განა პრესის ფურცლებზე ყოველთვის ოპერატიულად ხვდება მნიშვნელოვანი ამბები? არა, ცხადია. დაფარული ხშირად გვიან ცხადდება. მაგალითად, იცოდით, რომ…

ივლისის პაპანაქებაში, ჩახუთულ ოთახში იჯდა გაბრაზებული ლეიტენანტი ჯემალ ნაზია და ფიქრობდა: „ვითომ სკვაზნიაკს რომ არ ვაწყობ, ეჭვმიტანილს ვაწამებ? მოვკვდი კაცი. სამი დღეა დაკითხვას ვაწარმოებ და დავიკელი თორმეტი კილო, ამას კი არაფერი ეტყობა“. ნაზიამ ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა.

— რა არის, ძმაო. ხომ არ დაგცხა? — მოესმა იატაკზე მიჭედებული სკამიდან.

ოფლში გახვითქულ ლეიტენანტს დახუთულობისგან თვალები უბნელდებოდა. მერე მოეჩვენა, რომ მის წინ ხელბორკილიანი ნიანგი იჯდა, მაგრამ უმალ თავი გააქნია და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. მიჭედებულ სკამზე კვლავ ეჭვმიტანილი ენგელბერტ პონტელავა (დიდება მას!) დაინახა.

— ე, ბიჭო! შენ ეღადავე ჯო დასენს, გაიგე? უკანასკნელად გეკითხები, ხარ თუ არა მზად, უანგაროდ ემსახურო ეროვნულ ფეხბურთს.

—  ვინა, ტო, მე?

— შენ, აბა ბებიაჩემი?

— ბებიაშენი, ტრენერია და რამე?

— ვახ, მე ამის… — გამგელებულმა ჯ. ნაზიამ ერთბაშად სამი სიგარეტი ჩაიდო პირში ოთახში კოშმარული ბუღი რომ დაეყენებინა, მაგრამ პირველივე ნაფაზის მერე მიჭედებულ სკამზე ისევ ნიანგი დალანდა. შემდეგ ნიანგი ნელ-ნელა ანტილოპად გადაიქცა და ლეიტენანტს ისევ თავის გაქნევა მოუხდა. სიგარეტები, ცხადია ჩააქრო.

— ბიჭო, შე დეგენერატო, მე, პატრიოტი ლეიტენანტი ჯემალ ნაზია ქვეყნის სამსახურში შენს ჩასაყენებლად ნიანგებს ველაპარაკები, შენ კიდევ რაღაცას ბუყბუყებ. რა დაგიშავე, გამაგებინე.

— შენ? მე, ტო? ჩემი დედა….

— დედას მოგცემ შე დაგრეხილო. მოდი ვიჭიდაოთ.

— მე და შენ, ტო?

— არა, მე და ბაბუაშენმა.

— ბაბუაჩემმა? აბა, ნიანგებიო?

ჯემალ ნაზია მიხვდა, რომ მალე გადარევისგან მამბოს დაუვლიდა და ხრიკს მიმართა. მაგიდაზე შეგნებულად დატოვა თავისი მობილური, თვითონ კი გვერდზე ოთახში გავიდა და იქიდან კერკეტა ბოყინაურის ტელეფონით დარეკა.

— ალო.

— ალო, ენგო ხარ, პონტელავა?

— ჰო.

— ბიჭო, ენგო, სვენ გორანი ვარ, ერიქსონი. შენს იქით გზა არ მაქვს.

— ვა.

— ენგელბერტ, ძმაო, გუნდში იმდენი ფეხბურთელი დამიგროვდა, ვინ ვათამაშო არ ვიცი.

­— ჰო?

— ჰო. დაბრუნდი ფეხბურთში, დადექი „მაგრების“ ტრენერად, მე იტალიაში პაეზდკას გაგიჩალიჩებ და შენ ჩამოდი მირჩიე რამე.

— ჰო?

— მართლა, მართლა. უშენოდ რომი დაეცემა.

— ვა. ასტაროჟნად იყოს, რამე არ იტკინოს.

— ხარაშო?

— ხარაშო.

ჯემალ ნაზიამ ამოისუნთქა, ყურმილი დაკიდა, მერე სიხარულისგან შეიკუნტრუშა და იმ ოთახში, სადაც მიჭედებულ სკამზე ეჭვმიტანილი იჯდა, ფანჯარა და კარი გააღო.

ივლისი იდგა. ჰაერი არ იძვროდა.

ერთ კვირაში, ენგელბერტ პონტელავამ „ფკ მაგრებს“ პირველი ვარჯიში ჩაუტარა.

პაპუნა კედია

P.S. — ამ ზამთარს დენი იქნება?

      — კი, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში…

2000 წლის 3 აგვისტო