 2006 წლის გაზაფხულზე იყო, როდესაც „არსენალში“ თამაშობდა და ფინალში… „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
ფაბრეგასი ინგლისში 14 წლის წინ გადაბარგდა. 2003 წლის სექტემბერში ის „ბლაუგრანასგან“ „არსენალმა“ იყიდა. მას შემდეგ სესკმა ისეთი ცნობილი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ითამაშა, როგორებიც არიან პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიუ, არსენ ვენგერი და ანტონიო კონტე.
ფაბრეგასმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული პირველად მოურინიუს ხელმძღვანელობით, 2015 წელს მოიგო. იმავე წლის დეკემბერში პორტუგალიელი „ჩელსიდან“ გააგდეს. დაირხა ხმა, რომ გაგდების მიზეზი მწვრთნელის წამყვან ფეხბურთელებთან, მათ შორის ფაბრეგასთან კონფლიქტი იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ სესკი კატალონიელია, მოურინიუსთან დაპირისპირებული გვარდიოლა კი მისი თანამემამულე და კერპი გახლავთ, ამის დაჯერება ძნელი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს ვერსია შესანიშნავად ჯდება იმ სცენარში, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისის ფეხბურთს წარმართავს, მაგრამ ლინეკერთან ინტერვიუში ფაბრეგასმა თქვა, რომ ამაში სიმართლის მარცვალიც კი არ ურევია.
ლინეკერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ როდესაც ის „ჩელსის“ ვარსკვლავს ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდა, მისგან სიურპრიზად საჩუქარი მიიღო: ლეო მესის ხელმოწერილი „ბარსელონას“ მაისური. მოგეხსენებათ, მესი და ფაბრეგასი „ლა მასიას“ სკოლის ანუ ბავშვობის მეგობრები არიან.
„მე სესკს არ ვიცნობდი. პირველად შევხვდი. მან ჩემზე ფეხბურთზე შეყვარებული დიდი პროფესიონალის შთაბეჭდილება დატოვა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნიჭიერი ხარ. თუ შენი საქმე არ გიყვარს, ვერაფერს მიაღწევ“, — თქვა ლინეკერმა.
სესკ ფაბრეგასი 30 წლისაა და ცხადია, კარიერის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რამდენიმე წელიწადს კიდევ აპირებს ინგლისში დარჩენას. ამ ქვეყანაში ის უყვართ.
„სესკს დახვეწილი პასები აქვს. ბურთის გადაწოდებაში მისი ბადალი, პრემიერლიგაში, ბოლო 25 წელიწადია სულ ერთი-ორი თუ მინახავს, — დასძინა ლინეკერმა და რესპონდენტი შეაქო — ის შესანიშნავი პიროვნება და ფეხბურთელია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“.