როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე დაესრულებინა, ეგებ, 110 მილიონსაც პირველი შესწვდომოდა.ახლა კი ყველაფერი როჯერის სვიან ჩოგანზე ჰკიდია.
36 წლის შვეიცარიელი მაესტრო წლეულს საარაკო თამაშს აჩვენებს – უკვე ექვს ტურნირზე იმარჯვა („დიდი მუზარადის“ ორი შეჯიბრების ჩათვლით) – და საკარიერო ყულაბაშიც 109 387 410 დოლარს მოუყარა თავი. სეზონის დასრულებამდე კი კიდევ სამი შეჯიბრებაა – მისი მშობლიური ბაზელის ტურნირი, რომლის გამარჯვებულს 396 850 ევრო (464 589 დოლარი) ერგება, პარიზის მასტერსი, სადაც მთავარი პრიზი 853 430 დოლარს შეადგენს და წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირი ლონდონში, რომლის ორგანიზატორებსაც ჩემპიონისთვის 2-მილიონდოლარიანი ჩეკი აქვთ გამოწერილი. ფედერერის ამჟამინდელი ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით, მას თითქოს არ უნდა გაუჭირდეს ჩოგნის მარჯვედ ქნევით მორეწილი თანხის 110 მილიონამდე დამრგვალება.უფრო რთულად გამოიყურება რეიტინგის პირველი ადგილიდან რაფაელ ნადალის ჩამოქვეითების პერსპექტივა.
მიუხედავად იმისა, რომ როჯერმა თავის პრინციპულ მეტოქეს წლეულს ოთხიდან ოთხ მატჩში (და აქედან ბოლო სამში – სულაც სეტისწაუგებლად!) აჯობა, დარჩენილი ტურნირებიც მისთვის უფრო ხელსაყრელ ჭერქვეშა მაგარ საფარზე იმართება და თანაც რაფა ბაზელში არ ითამაშებს, მასთან თითქმის 2-ათასქულიანი (10 465 : 8 505) ჩამორჩენის აღმოფხვრა დიადი ალპელისთვის მაინც საძნელო საქმე უნდა იყოს. თუმცა თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია – ამ სამივე ტურნირზე ხომ ჯამში ფსონზე 3 ათასი (500+1000+1500) სარეიტინგო ქულა დევს! კარიერის განმავლობაში კორტზე ყველაზე დიდი თანხების მომხვეჭ კაც მეჩოგნეთა საუკეთესო ათეული კი ამგვარად გამოიყურება:
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი $ 109 805 403
2. როჯერ ფედერერი $ 109 387 410
3. რაფაელ ნადალი $ 91 199 322
4. ენდი მარი $ 60 807 644
5. პიტ სამპრასი $ 43 280 489
6. ანდრე აგასი $ 31 152 975
7. დავიდ ფერერი $ 30 760 436
8. სტენ ვავრინკა $ 30 623 544
9. ტომაშ ბერდიხი $ 28 220 153
10. ბორის ბეკერი $ 25 080 956