უკეთესს რას ინატრებ: “პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო, 17 გოლი გაიტანა, ერთიც არ გაუშვია და თავი ქუდში ანუ ფლეი ოფში აქვს. უნაი ემერის ბიჭები შეუჩერებლები ჩანან. ამას სტატისტიკაც ადასტურებს:
შეტევაში
ოთხ შეხვედრაში 17 გოლით “პარი სენ ჟერმენმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” 16 გოლიანი რეკორდი მოხსნა. მანჩესტერელთა შედეგი 1998-99 წლების სეზონიდან მყარად იდგა. გამოდის, რომ ემერის გუნდს ყოველ 21 წუთში გოლი გააქვს… მეორეზე “ლივერპულია” — 27 წუთში ერთი გოლი.
კედლად აღმართული არეოლა
“პარი სენ ჟერმენს” ოთხ ტურში გოლი არ გაუშვია. ალფონს არეოლა ლიგის მონაწილე მეკარეთა შორის 18 სეივით მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი დარტყმის მოგერიება კი “ყარაბახის” იბრაჰიმ სეჰიჩს (21) მოუხდა. მეორეზე “ოლიმპიაკოსის” კარის მცველი სილვიო პროტოა (20).
ხუთი გოლი დარჩა
პარიზელებს ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა დარჩათ, “ბაიერნთან” და “სელტიკთან”. თუ ნეიმარი და ძმანი მისნი ამ ორ შეხვედრაში 5 გოლს გაიტანენ, “დორტმუნდის” მიერ შარშან დამყარებულ 21 გოლიან რეკორდსაც დაამხობენ.
იქნებ არ გაუშვან
თუკი ალფონს არეოლა დარჩენილ ორ შეხვედრაში გოლს არ გაუშვებს, “პარი სენ ჟერმენი” კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდება. ჯერჯერობით კი გოლის გაშვების გარეშე ჯგუფური ეტაპი არავის გადაულახავს. სხვადასხვა წლებში, ფლეი ოფში მხოლოდ ერთი გაშვებულით გადავიდნენ თავად პსჟ, “მილანი”, “აიაქსი”, “იუვენტუსი” (ორჯერ), “ჩელსი”, “ლივერპული”, “ვილიარეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მონაკო”.
გოლისფერი ტრიო
პარიზელთა 17 გოლიდან 10 ნეიმარმა, კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. რაც ჩემპიონთა ლიგა არსებობს, თავდამსხმელთა ერთ ტრიოსაც არ გაუტანია ამდენი.
27 დარტყმიდან 17 გოლი
ოთხ შეხვედრაში “პარი სენ ჟერმენმა” კარში 27-ჯერ დაარტყა და 17 გოლი შეაგდო. რომ დათვალეს გამოვიდა: პარიზელთა გუნდს ყოველ მატჩში, საშუალოდ 4,25 გოლი გაუტანია, რაც შთამბეჭდავი შედეგია.
ნეიმარი
ოთხ შეხვედრაში ნეიმარმა 29 დრიბლინგი შეასრულა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა. ბრაზილიელს გოლის გარეშე მოედანი ჯერ არ დაუტოვებია.
მბაპე
კილიან მბაპემ ორი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს სამი საგოლე პასი ჩააწოდა. ამ მაჩვენებით ის საუკეთესო გამთამაშებლებს შორისაა.