დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ კლუბის წევრთა ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მადრიდიან ცნობა მოვიდა — ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლზე დაყრდნობით ავტონომიის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუჩერა და კატალონია პირდაპირ ცენტრს დაუმორჩილა. ამასთან, რახოიმ განაცხადა, რომ რეგიონში, ექვსი თვის ვადაში ახალი არჩევნები გაიმართება.

პოლიტიკას მეტად ნუღარ ჩავუღრმავდებით, მითუფრო, რომ თავად ბარტომეუმ ამ ინფორმაციის პასუხად გამოაცხადა, “ბარსელონა” კატალონიელი ხალხის ერთგულია, ოღონდ საღამოს, “კამპ ნოუზე”, “მალაგასთან” შეხვედრის დროს წესრიგს ნუ დავარღვევთო. ერთი სიტყვით, ფეხბურთს თავისი ცხოვრება აქვს, რისი დასტურიც “ბარსას” პრეზიდენტის გამოსვლის ის ნაწილიც იყო, სადაც მან პასუხი გასცა შეკითხვას — თუ კატალონია საბოლოოდ მაინც გამოეყოფა ესპანეთს, რომელ ჩემპიონატში ითამაშებს გუნდი?

 

“ვერავინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ “ბარსელონა” კატალონიური საზოგადოების ერთგულია. “კამპ ნოუ” ყოველთვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის სარბიელი იყო, მაგრამ კლუბის ქმედითუნარიანობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. შეჯიბრებებში ჩვენი მონაწილეობის საკითხი არც კი განიხილება. ვაპირებთ მტკიცედ განვაგრძოთ ურთიერთობა ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან”, — მკაფიოდ განაცხადა ბარტომეუმ.

ასამბლეამ (391 ხმა 68-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა კლუბის 2017-18 წლების ბიუჯეტიც. ცნობისათვის: 897 მილიონი ევროს 84% ფეხბურთელების ხელფასებია.

“შეშფოთებულები ვართ. ნეიმარის ამბის გამო უჩვეულო წელიწადი გვქონდა, — თქვა ბარტომეუმ, — საფეხბურთო ბაზარი კი გაგიჟდა და ჩვენც იძულებული ვართ კონკურენტუნარიანი გუნდის შესანარჩუნებლად ხელფასებად წარმოუდგენელი თანხები ვიხადოთ”.