დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, რომლისგანაც პარიზელებმა არნახულ თანხად, 222 მილიონ ევროდ იყიდეს.
პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
ნეიმარი-უფროსისა და ფლორენტინო პერესის შეხვედრის ამბავი კი ქვეყანას კატალონიურმა სპორტულმა გაზეთმა „ელ მუნდო დეპორტივომ“ მოსდო. ცნობილია, რომ მადრიდელებს 2013 წელსაც ძალიან სურდათ ბრაზილიელი ფორვარდის „სანტოსისგან“ გადაბირება, მაგრამ მაშინ ვაჭრობაში „ბარსამ“ იყოჩაღა. ნეიმარმა „ბლაუგრანაში“ ოთხი წელიწადი დაჰყო.
ამრიგად, „რეალის“ კარი ნეიმარისთვის ყოველთვის ღიაა. ერთადერთი, რასაც ის უნდა დაელოდოს 2021 წელია, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს „ლოს ბლანკოსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურება და გუნდის თავდასხმაში ვარსკვლავის ადგილი გათავისუფლდება.