არიან ჩინებული სპორტსმენები, არიან შესანიშნავი სპორტსმენები და არიან დიადები. ამ უკანასკნელთა ცხოვრება სცილდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას და ლეგენდად გადაეცემა თაობიდან თაობას. ლეგენდარულად კი ისინი მარტო სპორტული წარმატებებისთვის არ იწოდებიან – როგორც პიროვნებები, მაღლდებიან სხვებზე და მათ გაუცნობიერებელ, უხილავ სიძლიერეს ყოველთვის გრძნობენ ირგვლივ მყოფნი. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უდიდესი ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე.
ჩვენ ომარ ფხაკაძის სამფლობელოში ვართ, ველოტრეკზე, მისი მეუღლის დონარა ჯანუყაშვილის კაბინეტში, რომელიც ველოდრომის დირექტორის მოადგილეა, დირექტორი კი ომარ ფხაკაძის ვაჟია.
ომარი ქუთაისში დაიბადა. ბავშვობაში სპორტის ბევრი სახეობით იყო გატაცებული, სანამ ბოლოს ჯონდო მეფისაშვილთან არ აღმოჩნდა, რომელიც ველოსიპედისტებს ავარჯიშებდა. ამ დროიდან სამუდამოდ შეუყვარდა ველოსპორტი.
– თუმცა, ყოფილა ასეთი შემთხვევაც – გვეუბნება დონარა ჯანუყაშვილი – ველოსიპედი დაკარგულა და ომარისთვის დაუბრალებიათ. ამის გამო წასულა სპორტული წრიდან. შემდეგ სიმართლე გარკვეულა და მწვრთნელს კვლავ დაუბრუნებია ომარი. ეს ადრე, ბავშვობაში მოხდა, მაგრამ ომარს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა – ვერ იტანდა უსამართლობას.
ომარის ნიჭიერება ადრეული ასაკიდანვე თვალსაჩინო იყო. 16 წლისა საქართველოს ჩემპიონი გახდა საგზატკეცილო ველორბოლაში, მაგრამ მისი ბუნებრივი მონაცემები სპრინტს უფრო უხდებოდა და 1961 წელს თბილისში გადმოიყვანეს, სადაც მისი მწვრთნელი გურამ ჯოხაძე გახდა.
წარმატებები ერთიმეორის მიყოლებით მოდიოდა – ჭაბუკთა შორის „დინამოს“ ჩემპიონი, მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი, დაბოლოს, 1963 წელს, ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი! ჯერაც ჭაბუკმა ომარმა ზედიზედ დაამარცხა იმ დროის მთელი საბჭოთა ველოელიტა ბოდნიექსის, რომანოვის, ტრიფონოვის შემადგენლობით და საბჭოთა ველოსპორტის ლიდერი გახდა. როგორც მაშინვე ჩანდა, დიდი ხნით.
შემდეგ იყო ფხაკაძის პირველი, ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც გამოუცდელობამ თავისი გაიტანა და ომარი პრიზიორებში ვერ მოხვდა. და დადგა ფხაკაძისთვის გადამწყვეტი, 1965 წელიც.
ოლიმპიადის შემდგომ მსოფლიო ველოსპორტში ფავორიტები იცვლებოდნენ, რადგან ბევრი ამის მერე პროფესიონალებში გადადიოდა. მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეტენელამ სპრინტი დატოვა, ფავორიტებად ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ტრანტენი და იტალიელი ვერზინი ითვლებოდნენ. ამასთან, მსოფლიო ველოსპორტის ელიტაში გამოჩნდა ორი უაღრესად პერსპექტიული ახალგაზრდა: ომარ ფხაკაძე და ფრანგი დანიელ მორელონი.
1965 წელს სან სებასტიანის მსოფლიო პირველობაზე სწორედ ფრანგებს და იტალიელებს მიიჩნევდნენ უპირველეს ფავორიტებად, მაგრამ ომარმა ბრწყინვალედ ჩაატარა ეს ჩემპიონატი: დაამარცხა ვერზინი, ნახევარფინალში მორელონი, ფინალში კი იტალიელი ტურინი. ეს იყო შესანიშნავი წარმატება, რომლის მსგავსიც მანამდე საბჭოთა ველოსპორტს არ ღირსებია! ფხაკაძემდე მხოლოდ ორჯერ გავიდნენ საბჭოთა სპორტსმენები ნახევარფინალში – რომანოვი (1957 წელს) და ბოდნიექსი (1961 წელს), მაგრამ ორჯერვე უმედლოდ დარჩნენ. აქ კი… მსოფლიოს ჩემპიონობა!
ომარ ფხაკაძე უმალ გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში. იგი იმ წელს საბჭოთა კავშირის (და, რა თქმა უნდა, საქართველოს) საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
დონარა ჯანუყაშვილი: „ომარს ძალიან დიდი შინაგანი ძალა ჰქონდა, რომელიც ყველას პატივისცემისა და მოწიწების გრძნობას აღუძრავდა. მისი მეტოქეებიც კი, რომლებიც სულ მის დამარცხებაზე ოცნებოდნენ, ძალუმად გრძნობდნენ ამას“.
