გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და “სარბიელსაც” თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის შემდეგაც 2008 წლის მსოფლიო თასის პირველ წრეში გაამწარეს კვლავ სერბეთი (45:10) და ჰოლანდია (57:16). შემდეგ კი ყველაფერი ჩამოიშალა, როცა გაირკვა, რომ ჩვენები ლიგის რაგბსაც კავშირის რაგბის, ანუ თხუთმეტკაცას მორაგბეებით თამაშობდნენ. შედეგად: ავტომატური წაგება რუსეთთან (0:24) და ორწლიანი დისკვალიფიკაცია ლიგის რაგბის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებზე. ცამეტკაცა რაგბის კლინიკური სიკვდილი ჩვენს ქვეყანაში დღემდე გრძელდება. არ გვსმენია, რომ მის რეანიმაციაზე ვინმე ზრუნავდეს. საწყენია კი: იგივე რუსეთს ლიგის რაგბის საკმაოდ ღირსეული ნაკრები ჰყავს საკუთარი სარბიელით ნარო-ფომინსკში. “დათვები” სულ გამოდიან ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირებზე, 2000 წელს კი ფინალურ ეტაპზეც გავიდნენ.

რა ნუგეშია, მაგრამ ცამეტკაცა არც ზოგიერთ კლასიკურ სარაგბო ქვეყანაშია დიდად პოპულარული. სამხრეთ აფრიკას ნაკრები კი ჰყავს, მაგრამ უსუსური, ხოლო არგენტინაში ბურთაობის ეს სახეობა საერთოდ ემბრიონალურ სტადიაში იმყოფება. ლიგის რაგბის დიდი სამეული ათწლეულების წინ ჩამოიქნა: ავსტრალია უდავო ლიდერად, ახალი ზელანდია კუდში მდევრად (2008 წლის მსოფლიო თასზე ოზებს პირველობა წაართვა კიდეც), ინგლისი – მარადმწვანე მესამედ. მთავარი ინტრიგა, რომელიც ბოლო მსოფლიო თასებს ახლავს, მარტივი გახლავთ: კვლავ განმეორდება ფინალი ავსტრალია – ახალი ზელანდია (1995, 2000, 2008, 2013), თუ ინგლისი მოახერხებს დასკვნით ბრძოლაში გარევას? თხუთმეტკაცას ხმაურიან სარაგბო ქვეყნებს: საფრანგეთს, შოტლანდიას, უელსს, ირლანდიას, თუ სასწაული არ მოხდა, ფინალურ მატჩში ჯერჯერობით არაფერი ესაქმებათ.

2017 წლის მსოფლიო თასს ავსტრალია (8 სარბიელით), ახალი ზელანდია (4) და პაპუა – ახალი გვინეა (1) მასპინძლობენ. ორი ტურის გასრულების შემდეგ, ხუთიდან ათ ნოემბრამდე გუნდები სულს ითქვამენ და პირველი შედეგების შეჯამება შეიძლება. თასის ფინალში 14 ნაკრები თამაშობს. ჯგუფური მატჩების სქემა ჩახლართულია: ორი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში სამი (!) მოწინავე გადის, ხოლო ორი სამგუნდიანი ჯგუფიდან – მხოლოდ პირველადგილოსნები. ვერ გეტყვით, სამართალი აქ სად არის, მაგრამ იმას კი დავამატებთ, რომ სამგუნდა ჯგუფებში, თითო გუნდმა სამი თამაში რომ გამართოს, ჯგუფთაშორისი შეხვედრებიც იმართება.

შევხედოთ ორი ტურის შედეგებს და სატურნირო ცხრილებს:

თვალი არ გატყუებთ: C-ჯგუფში პაპუა-ახალი გვინეა ლიდერობს, ხოლო D-ჯგუფში – უაღრესად სიმპათიური ფიჯი, რომელმაც ჯგუფთაშორის შეხვედრაში შავი დღე აყარა უელსს (72:6). უელსი არანაკლებ საცოდავი იყო პაპუასებთან (6:50), ირლანდიამ კი მეტი წინააღმდეგობა გასწია ოკეანეთისპირებელთან, მაგრამ 6:14 მაინც წააგო.

სხვა ოკეანეთელებიც მსოფლიო თასის შოუში ღირსეულად ჩანან: პოლინეზიურ დერბიში ტონგამ და დასავლეთ სამოამ “ვაიკატო სთედიუმზე” (ჰემილტონი, ახალი ზელანდია) პირთამდე სავსე ტრიბუნებს მოსვენება არ მისცეს, ჯერ თავიანთი ორმხრივი ველური ცეკვებით, შემდეგ კი გაცხარებული ბრძოლით, რომლის დასაწყისში ლელოთა გაცვლის შემდეგ ტონგა მკვეთრად წინ გაიჭრა. მეორე ტაიმში თავგანწირული მიძალებით სამოამ, ცოტას გაწყდა და თამაში შემოაბრუნა, მაგრამ ბოლო მაინც ტონგელების იყო და გამარჯვებაც მათ დარჩათ (32:18).

ტონგამ (წითლები) და სამოამ (ლურჯები) ცეკვაშიც იპაექრეს და ცხარე რაგბიც გამართეს

არცთუ ლირიული ინტერმეცო: ლიგის რაგბის ანგარიშებში ლუწ რიცხვთა სიჭარბე მკითხველს ნუ შეაჩქვიფებს, რადგან მასში ქულათა დარიცხვის სისტემა თხუთმეტკაცასგან ერთობ განსხვავდება. დამცრობილია არეკნი: იგი ერთადერთია, რომელიც კენტი, ცალი ქულით ფასდება. ლელო 4 ქულაა, ჯარიმა და გარდასახვა – 2-2. ამიტომაც ცამეტკაცას მორაგბენი თამაშიდან კარში დარტყმას იშვიათად მიმართავენ და ანგარიშებიც ძირითადად ორის ჯერადი გამოდის. კავშირის და ლიგის რაგბის დიდი განხეთქილების ისტორიის (1895 წ.), აგრეთვე მათ წესებს შორის განსხვავებათა კვალიფიციურ მიმოხილვას “სარბიელის” მკითხველი “რა, როგორ”-რუბრიკაში მალე იხილავს.

ახლა ლიბანი, ანუ არაბები და რაგბი? რატომაც არა, იხილეთ ლიბან – საფრანგეთის მატჩის ანგარიში (29:18) და თუ გნებავთ, ვიდეოც, სადაც ლევანტელები საკმაოდ მაღალი კლასის რაგბს წარმოადგენენ.

თავიანთ ჯგუფებში სეირნობენ ავსტრალია და ახალი ზელანდია. ჯგუფური ტურნირის უპრინციპულეს თამაშში ოზებმა ინგლისს კომფორტულად, 18:4 მოუგეს, თუმც ამ თამაშის პრაქტიკული ღირებულება უმნიშვნელო გახლდათ. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეიოფში გასასვლელად საჭირო მესამე ადგილზე გასვლას ინგლისი “როგორმე” მოახერხებს.