ირლანდიური, იგივე გელური ფეხბურთი (Gaelic Football) უგემრიელესი საბურთაო კოქტეილია, რომელიც კლასიკური ფეხბურთის და რაგბის ელემენტების თანაბარი შეზავებით არის დამზადებული. აზრი, რომ თხუთმეტკაცა რაგბი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული ან მასობრივი სპორტის სახეობაა, საკამათოა. გელური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი (All-Irland final), რომელსაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირადღეს დუბლინში, კროუკ-პარკის სარბიელი მასპინძლობს, ყოველთვის 82300 ქომაგით არის გაძეძგილი და იმ თამაშზე ბილეთის შოვნას დიდი სიყოჩაღე სჭირდება! თითქმის ყველა საგრაფოს, ქალაქს და სოფელს ბავშვთა, თუნდ უფროსთა გუნდები ჰყავს და პროვინციების (კონახტი, მუნსტერი, ულსტერი) თუ საერთოირლანდიური მასშტაბით ნაირნაირ შეჯიბრებებში პრაქტიკულად ყველა საგრაფო (32-დან 31) მონაწილეობს, ხოლო სისხლის ყივილს ემიგრანტ ირლანდიელთა გუნდები ლონდონიდან და ნიუ-იორკიდანაც ჩამოჰყავს.

ირლანდიური ფეხბურთის ისტორია საყურადღებოა და ქართველებს დასაფიქრებელ მასალას მოგვცემს. იგი არა ბრიტანული ბურთაობის სოლიდური გენეალოგიური ხის რომელიმე ტოტი, არამედ შუა საუკუნეებში დამოუკიდებლად აღმოცენებული სპორტის სახეობა გახლავთ. ფეხბურთად წოდებული თამაშის პირველი ხსენება ირლანდიურ წყაროში 1309 წლით თარიღდება, როცა ქომაგმა ჯონ მაკკროკანმა დანა გაუყარა ფეხბურთელ უილიამ ბერნარდს და ამტკიცებდა, შემთხვევით მომივიდაო. 1690 წელს გამოცემული, უხეში Sunday Observance Act-ის მიხედვით ინგლისელებმა დაპყრობილ კუნძულზე ფეხბურთის თამაში კვირაობით აკრძალეს, მაგრამ რა ხეირიც ნახეს, ზემოთ მოყვანილ რიცხვს (82300) ეტყობა.

ირლანდიურ ფეხბურთს თავიდან კადი (Caid) ერქვა და მე-19 საუკუნიდან ორგვარი სარბიელი ჰქონდა: მინდვრის კადს (Field Caid) შემოსაზღვრულ მოედანზე თამაშობდნენ, ველის კადი (Cross-country Caid) სოფელთაშორის სივრცეს მოიცავდა. მიუხედავად ერთგვარი წესრიგის შემოღებისა, კადი მაინც ძალისმიერ, ჯაჯგურა თამაშად დარჩა და მე-19 საუკუნის ბოლოს ცხადი გახდა, რომ მეტროპოლიიდან მოძალებული სოკერი და რაგბი ადრე თუ გვიან ადგილობრივ საბურთაო თამაშებს წირვას გამოუყვანდნენ. მოწინავე ირლანდიელებმა საფრთხე დროულად გაიაზრეს. 1884 წელს მაიკლ კიუზაკის და მორის დევინის თაოსნობით გელური ათლეტიკის ასოციაცია (GAA – Gaelic Athletic Association) დაარსდა და ირლანდიური ფეხბურთის წესების პირველი ნაკრები ჩამოყალიბდა. აი, ისინიც:

თამაში 130-145 მეტრი სიგრძისა და 70-80 მეტრი სიგანის მოედანზე, 68-70 სანტიმეტრი გარშემოწერილობისა და 450-480 გრამი მასის მრგვალი, ტყავის ბურთის გამოყენებით იმართება. გოლის გასატანი კარი ორკომპონენტიანია: 6,5×2,5-მეტრი ზომის, ბადით შემოსილი ნაწილი თავის საფეხბურთო ანალოგს წააგავს, ხოლო მის თავზე აღმართული ორი 7-მეტრიანი, ვერტიკალური ძელი აშკარად რაგბიდან არის ნასესხები.

