ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის ბიჭები უმაგრებენ, რომელთა ჩინებულმა თამაშმა არამარტო საბჭოეთში, არამედ ევროპაშიც ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი აღტაცებაში მოიყვანა.

8 აპრილის იმ მშვენიერ საღამოს დინამოელებმა დიდი აღმაფრენით ითამაშეს. როტერდამელები ვეღარ უმკლავდებოდნენ ყიფიანის, გუცაევის, დარასელიას შეტევებს, მაგრამ ის დღე გამორჩეულად ერთი კაცისა იყო, რომელიც ლაბა ხარივით, მუხლჩაუხრელად ეწეოდა ჯაფას მთელ მოედანზე, ჰოლანდიელებს გაბელიას კარისკენ სავალ გზებს ოსტატურად უკეტავდა, ორი ბურთიც გაიტანა და თბილისელთა 3:0 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ეს ფეხბურთელი, გულშემატკივართაგან ჭომად წოდებული, დინამოელთა მერვე ნომერი თენგიზ სულაქველიძე გახლდათ.

მართალია, საპასუხო მატჩში ჰოლანდიელებმა ავსტრიელი მსაჯის არნახული უნამუსობის წყალობით 2:0 დაამარცხეს „დინამო“, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში ფინალში მაინც თბილისელები გავიდნენ.და მერე იყო 1981 წლის 13 მაისი, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი და ლამაზი გამარჯვება. თენგიზ სულაქველიძე ამ გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და შემოქმედი იყო.

არადა, ქუთაისის კოლორიტულ უბან ჭომაში დაბადებული ბიჭი თავიდან ფეხბურთელობაზე არც კი ფიქრობდა. სულაქველიძეების სახლთან ახლოს ნიჩბოსანთა ბაზა იყო და თენგიზსაც იქით გაუწია გულმა. როგორც ამბობენ, ღონივრად უსვამდა ნიჩაბს და საკმაოდ სწრაფადაც მიაქროლებდა ნავს მდინარე რიონ

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. სსრკ—ბრაზილია. სულაქველიძე და ლეგენდარული სოკრატესიზეო. ეგაა მხოლოდ, ყველა პატარა ბიჭივით ისიც აგორებდა ბურთს თანატოლებთან ერთად. მერე კი ფეხბურთის სიყვარულმაც იძალა, თან ისეთმა კაცმა დაადგა თვალი, კოჭებში რომ ატყობს ბავშვებს ფეხბურთელობას. ჭომა კი ბავშვი აღარ იყო. 17 წლის ბიჭები დიდ გუნდებში თამაშობდნენ და წარმატებითაც. თუმცა კარლო ხურციძე არ შემცდარა, სულაქველიძე თავისთან რომ წაიყვანა. ერთი წელი ოსტატმა და შეგირდმა ბევრი ოფლი ღვარეს და უკვე 1974 წლიდან თენგიზ სულაქველიძეს ქუთაისის „ტორპედოში“ ვხედავთ.

როტერდამული მატჩის შემდეგ. ფოტო სფფ-ს არქვიდან

ოთხი წელი დაჰყო ჭომამ „ტორპედოში“, იმდროინდელ საბჭოური ჩემპიონატის პირველ ლიგაში უამრავჯერ ითამაშა. მებროლი, ჟინიანი ფეხბურთელის სახელი დაიგდო. დაცვაში მის საიმედო თამაშს ბრწყინვალე ეთქმოდა. სულაქველიძეს თბილისის „დინამოს“ თავკაცებმა დაადგეს თვალი. „დინამოში“ კი დიდი ამბები ხდებოდა. ნოდარ ახალკაცს ახალი გუნდის შექმნა განეზრახა. სულაქველიძის დარი ფეხბურთელი სრულიად აკმაყოფილებდა ამბიციური მწვრთნელის გემოვნებას.

1978 წელს თბილისის „დინამო“ მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ჭომამ იმ სეზონში მხოლოდ ათიოდ შეხვედრაში თუ ითამაშა. ამადაც ვერ ირგუნა ოქროს მედალი ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ადგილის დამკვიდრება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საძნელო საქმედ ჩანდა, მაგრამ ახალკაცი თამამ გადაწყვეტილებებს არ ერიდებოდა. მწვრთნელს სულაქველიძის უნივერსალობა საშუალებას აძლევდა ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე ეთამაშებინა. ჭომაც ჩვეული გულმოდგინებით ხან საყრდენ ნახევარმცველად გვევლინებოდა, ხანაც დაცვის მარჯვენა ფრთას აკონტროლებდა. სულაქველიძეს დაცვის ცენტრშიც არაერთხელ უსახელებია თავი. ამიტომაც იყო, რომ მოკლე ხანში ჭომა „დინამოს“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.

