…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო. ახალი თამაში ძალიან მოსწონებიათ ჰოლიოკელ ჯეელებს, მეტიც, სხვა კოლეჯებსაც აუტაციათ მორგანის „აღმოჩენა“, რომელსაც ჯერ „მინონიტი“, შემდეგ კი „ვოლიბოლი“ (ინგლ. Volleyball < Volley – მფრინავი, Ball – ბურთი), ჩვენებურად, ფრენბურთი უწოდეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მორგანმა და მისმა თანამოაზრეებმა ახალი თამაშის წესებიც შეადგინეს და იაპონიაში, ჩინეთსა და ფილიპინებში „მოგზაურობის“ შემდეგ, სპორტის ეს სახეობა ევროპასაც ესტუმრა, სადაც მისი პირველი მასპინძელი ჩეხეთი იყო. მალე ფრენბურთი სხვა ქვეყნებში უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე მის სამშობლოში და 1947 წელს პარიზში შეიქმნა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (http://www.fivb.com), რომელიც აერთიანებს ფრენბურთს, პლაჟბურთს და 220 წევრ ქვეყანას. ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1948 წლიდან, ქალებში – 1949-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებში – 1949-დან, ქალთა შორის – 1952-დან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1964-დან.
ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშები საბჭოთა ფრენბურთელებმა მოიგეს, რომელთაც მოგვიანებით, ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, საუკუნის სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის დასახელებული, ქართველი გივი ახვლედიანი წვრთნიდა, გუნდის ლიდერი კი, ასევე ჩვენებური ვაჟა კაჭარავა გახლდათ.
ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ. ზომის მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე კაცებისთვის) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთამაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთამაშე, რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო).
მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება, თითოეული პარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია – 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა. ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძალულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30-წამიანი წუთშესვენება.
გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ, ხოლო წონა – 260-280 გრ.
საფრენბურთო რეფორმებს თავის დინამიკით ვერა სპორტის სახეობა ვერ გაუტოლდება. კერძოდ, სატურნირო ქულებზე ვთქვათ. 2007 წელს მათ ისე იცვალეს სახე, იმ ძველი, გულუბრყვილო წესებიდან მხოლოდ მოგონება დარჩა. 2007 წელს შემოღებული “იტალიური სისტემის” მიხედვით:
- თუ გუნდმა თამაში 3:0 ან 3:1 მოიგო, 3 ქულას მიიღებს, დამარცხებულს – არაფერი
- თუ 2:2-ზე მოკლე პარტია, იგივე ტაი-ბრეიკი გახდა საჭირო, გამარჯვებული 2 ქულას მიიღებს, დამარცხებულს – 1 ქულა ერგება
ახალი სისტემის უდავო ეფექტურობის მიუხედავად, მისი კრიტიკაც ისმის. საკმაოა, მაგალიტად, ალბათობა იმისა, რომ მეტი წაგების მქონე გუნდი წინ გაიჭრას მოგებული პარტიების მეტი რაოდენობის ხარჯზე, თუმცა კანონი კანონია და სხვათა შორის, ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIVB) აღნიშნულზე შეჩერებას სულაც არ აპირებს. ახალგაზრდულ ტურნირებში გამოიცდება პარტიების 15 ქულამდე შეკუმშვის, მათი რაოდენობის 4 მოგებამდე გაზრდის და ამგვარად, თამაშის დინამიურობის ამაღლების სქემა, რომელიც ჯერჯერობით ფართო საფრენბურთო წრეებში დიდა პოპულარული ვერ გახდა.
ვაჟთა შორის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ბრაზილიის ნაკრები გახლავთ, მეორე არის აშშ, მესამე – პოლონეთი; ქალთა სამეული კი ასეთია – ჩინეთი, აშშ, სერბეთი.