კატალონიის რეფერენდუმით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო დღეს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორის შეიძლება ვერც კი ჩატარდეს. წესით, თამაში ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე (საქართველოს დროით 22:45) უნდა დაიწყოს, მაგრამ რა მოხდება ამას “ბლაუგრანას” კლუბის წევრთა ასამბლეის სხდომა გადაწყვეტს.

საქმე ის არის, რომ დღეს მადრიდში, ესპანეთის ცენტრალურმა ხელსუფლებამ  კატალონიის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის პარალელურადაც ბარსელონაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართება. დიდი შანსია, ეს მანიფესტაციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდოს.

“ბარსას” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მატჩი ჩვეულებრივ ჩატარდება და არა ისე, როგორც რეფერენდუმის დღეს, “ლას პალმასთან”, როდესაც უსაფრთხოების მიზნით “კამპ ნოუს” კარები ჩაკეტეს და მათი გუნდის 3:0 გამარჯვებას ვერავინ დაესწრო.

“კამპ ნოუ” კატალონიის რეფერენდუმის დღეს

ამბობენ, რომ აქამდე თამაშის გადადებაზე ლაპარაკი არ იყო, მაგრამ, თუ მადრიდმა კატალონიის ავტონომია გააუქმა, მაშინ ქალაქში დიდი არეულობა დაიწყება და სტადიონზე ათასი უბედურება შეიძლება დატრიალდეს.

“კამპ ნოუზე” უსაფრთხოების საგანგებო ზომებს რომ მიმართავენ, რად უნდა ლაპარაკი. იყო მოსაზრება, რომ მატჩის მსვლელობისას მაყურებლისთვის პოლიტიკური აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ, ოღონდ ეთხოვათ, რომ ეს ყველაფერი ზღვარს არ გადაცდენოდა.

თუ შეხვედრა ჩატარდება, დიდ ყურადღებას მიაქცევენ, რომ ვინმე თამაშის მსვლელობისას მოედანზე არ შევარდეს. ოთხშაბათს, “ოლიმპიაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ორი ადამიანი გადმოხტა ტრიბუნიდან. მათ მაისუებრზე ეწერათ: “დაეხმარე კატალონიას, იხსენი ევროპა!”

მოგეხსენებათ, უეფას სტადიონებზე პოლიტიკური ბანერების გამოფენა აკრძალული აქვს, რის გამოც “ბარსელონა” რამდენჯერმე გვარიანი თანხით დაჯარიმებულა. “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში “კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან გულშემატკივრებს ორი პოლიტიკური შინაარსის პლაკატი ჩამოახსნევინეს.