საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა.
ბერძნები მომთხოვნი და ახირებული გულშემატკივრები არიან და ეროვნული გუნდის მწვრთნელები სახლში ხშირად გინებით გაუშვიათ, რასაც ვერ ვიტყვით ილიას ზუროსზე. 2011 წელს ილიასი ელადის ნაკრებს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე წვრთნიდა და ვერაფერი მოიგო, თუმცა საკუთარ სამშობლოში მას პატივისცემა რომ არ აკლია, წინა აგვისტოს დავრწმუნდით, როცა საქართველოს ნაკრებმა ათენში ევროკალათბურთის ტიტანებთან ერთად „აკროპოლისის თასზე“ ითამაშა.
ზუროსმა თავისი ევრობასკეტი 23-25 აგვისტოს ათენში ითამაშა და ევროპის მტაცებლებთან ბრძოლაში „აკროპოლისის თასი“ გამოაძრო. ეს არ გახლავთ უბრალოდ ამხანაგური ტურნირი. „აკროპოლისის თასს“ თავისი ისტორია აქვს, რომელიც 1986 წლიდან იწყება და ახლოს არ იკარებს რიგითებს. 31 წელიწადი ამ თასისთვის სულ ბობოლები იბრძოდნენ და ფიბამაც, 1991 წელს კალათბურთის 100-წლიანი იუბილეს საზეიმოდ აღსანიშნად სწორედ „აკროპოლისის თასი“ შეარჩია. შეჯიბრის იმ წლის გამოშვებაც სპეციალური გახლდათ.
საქართველოს ნაკრებს ათენში არ მიიწვევდნენ, რომ არა მისი მწვრთნელი. ზუროსის ავტორიტეტმა ორგანიზატორებს ცვლილება შეატანინა ტურნირის „დაუწერელ კანონში“ და საბერძნეთის, სერბეთისა და იტალიის კვალად „აკროპოლისის თასზე“ სათამაშოდ არა ლიტვა, თურქეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ან სხვა ნებისმიერი გრანდი, არამედ საქართველო დააპატიჟებინა.
მაშინ არაერთმა ქომაგმა იეჭვა, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შერკინება და უიმედო წაგება, ევრობასკეტის წინ ჩვენი გუნდის შემართებას მოეშთობდა. ილიას ზუროსი საკუთარ სამშობლოში ამაყად ჩაუძღვა ქართველებს და პირველსავე ბრძოლაში საბერძნეთი განგმირა – 72:71. ვინაც ჩათვალა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, მეორე დღეს ქართველებისგან კიდევ უფრო ძლიერი მეტოქის – სერბეთის ძლევა იხილა, რამაც ზუროსის გუნდს „აკროპოლისის თასის“ მოგება გაუნაღდა. ეს ტიტული კი „აკროპოლისის თასის“ ისტორიაში მასპინძელ საბერძნეთთან ერთად ისეთ ბობოლებს მოუგიათ, როგორებიც არიან სერბეთი, საფრანგეთი, ლიტვა, არგენტინა და იტალია… ადრე გამარჯვებული იუგოსლავიაც გახლდათ.
ისე არ გამოვიდეს, რომ ზუროსზე ამ წერილში მხოლოდ კარგის თქმა ამომიჭრია გულში. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ასეთი დონის სპეციალისტს წუთშესვენების აღების დროზე და კონკრეტულ მომენტში შერჩეულ ტაქტიკაზე შევედაო. არც იმაზე, იტალიასთან ევრობასკეტზე ყოფნა-არყოფნის მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის კომბინაციის ჩასაშლელად რატომ არ ავიღეთ ტაქტიკური ჯარიმა.
მაშ რითი განვსაზღვროთ ზუროსის ავკარგიანობა? რა თქმა უნდა, შედეგით. მის ხელში საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი პრინციპული მატჩი ჩააგდო – უკრაინასთან ევრობასკეტზე, თუმცა გაცილებით მეტ შეხვედრაში ღირსეულად წარმოაჩინა თავი და ნაკრების არსებული რესურსიდან მაქსიმუმი გამოწურა. ამასთან, ევრობასკეტის ჯგუფში მან ქართველებს 5 მატჩიდან 2 მოაგებინა, რაც წლეულს ვერა და 2011 და 2015 წლებში, იგორ კოკოშკოვის ხელში, საკმარისი აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად.
და მაინც, ცუდი ვერაფერი ვუპოვეთ ამ მართმადიდებელ ბერძენს… ისე, ზუროსის შესახებ ერთ-ორი სხვა საინტერესოც გავიგე. თურმე, ის თამაშისას გასახდელში ბოლოს შედის… ასევე მატჩის დღეს, გამოსასვლელი მაისურის ფერს მოგებული მატჩისას ამთხვევს, ხოლმე. აქვს საკუთარი ტერმინები და ალბათ, კიდევ ბევრი რამ, რაც, მხოლოდ მან და მისმა ძალიან ახლო გარემოცვამ იცის.
ზუროსი ფიცხი ხასიათისაა, განსაკუთრებით თამაშის მსვლელობისას და ევრობასკეტის ყველა მატჩში ტექნიკური ჯარიმაც მიიღო. თანახმა ვარ, ნოემბერშიც მიიღოს, თებერვალშიც და ივნისშიც, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისას, ოღონდ უმეტესობა მოიგოს და საქართველო ისტორიულ მუნდიალამდე მიიყვანოს…