საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს გაზაფხულზე დაუბრუნდება!
„ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რამდენად სამართლიანია ის, რომ „ზესტაფონი“ დაბრუნდეს პირდაპირ უმაღლეს ლიგაში, ამას მე ვერ ვიტყვი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი მალე ისევ გამოჩნდება საფეხბურთო რუკაზე, „ზესტაფონი“ მხოლოდ ზესტაფონს კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება“, – ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „სარბიელს“ უთხრა.
ჩვენ კი კულუარულად შევიტყვეთ, რომ ილია კოკაიას მეთაურობით „ზესტაფონი“ ახალი სეზონიდან თამაშს რანგით მეორე, ეროვნული ლიგა 2-ში დაიწყებს. ეს საკითხი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „ზესტაფონს“ ფედერაციის აღმასკომი მწვანე შუქს უახლოეს სხდომაზე აუნთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მფლობელი „ზესტაფონი“ ეროვნული ჩემპიონატიდან 2014 წელს მოიკვეთა, მას შემდეგ კლუბი ჩემპიონატში მონაწილეობას ჭაბუკთა გუნდებით განაგრძობდა, მარტიდან კი საქმეში ზესტაფონის მთავარი გუნდიც ჩაერთვება…