ეს მართლაც ასე იყო. გსმენიათ სხვაგან ასეთი ფაქტი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხებულმა ტურინიმ, თავის ვაჟს ფხაკაძის პატივსაცემად ომარი დაარქვა!
ომარ ფხაკაძის წარმატებები კი ერთმანეთს ცვლიდა საერთაშორისო ასპარეზზე, საბჭოთა ველოსპორტში ხომ იგი ნამდვილი მეფე იყო. როგორ არ ეწინააღმდეგებოდნენ, რას არ უკეთებდნენ, მაგრამ ამაოდ. ამ ყველაფრის მოწმე თავად ქალბატონი დონარაცაა.
მკითხველებს გვინდა შევახსენოთ: ომარის მეუღლე, ალექსანდრა (დონარა) ჯანუყაშვილი საქართველოს ყველა დროის ტანმოვარჯიშეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, სსრკ ჩემპიონი ბჯენით ხტომებში… დონარა ჯანუყაშვილი მაშინ იყო ტანვარჯიშში, როცა სპორტის ეს სახეობა მომხიბლავი და ლამაზი ქალების ასპარეზი იყო და არა ზრდადაუსრულებელი, ჯერაც ჩამოუყალიბებელი გოგონებისა. ჯანუყაშვილის ვარჯიში სწორედ განუმეორებელი მომხიბლაობით გამოირჩეოდა და უმშვენიერესი წყვილიც, ალბათ, ამიტომ შეიქმნა: მთა-ვაჟკაცი ომარ ფხაკაძე და ქალურობის განსახიერება დონარა ჯანუყაშვილი:
„1968 წელს დავქორწინდით. ოლიმპიადისთვის ვემზადებოდი. ომარმა პირდაპირ ვარჯიშიდან წამიყვანა და ჩემი სპორტული კარიერაც იქვე დასრულდა. შემდეგ უკვე ყველგან და ყოველთვის მხარში ვედექი. ომარს ყველა შეკრებაზე და ტურნირზე ვახლდი, მხოლოდ მსოფლიო პირველობებზე ვერ მივყვებოდი, რადგან იმ დროს ეს ძალიან ძნელი იყო.
ომარს ყველა შეჯიბრის წინ განსაკუთრებულ გამოცდას უწყობდნენ და მსოფლიო პირველობისთვის მაქსიმალურად გამოწურავდნენ ხოლმე. ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ იგი ვეღარ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი“.
მართლაც სასაცილო იყო – რა გამოცდა უნდოდა კაცს, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველა შეჯიბრს აშკარა უპირატესობით იგებდა. ერთი პირველობის წინ ასეთი რამ მოიგონეს: ნაკრებში ორ ადგილზე სამი კაცი აცხადებდა პრეტენზიას – კრავცოვი, ცელოვალნიკოვი და ფხაკაძე. კრავცოვს და ცელოვალნიკოვს მეორე ადგილიც აძლევდა მსოფლიო პირველობის საგზურს, ფხაკაძეს კი მხოლოდ პირველი უნდა დაეკავებინა. დაიკავა კიდეც!
დონარა ჯანუყაშვილი: „ვერ იტანდა ორპირობას. მის მეტოქეებს ბევრჯერ გაუკეთებიათ ასეთი რამ – ომარისთვის უთქვამთ, აშკარა უპირატესობით ნუ მოგვიგებო, ომარიც შეანელებდა ტემპს და ისინი მოგებას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ომარი იმარჯვებდა“.
ერთხელ ბიჭვინთაში, წარსულში ცნობილ ველოსიპედისტ ივან იპოლიტოვთან ერთად მომიწია დასვენებამ. იგი მანამდე ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (სხვათა შორის, მისი ბატონობა პირველმა ქართველმა ჩემპიონმა სპრინტში ოთარ დადუნაშვილმა შეწყვიტა). იპოლიტი ამბობდა, როგორც კი ომარი მერვედ შეეცდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულის მოგებას, ყველა ღონეს იხმარენ, რათა რეკორდსმენად მე დავრჩეო. მართლაც ასე მოხდა: როცა ომარი მერვე ტიტულის მოსაპოვებლად ემზადებოდა, ვარჯიშზე არეულობა მოაწყვეს – ფხაკაძეზე წინ მავალ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონ გალინა ერმოლაევას ორი ველოსიპედისტი დაეჯახა, შემდეგ მათ ომარიც შეასკდა და დაშავდა.
შედეგი: ომარმა ნატკენი ფეხითაც მოიგო პირველობა და საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონიც კი გახდა!
