“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა.

ინგლისური და იტალიური გუნდების შეხვედრა ესპანურ პოლიტიკაში გარიეს.

“ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ”.

საქმე ეხება ჯორდი კუშარტსა და ჯორდი სანჩესს, რომელთაც მადრიდის სასამართლომ წამქეზებლობის ბრალდებით გამოძიების დასრულებამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით სამშაბათს ბარსელონაში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა.

ბარსელონაში მიმდინარე ამბები, მოგეხსენებათ, კატალონიის რეფერენდუმის გამოძახილია. ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას ხსენებული რეფერენდუმი, რომელიც კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას ეხებოდა, ლეგიტიმურად არ მიაჩნია.