ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა… თუმცა, ეგ არაფერი, ქართველი გოლიათი ამბობს, რომ კიდევ დიდი რესურსი აქვს და საერთაშორისოდ აღირებულ რეკორდებს მომავალში არ მოგვაკლებს. სავარაუდო ახალ რეკორდამდე კი ბევრიც არაფერი დარჩა – 28 ნოემბერს, ანაჰაიმში, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება…

ლაშა ტალახაძე

– ყველაფერი საერთაშორისო სტანადრტების შესაბამისად იყო. დუშეთში გამოსვლის შემდეგ დოპინგ-ტესტიც კი ჩავაბარე, მაგრამ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას თავის წეს-კანონი აქვს და არცერთი ჩემი რეკორდი რეკორდად არ დაფიქსირდა, – გვითხრა ლაშა ტალახაძემ, ვინც ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზეა და ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

– არადა, რეკორდებს უკვე ისე გაუშინაურდი, ლამის ვარჯიშებზე დაამყარო…

– არც მთლად ეგრეა. ვარჯიშებზე არ ვრისკავთ და არც არის აუცილებლობა, სარეკორდო სიმძიმეს შეეჭიდო…

– საქართველოს ჩემპიონატზე იყო 220-კილოგრამიანი შტანგის აწევის აუცილებლობა?

– ეგ უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ხუთი წელიწადია, გიორგი ასანიძესთან ერთად ვარ და მან უკეთ იცის, როდის, რამდენი კილოსთვის ვარ მზად. მისი გადასაწყვეტია, ამა თუ იმ შეჯიბრებაზე რა უნდა გავაკეთო. ახლაც, დუშეთში, გიორგი ასანიძემ იცოდა, რომ 220 კილოგრამის დამძლევი ვიყავი, მით უმეტეს, როცა წინა ორი ცდისას, 205- და 212-კილოგრამიანი შტანგების აწევისას, თითქოს მოდუნებული ვიყავი.

– მოდუნებულიო, მაგრამ გინდ ჩათვლილი ვთქვათ , გინდ ჩაუთვლელი, მაინც მსოფლიო რეკორდი დაამყარე…

– თანაც ვგრძნობ, რომ კიდევ დიდი რესურსი მაქვს. როცა 220-კილოგრამიანი შტანგა ავიტაცე, ვგრძნობდი, ორგანიზმი კიდევ მეტისკენ მიშვებდა.

– ანუ ატაცში 220 კილო შენი მაქსიმუმი არ არის?

– რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შემიძლია, რის დამტკიცებასაც უახლოეს მომავალში ვეცდები. ახლა, ატაცში მსოფლიო რეკორდად ისევ ჩემი დაძლეული 217 კილოგრამი ითვლება, ხოლო აკვრაში საუკეთესო ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს შედეგია – 263.5 კგ. ანაჰაიმში კი ორივე რეკორდს შევუტევ.

– ჰუსეინ რეზაზადეს შედეგი შედეგად, მისი შგირდი კი დღესდღეობით შენს უმთავრეს კონკურენტად ითვლება…

– დიახ, სადღეისოდ ბეჰდად სალიმი არის ჩემს შედეგებთან ყველაზე ახლოს. სამწუხაროა, რომ დოპინგის მოხმარების გამო რუსი და სომეხი ათლეტები საერთაშორისო სარბიელს ჩამოაშორეს, თორემ ჩემს წონაში მეტი კონკურენცია იქნებოდა. ხომ ცხადია, რაც მეტი კონკურენტი გყავს, თავადაც მით უფრო მობილიზებული ხარ.

– თუმც კი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოტივაცია-მობილიზაციას ისეც არ უნდა უჩიოდე.

– ცხადია, ასეა. პასუხისმგებლობის გრძნობა განსაკუთრებით რიოს ოლიპიადის მოგების შემდეგ გამიძლიერდა, ახლა უკვე წაგების უფლება არ მაქვს. გაცილებით მეტს და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რათა ძველი შედეგი გავაუმჯობესო.

– ანაჰაიმში ვნახავთ გაუმჯობესებულ შედეგს?

– ახლა ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება გახლავთ. ხოლო თუ გამარჯვება პირველი ან მეორე ცდის შემდეგ გავინაღდე, რა თქმა უნდა, რეკორდებსაც შევუტევ.

– მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის?

– დიახ. ახლა შეკრებაზე ვართ და გეგმაზომიერად ვემზადებით. განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმც ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ  კვების, დასვენებისა და ვარჯიშის სხვა რეჟიმი გვაქვს.