ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო.
პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ.
მათემატიკის სახელმძღვანელოებში ასე წერია: მიმართულ მონაკვეთს ვექტორი ეწოდება. ჩვენი ფეხბურთის ვექტორები კი აქეთ-იქით, აცაბაცად მიემართებიან და რა შედეგებიც გვაქვს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, კარგად მოგეხსენებათ.
მაშ, რა მიმართულება უნდა გვქონდეს? სწორედაც რომ აქტუალური საკითხია. ზოგადად, მიმართულებას განაპირობებს ფინანსური შესაძლებლობა და მერე სხვადასხვა გარემოება. ამ დროისთვის საქართველოში არსებობს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელიც კვებავს როგორც უწყებრივ, ისე კერძო კლუბებს. თუ რამდენად სწორია ამ ფონდის მუშაობის პრინციპი, ალბათ, სადავოა და ამაზე კამათსაც მოდი, დროებით გვერდი ავუაროთ. ფაქტი ერთია: ფონდის ინვესტიცია საკმარისია ეროვნული ჩემპიონატის ჩასატარებლად, იმ სოციალური სიამოვნებისთვის, რასაც სტადიონზე წასვლა და საყვარელი გუნდის ქომაგობა ჰქვია. და შედეგიც: გვაქვს ჩემპიონატი, ევროსარბიელზე კი ჩვენი საქმე ძალიან ცუდად მიგვდის.
მოკლედ, ფეხბურთის განვითარების ფონდი კარგი რამაა, მაგრამ არა-საკმარისი. საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, შეავლეთ თვალი თუნდაც ღამის თბილისს – ვიწრო ქუჩებში უამრავ ტაქსს და აღმოსავლელ ტურისტს დაინახავთ. ეს არის ჩვენი ყოფის მთელი დრამატურგია – მამაკაცები საჭეს ატრიალებენ, ქალები კი სხეულით ვაჭრობენ, ორივე სქესისთვის ყველაზე სასურველი მუშტარი აღმოსავლელი კაცია. ამ ორომტრიალში ვერ დაინახავთ ქართულ ბურჟუაზიას და ვერც სახელმწიფო დიდმოხელეებს, მათი ადგილი სხვაგანაა, ამ ხალხისგან შორს. ასეთ ქვეყნებში ბურჟუაზია და სახელმწიფო, ანუ მილიონერების მთავრობა, თითქოს მტკიცედ იცავს პურისა და სანახაობის პრინციპს, ოღონდ ფეხბურთი უკვე ძალიან ძვირი შოუ გახდა და ფონდიც ვერ აუდის ხარჯებს – ევროტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებას მილიონობით დოლარი სჭირდება, ქართული კლუბი კი მწირი ბიუჯეტით ეგებება საერთაშორისო სარბიელს.
საქართველოში არის რამდენიმე კომპანია, წელიწადში ასეული მილიონი ლარი რომ აქვს მოგება, მაგრამ მათ ფეხბურთისკენ გახედვაც არ სურთ. საქართველოში აღარ ჩანან ისეთი წელგამართული მეცენატები, რუსეთში თუ უკრაინაში ნაშოვნ ფულს რომ ხარჯავდნენ ქართულ კლუბებში. უწყებებიც აღარ თუ ვეღარ აფინანსებენ ხვავრიელ ფეხბურთს, არადა, ამის მაგალითები მართლაც იყო – გორის „დილა“, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემწეობით წლიური ბიუჯეტი ათ მილიონ ლარამდე ჰქონდა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მოუყარა თავი. უფრო ადრე იყო თბილისის „ლოკომოტივი“, სადაც აკაკი ჩხაიძის განკარგულებით მიედინებოდა თანხები.
ახლანდელ სიტუაციას თითქოს კარგად აუღო ალღო „დინამო თბილისმა“ და ფეხბურთელთა რიგიან ექსპორტიორად იქცა, მაგრამ „დინამო“ ხომ იმიტომ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომ საერთაშორისო სარბიელის გუნდი გახლდათ. იმ „დინამოსთვის“ საერთოშორისო ასპარეზი იყო ევროტურნირებიც , საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც და თასის გათამაშებაც. ახლა კი – მხოლოდ ექსპორტი. არადა, გვახსოვს 2004 წელი, როცა „დინამო“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და გაჩნდა იმედი, რომ ეს კლუბი ისევ დაიმკვიდრებდა ადგილს საერთაშორისო სარბიელზე, მაგრამ ასე არ მოხდა და დაიკარგა ის, რაც ადრე იყო.
როგორც უნდა იყოს, „დინამოს“ ახლანდელი მიმართულება საყურადღებოა. კლუბი უცხოეთში ასხვისებს თავისივე გამოზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ამავე დროს ამ ფეხბურთელებს ამზადებს ჩვენი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. „დინამომ“ მიაგნო მიმართულებას, თუმცა გამოჩნდა გვერდითი მოვლენებიც: „დინამო“ აღარ არის ძველებური მეტრი ქართული კლუბებისთვის, წლეულს გუნდი სულაც ევროსარბიელის მიღმა დარჩა, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერობა კი „დინამოსთვის“ განსაკუთრებული მდგომარეობა ნამდვილად არ უნდა იყოს.
და რა მიმართულება აქვთ სხვა ქართულ კლუბებს? ვფიქრობ, მათაც ექსპორტირობა უნდა დაიწყონ, რადგან მწირი ბიუჯეტით მეტის საშუალება, უბრალოდ, არ არსებობს. მაგრამ, როცა ქართულ კლუბებს მეტწილად მუნიციპალიტეტები, ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო ჩინოვნიკები მართავენ, აქ მიმართულებაზე ლაპარაკი უადგილოა, მხოლოდ სანახაობა და ისიც – მდარე.
სახელმწიფო, ფეხბურთის განვითარების ფონდი, ფეხბურთის ფედერაცია და კლუბები – ყველაფერი თითქოს ეს ერთი ერთად საკეთებელი საქმეა, მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება კი მაინც არ ჩანს, თორემ ყველამ კარგად ვიცით, რომ შედეგს დრო სჭირდება, ის დრო, რომელსაც თვალსა და ხელშუა ვფლანგავთ.