ათ ნოემბერს ესპანეთის კინოთეატრებში შედგება დოკუმენტური ფილმის „ბერნაბეუს“ პრემიერა. სახელწოდება მეტყველია: ფილმი იმ ადამიანის შესახებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მიუძღვნა. ის  გახლდათ „თეთრების“ ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოლო სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სიკვდილამდე კლუბის პრეზიდენტი იყო.

„ბერნაბეუ“ ცნობილი პროდიუსერის, იგნასიო სალასარ-სიმპსონის სარეჟისორო დებიუტია. მანამდე სალასარ სიმპსონს, როგორც პროდიუსერს, გადაღებული აქვს ესპანეთში ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „რვა კატალონიური გვარი“, „ბოროტებისთვის ადგილი არ დარჩება“ და „საწოლის მეორე მხარე“.

ფილმში გაანალიზებულია სანტიაგო ბერნაბეუს წვლილი „რეალის“ ისტორიაში, უფრო მეტად კი ის 35 წლიანი პერიოდი როდესაც მას პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ავტორები ყურადღებას განსაკუთრებით ახალი სარბიელის, „ნუევო ესტადიო ჩამარტინის“ (დღევანდელი „სანტიაგო ბერნაბეუ“) მშენებლობასა და ევროთასების დაარსების პერიოდზე  ამახვილებენ. იმ ეპოქაზე, როდესაც ლეგენდარულმა გუნდმა ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი.

ბერნაბეუს პრეზიდენტობის პერიოდში (1943-1978) „რეალმა“  16-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 6-ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი, 6-ჯერ სუპერთასი და სხვა მრავალი, შედარებით დაბალი ხარისხის ჯილდო.

სანტიაგო ბერნაბეუს დროს „რეალის“ კალათბურთის გუნდმა 19-ჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და 6-ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თუმცა 1961-62 წლების გათამაშების ფინალში თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ზოგადად, გვარს — ბერნაბეუ — ვალენსიური ფესვები ჰქონია. მოდის წმინდა ბარნაბას სახელიდან. დღევანდელ ფეხბურთელთაგან ბერნაბეუ „ბარსელონას“ მცველის, ჟერარდ პიკეს მეორე (დედის, მონსერატ ბერნაბეუს) გვარია.