შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „სოგდიანა“ 1:0 დაამარცხა და ტურნირის  დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მესამე ადგილი.

„ფახთაქორის“ მესამე ადგილი იმას ნიშნავს, რომ ტაშკენტელებს გაისად აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდათ.  უზბეკეთიდან ამ ტურნირში სამი გუნდი მონაწილეობს: ჩემპიონი, მეორეადგილოსანი და თასის მფლობელი.

უზბეკეთის ჩემპიონატს ტაშკენტის „ლოკომოტივი“ ლიდერობს და დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება. „ლოკომოტივი“ თასის ფინალში „ბუნიოდკორს“ ხვდება და თუ მოიგებს, „ფახთაქორი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს. იმ შემთხვევაში, თუ თასს „ბუნიოდკორი“ ასწევს, შოთას გუნდმა ამ დროისთვის ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფ  „ნასაფს“ უნდა აჯობოს, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება. „ ფახთაქორი“ „ნასაფს“ ჩემპიონატის ბოლო ტურში ესტუმრება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მაშინ გათამაშდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან აზიური ჩემპიონთა ლიგა პირველად ისპაჰანის „სეპაჰანის“ მცველმა ჯაბა მუჯირმა და კახა მახარაძემ („ფახთაქორი“და“ლოკომოტივი“) დააგემოვნეს.