ანდრეა პირლო ფეხბურთიდან წავიდა. იტალიელმა ვარსკვლავმა ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ის, რაც ცნობილი იყო, მაგრამ თავის დროს ელოდა — სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერისთვის წერტილი უნდა დაესვა. და აი, მისი „ნიუ იორკი“ MLS-ის ნახევარფინალში „კოლამბას ქრუსთან“ დამარცხდა, შეჯიბრებას გამოეთიშა და ყველაფერი დასრულდა.
„ეს იყო ჩემი ბოლო თამაში MLS-ში. კლუბ „ნიუ იორკში“ კარიერას ვასრულებ და ამასთან დაკავშირებით ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა. მსურს მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ამ დიდებულ ქალაქში სიყვარული და მხარდაჭერა მაგრძნობინა. მადლობა ქომაგებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველას, ვინც სცენის მიღმა იდგა, მადლობა თანაგუნდელებს. ამით სრულდება არა მხოლოდ ჩემი თავგადასავალი ამ ქალაქში, არამედ იმ სფეროში, რომელსაც ფეხბურთი ეწოდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუძღვნა ჩემს ოჯახს, შვილებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სიყვარულით მედგნენ მხარში. მადლობა ყველა მეტოქეს, ვისთან თამაშის პატივიც მერგო. მადლობა ყველას ვინც ჩემს კარიერაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა ფეხბურთის მოყვარულებს მთელს მსოფლიოში“ — გაავრცელა პირლომ მიმართვა.
ანდრეა პირლო დაიბადა 1979 წლის 19 მაისს ბრეშაში. მან კარიერა 15 წლისამ მშობლიური ქალაქის გუნდში დაიწყო. შემდეგ თამაშობდა „ინტერში“, „რეჯინაში“, „მილანში“, „იუვენტუსსა“ და „ნიუ იორკში“. იტალიის ნაკრებში ითამაშა 113-ჯერ, გაიტანა 13 გოლი. არის სერია A-ს ექვსგზის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, უეფას სუპერთასის მფლობელი, ფიფას კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონი, ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი და სხვა მრავალი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი.