საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია.
შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ.
მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს…
- მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა?
- მიხარია რომ აქ ვარ, ძალიან კარგ ხალხში მოვხვდი და დიდი პასუხისმგებლობაც მაკისრია.
- გასაგებია, თუმცა ევროპაში მუშაობა სულ სხვა არის…
- მწვრთნელობა ყველგან ძნელია და არც აზიაშია ეს საქმე იოლი. სადაც უნდა წახვიდე, ყველაფერი შენს მოტივაციაზეა დამოკიდებული, ყველგან რაღაც ახალი და კარგი უნდა ეძებო.
- წარმოვიდგინოთ, რომ „ფახთაქორი“ ჰოლანდიურ ერედივიზიონში თამაშობს – რა გაქანების გუნდი იქნებოდა იქ?
- საწყის ეტაპზე გაუჭირდებოდა ჰოლანდიური გრანდებისა და კიდევ იმათ გვერდით ყოფნა, ბოლო წლებში კარგ სეზონს რომ თამაშობენ, მაგალითად, „ალკმაარი“ და „ვიტესი“ , მერე კი ერთ-ერთი მოწინავე გუნდი გახდებოდა.
- „ფახთქორის“ მოსამზადებელი და სავარჯიშო პირობები როგორია? რა ინფრასტრუქტურა აქვს უზბეკეთის ყველაზე ტრადიციულ კლუბს?
- კლუბს ქალაქგარეთ აქვს ძველი ბაზა ოთხი მოედნით, თუმცა ამ ყველაფერს რეკონსტრუქცია სჭირდება. სავარჯიშო მოედანს ამ ეტაპზე ვქირაობთ, საშინაო მატჩებს კი „ფახთაქორის“განახლებულ სტადიონზე ვთამაშობთ. აზიის ჩემპიონთა ლიგის და უზბეკეთის ნაკრების შეხვედრებზე ბევრი ხალხი დადის, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს კი 5-8 ათასი ქომაგი ესწრება.
- მიმდინარე სეზონში „ფახთაქორის“ მიზანი, ალბათ, აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურია…
- „ფახათქორი“ რომ ჩავიბარე, გუნდი ცხრილის შუაში იყო. გეგმაში კი მესამე ადგილზე დამკვიდრება და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვაქვს, თუმცა მეორეობაზე ფიქრიც შეიძლება.
- ლეგიონერთა ლიმიტი როგორია უზბეკეთში? რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ხომ არ უნდა ველოდოთ „ფახთაქორში“ ?
- ამ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის მოწვევას არ ვაპირებთ. ლიმიტს რაც შეეხება, 3+1 სისტემაა – ოთხი ლეგიონერიდან ერთი მაინც აზიელი უნდა იყოს.
- „ფახთაქორში“ შენს ტყუპისცალს რა ფუნქცია აკისრია?
- აჩი კლუბის სპორტულ და ტექნიკურ დირექტორს ეხმარება,“ფახთაქორის“ მთავარი სკაუტია, ფეხბურთელების შერჩევაში საკვანძო პოზიცია უკავია. გოჩა ტყებუჩავა კი ჩემი ერთ-ერთი ასისტენტია.
- ევროპაში კარგა ხანი, 24 წელი იცხოვრე, ახლა კი უზბეკეთში ხარ – ძნელი გამოდგა შეგუება კონტრასტებთან?
- საკუთარი კომფორტის მოწყობა აქაც შეიძლება. უზბეკების ტრადიციებს პატივს ვცემ, საოცარი სამზარეულო აქვთ, ამინდიც და ხალხიც თბილია, კარგად ვათვითცნობიერებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს, „ფახთაქორი“ ხომ უზბეკებისთვის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა, პირველი გუნდის გარდა დუბლშემადგენლობა და კლუბის აკადემიაც მისახედია. აქაურებს ძალიან უყვართ თბილისის „დინამო“, არ ავიწყდებათ 1964 წელი, არც ის, რომ „ფახთაქორის“ ტრაგედიის შემდეგ ტაშკენტში სათამაშოდ პირველი სწორედ თბილისის „დინამო“ ჩავიდა.
- სიტყვამაც მოიტანა და ქართულ ფეხბურთზე გადავერთოთ – გასულ შესარჩევში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდი?
- ყველა თამაშს ვერ ვუყურე, რაც ვნახე, იმის მიხედვით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა გუნდმა განსხვავებული მატჩები ითამაშა, მაგალითად, ცუდად ვითამაშეთ მოლდოვასთან, კარგად – გასვლაზე უელსთან. თბილისში ირლანდიასთან მატჩი მომეწონა, სერბეთთან – არა. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ეტყობოდა, რომ შეიძინა სახე, გუნდს უკვე აქვს საკუთარი ხელწერა, რაც ჯერ კიდევ კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ყალიბდებოდა. ჯერ სახე უნდა შეიქმნას, მერე გუნდმა არწაგება უნდა შეძლოს, ბოლოს კი მოგება ისწავლოს და ამ ყველაფრით მოდის შედეგი. ასეა, ფეხბურთი რთული თამაშია.
- ფაქტია, გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება კი ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერაც აქტუალური საკითხია…
- ფეხბურთის ფედერაციამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები და ამის მიხედვით აიღოს პასუხისმგებლობაც. თუ მიაჩნიათ, რომ ამ გუნდს მთლიანიობაში მეტი შეუძლია, არსებული მდგომარეობის მიზეზებიც უნდა აუხსნას გულშემატკივარს. ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ასაკობრივ ნაკრებებს ხელწერა არ ეტყობათ.
- საქართველოში სახელმწიფოს დამოკიდებულება ფეხბურთის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების მიმართ – ამაზე რას იტყოდი?
- სამწუხაროდ, ჯერ არ გვყოლია ისეთი ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად მოექცევა ფეხბურთს. ალბათ, შედეგიც მაგიტომ არის უარყოფითი.
- ახლა ბევრს ლაპარაკობენ ისლანდიის ნაკრებზე…
- როცა ქვეყანა სოციალურად ძლიერია, ყველაზე მეტი დრო ეთმობა იმას, რაც ამ ქვეყანაში ყველაზე ძალიან უყვართ. გარდა ამისა, ისლანდია ჩვენზე 200-ჯერ უფრო ევროპაა, ჩვენზე 200-ჯერ უფრო დისციპლინირებულია…
- რონალდო ან მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბოლო წლებში მხოლოდ ამ ორიდან კეთდება არჩევანი. ერთხელ დი მარიამ იხუმრა კიდეც, ამათვის და დანარჩენებისთვის იქნებ ცალ-ცალკე ჩავატაროთ გამოკითხვაო. შენ როგორ ფიქრობ?
- გალაქტიონს რომ დაურეკეს მწერალთა კავშირიდან, კრებაზე მობრძანდითო, იკითხა, კოწია მანდ არისო? და თუ ისიც არ ესწრება კრებას, აბა, რაღა საჭიროა ასეთი კრებაო. ასეა, დღეს ეს ორი კაცია საუკეთესო და ამიტომაც კეთდება არჩევანი მხოლოდ მათ შორის, თუმცა შესაძლოა, მათ მალე მესამეც შეურთდეს – ნეიმარი.
- ინტერვიუც ასე დავასრულოთ, ისლანდიით, რონალდუთი და მესით?..
- „სარბიელის“ გაღვიძება მართლაც გამიხარდა, საუკეთესო იქნება, თუ „სარბიელი“ კვლავაც იმ კარგი რაღაცეების მეთაური გახდება, რისი მოთავეც ადრე იყო, ამით ის კიდევ უფრო დიდ საქმეს გააკეთებს, „სარბიელი“ ხომ ქართული ფეხბურთის ერთგული მეგობარი იყო.