ფიფამ ლონდონში საფეხბურთო ოსკარები ჩამოარიგა. ბრიტანული სისადავით და დახვეწილობით გამართულ გალა დაჯილდოებაზე, მშვენიერი საზეიმო გარემო შექმნეს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სელებრითებმა.
პრიზები ცხრა ნომინაციაში გადაეცათ გამარჯვებულებს, ამათ შორის უმთავრესი რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალ–ვაჟ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნომინაციები გახლდათ, რომლის შერჩევაშიც ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ქართული მედიიდან ეს პატივი ტრადიციულად, ,,სარბიელს“ ერგო. თავდაპირველად პუშკაშის პრიზის მფლობელი დაასახელეს – ჯილდო ყველაზე ეფექტური გოლის ავტორად მიჩნეულ ოლივიე ჟირუს გადაეცა. /ვიდეო/
საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დასახელდა, ვინაც უკვე სამწვრთნელო ამპლუაშიც აგრძელებს მწვერვალზე ყოფნას. ზიდანმა სამადლობელი სიტყვა თავისი საფეხბურთო კარიერასავით წარმართა–ფრანგულად დაიწყო,იტალიურად გააგრძელა და ესპანურად დაასრულა… მოლოდინისამებრ, საუკეთესო მეკარის პრიზი ჯანლუიჯი ბუფონს გადაეცა.
ჰოლანდიის კაცთა სანაკრებო შელახული პრესტიჟი გარკვეულწილად ქალებმა აღადგინეს – საუკეთესო ქალ მწვრთნელად ნიდერლანდელი სარინა ვაიგმანი დასახელდა, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი ასევე ,,ნარინჯისფერი“ ლიეკე მარტენსი. ფეირ პლეის ჯილდო კოტდივუარელ ფრანცის კონეს გადაეცა,ვინაც ჩვენებური ჯაბა კანკავას მსგავსად, შეჯახებისას დაშავებული მეტოქე გუნდის მეკარე გადაარჩინა. გამორჩეულ ფანთათვის განკუთვნილი ჟილდო „სელტიკს“ გადაეცა.დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეული,რომელიც მთლიანად ფეხბურთელთა გამოკითხის შედეგად შედგა და მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება:
ბუფონი, დენი ალვეში, მარსელო, რამოსი, ბონუჩი, მოდრიჩი, კროოსი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, რონალდუ… და ბოლოს კულმინაცია,რომელიც დიდწილად არც გახლდათ მოულოდნელი–ერთობ ჩასუქებულ–მოფერიანებულმა ორმა ლეგენდამ, მარადონამ და რონალდომ ტრიუმფატორი დაასახელეს: ფიფას ვერსიით საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ კრიშტიანუ რონალდუ გახდა.