მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარსელო შეცვალა. შეცვლის წინ ბრაზილიელი დაბნეული ჩანდა — ბურთი დაკარგა, ვერ დაიბრუნა… ამ შეცდომის გამო ხორვატმა თანაგუნდელმა ლუკა მოდრიჩმა რაღაც მიაყვირა, რაზეც მარცხენა მცველმა უპასუხა: „მაშ, მე ჩავფლავდი და თქვენ არა?“

მარსელოს ამ მომენტში პირზე ხელი რომ აეფარებინა, ტელეკომპანია Deportes Quatro მისი ტუჩების მოძრაობას ვერ გაშიფრავდა.

მართალია, მარსელო და მოდრიჩი მალევე შერიგდნენ, მაგრამ ესპანელი ჟურნალისტები დააკვირდნენ, რომ იმავე შეხვედრაში უკმაყოფილო ისკომ ქარიმ ბენზემას გაუშალა ხელები, კრიშტიანო რონალდუმ კი სეხიო რამოსსა და რაფაელ ვარანზე ჩაიქნია ხელი, როდესაც ისინი შეტევის დროს მეტოქის კარის იმავე ძელთან მივარდნენ, სადაც ის იდგა.

ზიდანი მატჩის შემდეგ, ტრადიციულად მშვიდი იყო, თქვა, სანერვიულო არაფერი გვაქვს, ჯერ ყველაფერი წინააო. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ კი სიბრაზე ვერ დაფარა: ფრეც გვითამაშია და წაგვიგია კიდეც, მაგრამ მომენტები რომ არ შეგვექმნას ასეთი რამ არ მახსოვსო.

AS-ის ფოტო

მოგეხსენებათ, ჟირონა კატალონიური ქალაქია, სეპარატიზმის ერთ-ერთი ცენტრი და მასპინძლებისთვის „რეალთან“ თამაშს, უფრო სამშობლოსთვის თავდადების ელფერი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივი ბურთაობის, მაგრამ „რეალისთვის“ ეს გამართლება არ იყო.

„არანაირი გამართლება, — დასძინა კაზემირომ, — „ჟირონა“ ქების ღირსია, მან შესანიშნავად ითამაშა“.

წაგების მიუხედავად მარსელო “რეალის” გულშემატკივართა შორის ფრიად პოპულარულია.

AS-ის ვიდეო

წილი
წინა სტატიაენგო დაკითხვაზე
შემდეგი სტატიაფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.