ვინჩენცო მონტელას წყალი შეუდგა – წაგება „სამპდორიასთან“, წაგება „რომასთან“ და განსაკუთრებით, დერბიში „ინტერთან“ – იტალიის სერია A-ში ზედიზედ განცდილმა რამდენიმე მარცხმა მნიშვნელოვნად შეარყია „მილანის“ მწვრთნელის სკამზე ვინჩენცო მონტელას პოზიციები და ფასონე-მირაბელის (კლუბის ახალი დირექტორები) პროექტიც – დავუბრუნოთ „მილანს“ ძველი დიდება – თითქოს პროექტადვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო ფასონეც და მასიმილიანო მირაბელიც ჯიუტად აცხადებენ, რომ ენდობიან მონტელას – ისაა ზემოხსენებული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილიო – ისიც ფაქტია, რომ იტალიურ მედიაში ბოლოხანს უკვე გახშირდა ცნობა მონტელას გუნდიდან გაშვების თაობაზე. ცეცხლი ხომ უკვამლოდ არ ჩნდება… თემა, სახელწოდებით „ვინ შეცვლის მონტელას“ მართლაც ძალიან აქტუალურია აპენინებზე. მონტელას მემკვიდრედ არაერთი სპეციალისტის სახელს აჟღერებენ, თუმცა ყველა ერთხმად, რატომღაც, ანტონიო კონტეს კანდიდატურაზე თანხმდება.
მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი ვინჩენცო მონტელას გათავისუფლებას არ აპირებენ
ამბობენ, რომ „ჩელსის“ თავკაცს სეზონის ბოლოს თავად სურს სამშობლოში დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება და მეორეც, იტალიის ნაკრებში და „იუვენტუსში“ კონტე არ დაბრუნდება, მას სრულიად ახალი გამოწვევა სჭირდება, „ინტერში“ და “ნაპოლიში” კი ლუჩანო სპალეტი და მაურიციო სარი ჩინებულად უძღვებიან საქმეს. „რომა“ ან „ლაციო“? კი ბატონო, დედაქალაქური კლუბები ამინდს ჰქმნიან კალჩოში, მაგრამ ცნობილ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, გრანდები არ არიან… ამასობაში კი უკვე ბრიტანულ მედიაშიც გავრცელდა ცნობა, რომ ანტონიო კონტემ წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა „მილანის“ გაწვრთნაზე, მხოლოდ ერთი პირობით: სეზონის ბოლოს „როსონერი“ ოთხეულში უნდა მოხვდეს და ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდეს…