კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის”  “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს!

ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე. სურათს იტალიელი მომღერლის, პოეტისა და კომპოზიტორის, ჯოვანოტის ტექსტიც ამშვენებს, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება:

“შენ მსოფლიოში ერთადერთი ხარ. შენ ხარ მიზეზი რომლის გამოც ცხოვრების შეცნობა ღირს. შენ ხარ ჩემი თითოეული ამოსუნთქვა. როდესაც სიტყვებით გადატვირთული დღის ბოლოს გიცქერ, ხმის ამოუღებლადაც ნათელი ხდება ჩემთვის ყველაფერი.

შენ მე მიპოვე სადღაც, კუთხეში, მუშტმოღერებული, მხრებით კედელზე მიყრდნობილი. თვალებდახრილი, იმედგაცრუებული ვიდექი რიგში. შენ ამიყვანე როგორც კატა და თან წამიყვანე. მე შენ მიყვარხარ!”

მეუღლის ფოტომ და ჯოვანოტის ტექსტმა “დეილი მეილის” ჟურნალისტებს ეჭვი გაუჩინა, რომ მორატა “ჩელსიში” იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე ორშაბათს “გაძეტა დელო სპორტიისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: “ლონდონი მრავალეროვნულობით მხიბლავს. ამ ქალაქში ერთად იყრის თავს უამრავი კულტურა და რელიგია, მაგრამ მეეჭვება აქ დიდხანს დავრჩე”.

მაგრამ, მალე ამ სიტყვებს 25 წლის ესპანელმა მათი გამომრიცხავი აზრიც მოაყოლა. ეტყობა, სკანდალს მოერიდა:

“კლუბითაც კმაყოფილი ვარ, ქალაქითაც და საერთოდ ყველაფრით რაც გარშემო მაკრავს. თუ მოედანზე საქმე კარგად წამივიდა, იქნებ ხუთ წელიწადზე მეტხანსაც დავრჩე. თუ ოდესმე “ჩელსი” ათი წლით გაჩერებას შემომთავაზებს, ვინ იცის, დავყაბულდე კიდეც, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბევრი გოლი გავიტანო. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ თავდამსხმელს იყიდიან”..

VIDEO ჯოვანოტის სიმღერა A te რომლის ტექსტიც ალვარო მორატამ მეუღლეს ინსტაგრამის ფოტოზე მიუწერა.