საერთაშორისო ასპარეზზე კი… ესეც იღბალი იყო, რომ მაინცდამაინც იმ დროს გამოდიოდა ყველა დროის საუკეთესო სპრინტერი, ფრანგი დანიელ მორელონი, ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, თორემ ომარი კიდევ რამდენჯერმე ავიდოდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
ეს უდიდესი სპორტსმენიც დიდად აფასებდა ომარს. ფხაკაძე ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას ბადალი არ ჰყავდა ადგილიდან მოსხლეტაში, ომარი ხომ მსოფლიო რეკორდსმენი იყო სპრინტის ბოლო 200 და 500 მეტრზე რბოლაში, მაგრამ მორელონი ტაქტიკურად იგებდა. ესეცაა, ფრანგს გაცილებით უკეთესი სავარჯიშო პირობები ჰქონდა და კიდევ, სად ქართველის ცხოვრების წესი და სად ფრანგის! როგორ უგებთ ფხაკაძესო, ჰკითხეს მორელონს და მანაც ჩაიცინა, მე ხომ მარტო რძეს ვსვამო.
დონარა ჯანუყაშვილი: „ომარისთვის ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარული იყო. ასევე ზრდიდა შვილებს. იყო ერთგული მეგობარი. ვერ ეგუებოდა უსამართლობას და როცა ვინმეს ამის გამო მისგან მოხვედრია, უგრძვნია, რომ ეს დაიმსახურა. როდესაც გიორგი შენგელაიამ თავის ფილმში „ხარება და გოგია“ მიიწვია, ომარს ჯერ გაუკვირდა, მერე, სცენარი რომ ნახა, დათანხმდა. იგი ხომ საკუთარ თავს თამაშობდა – სამართლიანობისთვის მებრძოლ, ერთგულ მეგობარს. ამიტომაც შეარჩია გიორგიმ ფილმისთვის…
ჩვენს ურთიერთობაზე კი ლეგენდები დადიოდა. ხშირად მას, ვინც არ მიცნობდა და თბილისს სწვევია, უთქვამს – გამაცანით ეს დონარა, ვინაა ასეთი, რომ ომარი სულ მასზე ლაპარაკობსო“.
მიუხედავად ამდენი ტიტულისა და ასეთი პოპულარობისა, ომარ ფხაკაძე საოცრად მორიდებული კაცი იყო, თუმცა მისი ავტორიტეტი ხელშეუხებელი რჩებოდა – იგი ყოველთვის იკრებდა ხალხს ირგვლივ და ყველგან ლიდერად გვევლინებოდა. ასეთად იყო დაბადებული.
ომარმა მაინც მიაღწია თავისას – ორი წარუმატებელი ოლიმპიადის შემდეგ მიუნხენში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მალე სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა.
დონარა ჯანუყაშვილი: „პირველად ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, ცოტა ხანს დავისვენებო, მაგრამ მერე ვეღარ დაბრუნდა. საშინლად განიცდიდა სპორტისგან ჩამოცილებას, დეპრესიაშიც იყო, ბოლოს კი შეეგუა“.
შემდეგ ომარმა თბილისის ველოტრეკი ჩაიბარა და ჩინებული სპორტსმენებიც აღზარდა, თუმცა ომარ ფხაკაძის დონეს, რასაკვირველია, ვერავინ მიაღწია.
დონარა ჯანუყაშვილი: „გული მწყდება, რომ ახლა ყველაფერი გაპარტახდა. ტრეკზეც, სადაც ომარის სიცოცხლეში ამდენი ხალხი ირეოდა, სიცარიელეა და სპორტის ეს ულამაზესი სახეობა უყურადღებოდაა მიტოვებული. არადა, არ შეიძლება დაიკარგოს ის, რაც ომარ ფხაკაძის და სხვა ქართველი ველოსიპედისტების შემწეობით აშენდა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება“.
ომარი შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა. ძლიერი იყო და სიმაღლის კვალობაზე (182სმ) გაცილებით დიდი და ტანსრული ჩანდა. მაშინ მკლავჭიდელთა შეჯიბრებები რომ გამართულიყო, ალბათ, იქაც საუკეთესო იქნებოდა.
თუმცა ომარ ფხაკაძეს გამარჯვებები არ დაჰკლებია. იგი პირველობისთვის იყო დაბადებული და ყოველთვის ასეთად მოგვაგონდება.
– თამადობა თუ უყვარდა? – ვეკითხები ქალბატონ დონარას.
– ძალიან! თუ თავიდან არ იყო თამადა, ბოლოს მაინც ჩაიგდებდა ხოლმე ხელში.
ასე იყო სპორტშიც. წვალობდნენ, წვალობდნენ მისი მეტოქეები, პირველი კი ომარი იყო.
რა ქმნის ადამიანისგან ლეგენდას? მიღწევებთან ერთად ალბათ, ისიც, თუ რამდენი ადამიანის გულში ტოვებს სიყვარულს.
ომარ ფხაკაძე ლეგენდაა!
23.04.1999