და დაიწყო. თბილისის „დინამოს“ აღზევება გუნდში უნიჭიერესმა თაობამ მოიყარა თავი — ყიფიანის უზუსტესი პასები, გუცაევის ელვისებური დრიბლინგები, შენგელიას გოლები, დარასელიას კლდესავით გამაგრებული შუა ხაზი, დაცვის სიმწყობრე ჩივაძის მეთაურობით და ყველგან მყოფი, დაუღალავი, მუდამ მებრძოლი, შემართული და თავდაუზოგავი თენგიზ სულაქველიძე. გამარჯვებებიც მოდიოდა — საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში დამარცხებული კიევისა და მოსკოვის „დინამო“, „სპარტაკი“ და ერევნის „არარატი“. 1979 წელს დინამოელებმა საკავშირო თასის ფინალში მოსკოველ თანაკლუბელებს პენალტებით მოუგეს და მეორედ გახდნენ თასის მფლობელები. იმავე წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალში, შემოდგომის თავსხმა წვიმაში, კონტინენტის უძლიერეს გუნდთან, ინგლისის „ლივერპულთან“ საარაკო გამარჯვებაც იზეიმეს. 1981 წლის 13 მაისზე კი ზემოთაც ვთქვით. გულშემატკივარი ბედნიერი იყო, „დინამოს“ თამაშებზე სტადიონი მუდამ ივსებოდა, ხალხი ჭომას თავდადებას გამოარჩევდა.

სულაქველიძეს განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა მეტოქეთა სწრაფი თავდამსხმელების პერსონალური მეურვეობა. გულშემატკივრები ხუმრობდნენ კიდეც — ჭომა სისხლს დაღვრის და მოწინააღმდეგეს საჯარიმოში არ შეუშვებს, კარისკენ ბურთს არ დაარტყმევინებსო. ერთი შეხედვით სულაქველიძე თითქოს უხეში ფეხბურთელიც იყო. არა, მას არ სჩვეოდა, გულგრილად ეცქირა, როგორ უტევდა მეტოქე. ჭომა ბოლომდე იხარჯებოდა, თამაშში სულსა და გულს დებდა, უჯიგრობას, დღეს რომ ხშირად ვუჩივით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, სულაქველიძეს ვერასოდეს შეამჩნევდით და, კიდევ, იგი არასდროს გვინახავს დაღლილი, ჭომა გუნდის საბერველიც იყო.

აბა, ისეთ ფეხბურთელს, რომელიც კლუბში ჩინებულად ირჯება, შინაურ ჩემპიონატშიც ბადალი არა ჰყავს, ნაკრების მწვრთნელები უყურადღებოდ დატოვებდნენ? თენგიზ სულაქველიძეც საბჭოთა ნაკრების თავკაცებმა იხმეს. ჭომამ საბჭოთა წითელი მაისური 49-ჯერ მოირგო, სანაკრებო კარიერაში ორი ბურთიც გაიტანა. 1982 წელს, ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა, მრავალ სახელმოხვეჭილ ფორვარდს დაუპირისპირდა, მათ შორის გამორჩეული კი დიდი არგენტინელი დიეგო მარადონა გახლდათ. ეს ამხანაგური შეხვედრა არგენტინაში გაიმართა. მაშინ მარადონას ზეობის ხანა იდგა, დიეგო ბრწყინვალე ფორმაში იყო და მისი მეურვეობა მწვრთნელებმა სწორედ ჭომას მიანდეს.

სულაქველიძემ არგენტინაში თავი დადო, ტოლ-სწორად ეთამაშა მარადონას, ბევრიც იძიძგილავეს ფეხბურთელებმა, საბოლოოდ კი მატჩიც ფრედ დამთავრდა და სულაქველიძე-მარადონას დუელიც. ჭომამ ყველას დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია.

ერთადერთი კაცი ვის ჯავრსაც ქართველი მცველი გულიდან ვერასდროს ამოიღებს, დანიელი პრებენ ელკიაერ ლარსენია. მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანია საბჭოთა ნაკრებს მასპინძლობდა. 1985 წლის 5 ივნისს „დანიურმა დინამიტმა“ საბჭოეთი ააფეთქა. ვიკინგთა შორის შეუდარებელი იყო ელკიაერი, რომელსაც ფიზიკური სიძლიერის გამო „ბიზონსაც“ ეძახდნენ. საბჭოელმა მცველებმა ვერ შეიძლეს ბიზონის შეჩერება. დანიამ 4:2 გაიმარჯვა და რუსთაგან რაღა გასაკვირია, რომ მარცხი ნაკრების მწვრთნელმა მალოფეევმა მთლიანად თენგიზ სულაქველიძეს დააბრალა. ჭომა გუნდიდან დაითხოვეს, მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიც აუხდენელ ოცნებად დარჩა.

ჭომა და დიდი დიეგო

მაგრამ ნაკრებთან განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა. საბჭოთა გუნდი მექსიკაში ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონატს. ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის დაიწყო მზადება. გერმანიაში მისახვედრად ჯერ შესარჩევი ეტაპის დაძლევა იყო საჭირო. ლობანოვსკიმ თავის რჩეულთა შორის სულაქველიძეც დაასახელა.

პირველ მატჩში რეიკიავიკში, ისლანდიელთა წინააღმდეგ ჭომამ ჩვეულად იბრძოლა, ეგ კი არა, ბურთიც გაიტანა და საბჭოელები უსახუს ისლანდიელებთან მარცხისგან იხსნა.

ლობანოვსკის თავკაცობით ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გერმანიას გაემგზავრა. ევროპის ჩემპიონატზე ჭომამ სულ 45 წუთი ითამაშა, მაგრამ თავისი წვლილი მაინც ითამაშა. საბჭოელებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

…„დინამო“ კი ვეღარ ბრწყინავდა ჩვეულად. გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობდა, 81-ანელების უმრავლესობა მწვანე მინდორს ტოვებდა და ადგილს ახალგაზრდებს უთმობდა. ჭომას ჯერ კიდევ შეუძლია, ჭომა ჯერ კიდევ გუნდშია. იგი ნამდვილი ლიდერია და მისი მამაცი გული „დინამოს“ დაჩიავებას ვერ შეგუებია. მან ერთხელაც გაიბრძოლა, უეფას თასის მერვედფინალში გერმანულ „ვერდერს“ კაცურად ეომა, მაგრამ დამარცხდა.

მერე კი… ყველაფერს აქვს დასასრული. თენგიზ სულაქველიძემ იგრძნო წასვლის დრო, ფეხბურთელის კარიერაში ყველაზე მძიმე — არჩევანის დრო. ეტყობა ჭომაც დაიღალა და წავიდა. წავიდა ტიტულოვანი და სახელმოხვეჭილი.

თენგიზ სულაქველიძე თხუთმეტი წელი ემსახურა ფეხბურთს. საბჭოთა კავშირის თასისა და ევროპის თასების თასის მფლობელს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედალოსანს ხალხის პატივისცემა არსდროს მოჰკლებია.

და მაინც, ჭომამ ფეხბურთის გარეშე ვერ გაძლო. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. დღეს იგი ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობს ისეთივე მონდომებითა და შემართებით, როგორც მწვანე მინდორზე ირჯებოდა. ამადაც უყვარდა ქომაგებს და ამიტომაც ახსოვთ ჭომად სახელდებული, თბილისის „დინამოს“ მამაცი გული — თენგიზ სულაქველიძე.

1998 წლის 26 ნოემბერი

წილი
წინა სტატიანონას ოქრო და რუსების გლობუსი
შემდეგი სტატიაასე ლიდერობენ ბარსელონები
„ბარსას“ და ბრაზილიის ქომაგი სოსო კოტორეიშვილი კატალონელი რომ ყოფილიყო, კატალონია მოიპოვებდა დამოუკიდებელობას, შეუერთდებოდა ბრაზილიას, „ბარსელონა“ გადავიდოდა ბრაზილიაში, ყოველ წელს გახდებოდა ყველა შტატის და სრულიად ბრაზილიის ჩემპიონი, მოიგებდა ლიბერტადორესის თასს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ვნახავდით „ელ კლასიკოს“.