წყარო: www.networldsports.ie
ირლანდიული ფეხბურთის კარი

კარში მეკარე დგას, რომელსაც, სხვათა შორის, როგორც ქვედა, ასევე ზედაკარში დარტყმული ბურთების დაჭერა შეუძლია, ოღონდ მეორე შემთხვევაში, ოჩოფეხების გარეშე, ბევრს ალბათ ვერას მოახერხებს. კართან ორი მართკუთხა მოედანია: მეკარისა (14×4,5) და საჯარიმო (19×13) – როგორც ფეხბურთში, ოღონდ უფრო ვრცელი. მოედნის მთელ სიგანეზე ავლებენ კარიდან 20 და 45 მეტრით დაშორებულ ხაზებს.

წყარო: ვიკიპედია
ირლანდიური ფეხბურთის მოედნის სქემა

გუნდები 15-კაციანია და როგორც მოუღლელი სირბილის, ასევე ჯინიანად ჭიდაობის უნარჩვევებიან მოთამაშეებს საჭიროებს. მეკარის სიახლოვეს სამი ფულბექი დგას, რომელთა წინ სამი ჰავბეკი და ორიც მიდფილდერი ირჯებიან, ხოლო უშუალოდ გოლების გატანაზე ძირითადად სამი ჰავფორვარდი და სამიც ფულფორვარდი არიან მომართულნი. მოკლედ, ირლანდიული ფეხბურთის სათამაშო სქემების აღსაწერად 4+3+3 და 4+4+2 აშკარად უკმარისი ჩანს, აქ ალბათ მეტი არითმეტიკა იქნება საჭირო.

თამაშის წესები და ქულათა დარიცხვის სისტემა რაგბის წესებზე მარტივი კია, მაგრამ დეტალებში ჩახედვა აქაც საჭიროა: თამაში ორი 35-წუთიანი ტაიმისგან შედგება და მასში მოთამაშის სხეულის ნებისმიერი ნაკვთის ჩართვა შეიძლება: ხელის, ფეხის, თავის და ასე შემდეგ (კითხვა, მაშ თამაშს ფეხბურთი რაღად ჰქვია? – ალბათ რიტორიკული იქნება). იკრძალება: მიწიდან ბურთის ხელით აღება, ხელბურთიანად ოთხ ნაბიჯზე მეტის გადადგმა და ოთხ წამზე დიდხანს ბურთის ხელში გაჩერება. აღნიშნული ნაბიჯების ამოწურვის თუ დროის გასვლის შემდეგ მოთამაშემ ბურთი დაბლა უნდა დაუშვას (ცხადია, პასის გაკეთება ან გოლის შეგდება თუ არ გადაწყვიტა), ერთხელ ფეხით აკენწლოს და მორიგი ოთხი ნაბიჯი ან ოთხი წამი ექნება მოხვეჭილი. ამ “ფინტს” Toe-tapping-ს უწოდებენ და ფართო სივრცეზე ერთობ გამოსადეგ საშუალებად ითვლება.

პასიც სხეულის ყველა ნაწილით შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ პარტნიორისთვის ბურთის ხელით გადაგდება კატეგორიულად იკრძალება. თუ მუშტით, თუ გაშლილი ხელით – გადაწოდებაში დარტყმის ელემენტი აშკარა უნდა იყოს, სხვანაირად ჯარიმა დაინიშნება.

ირლანდიურ ფეხბურთში ჯარიმები საერთოდ მრავალფეროვანია და წესების დარღვევის ადგილზეც დიდად არის დამოკიდებული. პენალტის გარდა, ყველა ჯარიმის შესრულება ფეხთან ერთად ხელითაც არის ნებადართული. შესამჩნევი დარღვევებისა და არასპორტული ქმედებებისთვის მთავარი მსაჯი ბარათებს მოიშველიებს: ყვითელს გასაფრთხილებლად, წითელს – გასაძევებლად და (2014 წლიდან) შავს – ასევე გასაძევებლად მარქაფა მოთამაშის შემოყვანის შესაძლებლობით.

თამაშს ერთი მთავარი, ორი გვერდითი მსაჯი და თეთრ წამოსახამებსა თუ ხალათებში გამოწყობილი ოთხი ამპაირი ემსახურება. ამ უკანასკნელთა მოვალეობას გოლების და ქულების დაფიქსირება წარმოადგენს: ბურთის ბადეში გახვევა 3 ქულა ღირს, ძელთაშორის გაძვრენას ერთადერთი ქულით აფასებენ და ანგარიშის წაკითხვაც საქმეში ჩაუხედავ ადამიანს იქნებ გაუჭირდეს. რომელმა გუნდმა მოიგო, თუ ტაბლოზე თამაშის ბოლოს 1-10 : 2-8 დაფიქსირდა? მეორემ, რადგან 1*3+10 = 13, ხოლო 2*3+8 = 14. დიახ, ფეხბურთის გოლს ირლანდიურ ფეხბურთში სარაგბოზე ბევრად მეტი ფასი ადევს.

ირლანდიური ფეხბურთის ტოპ-შეჯიბრს სემ მაგუაიერის თასი წარმოადგენს, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე საზოგადოებრივად მოღვაწე და მობურთალი ცნობილი ირლანდიელის სახელს ატარებს. თასი 1928 წელს დაუმზადებია ცნობილ ვერცხლისმჭედელ მეთიუ ჯეი სტონტონს და დღემდე წელიწადის ჩაუგდებლად თამაშდება. თამაში იმთავითვე ირლანდიური ეროვნული ხასიათის, მისი კულტურის ნაწილად აღიქმებოდა და აკი ბოლო წლებამდე თითქმის სულ დასავლეთ ირლანდიის გუნდებს რჩებოდათ პირველობა, იმ ირლანდიისა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილა გელტახტები – პატარა ლინგვისტური კუნძულები, რომელთა ფარგლებში მცხოვრებთა უმრავლესობა წინაპართა, გელურ ენას მშობლიურად აღიარებს და იყენებს. მაიო, გოლუეი, დონეგალი და სხვები – ეს სულ დასავლეთ საგრაფოების გუნდებია, რომელთაც სემ მაგუაიერის თასი ხელიდან ხელში გადაჰქონდათ.

წყარო: ვიკიპედია
სემ მაგუაიერის თასის ორიგინალი

ხოლო დედაქალაქი და მთლად ანგლიზირებული აღმოსავლეთი? ირლანდიურ ფეხბურთში სოლიდური მიღწევებით აღმოსავლეთ საგრაფოებიდან მხოლოდ დუბლინის გუნდი დაიკვეხნის, რომელსაც 1887 წლიდან მოყოლებული საერთო-ირლანდიური ფინალი 27-გზის აქვს მოგებული, თუმც ეს შედეგი ვერ უტოლდება პატარა სამხრეთ-დასავლეთ ირლანდიური საგრაფოს, კერის მონაგარს. უყურებ ვიკიპედიაზე ირლანდიური ფეხბურთის ისტორიულ სტატისტიკას და ფიქრობ: შეიძლება ქვეყნის პატარა კუთხეში სპორტის კონკრეტული სახეობა იმდენად უყვარდეთ, რომ 130 წლის მანძილზე ქვეყნის 37 პირველობა მოიგონ და 22-ჯერ ფინალში გავიდნენ?

ბოლო წლების ირლანდიურ ფეხბურთში მაინც დედაქალაქის მოძალება იგრძნობა. შარშანწინ, შარშან და წელსაც დუბლინი მაგუაიერის თასს ხელიდან აღარ უშვებს. 17 სექტემბრის საერთოირლანდიური ფინალი დუბლინი – მაიო ერთი დიდი დრამა იყო, რომლის სრული, სამსაათიანი და საკვანძო ეპიზოდების ამსახველი ვიდეოები იუთუბზეა გამოტანილი და ნახვის ღირსია. ჯარიმის შეგდებისა და ანგარიშის 1-17:1-16 თავის სასარგებლოდ შემოტრიალების შემდეგ ძირითად დროს დამატებული რვა წუთის ბოლო მონაკვეთი დუბლინმა ბურთის არდაკარგვას მოანდომა და უამრავი საინტერესო მომენტით, ლამაზი ექვს და ცალქულიანი გოლებით, გაწევ-გამოწევებით და ქომაგთა გამაყრუებელი ხმაურით სავსე ფინალი მოიგო კიდეც.

დიდი ომ-ჩხუბიდან გამარჯვებულნი ისევ ლურჯმაისურიანები გამოვიდნენ
წილი
წინა სტატიაპირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!
შემდეგი სტატიანაირსახეობა სახის ახევისა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია