ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა – გუგლში მოძებნეთ), ცოტა მხატვრულ და ბევრ დოკუმენტურ ნაწარმოებს და ფილმს უძღვნიან (“12 სკამის” ერთი მხიარული ფრაგმენტი მომაგონდა, ანაც შტეფან ცვაიგის შედევრთაგანი “საჭადრაკო ნოველა”). ჭადრაკი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ზემორე ხოტბის შესხმისთანავე წერილის ავტორი ბრძენთა თამაშს ჯერ შეახსენებს, რომ ჭადრაკის დაფაზე, წესით, ნამდვილი ბრძოლის მოდელს უნდა ვხედავდეთ და ყოველი ფიგურა რომელიმე საბრძოლო ერთეულს უნდა განასახიერებდეს, ხოლო შემდეგ საყვედურნარევი კითხვის დასმასაც გაუბედავს: რომელ საბრძოლო ერთეულს ეთანადება, მაგალითად, კუ, რომელსაც ზოგიერთ ენაზე თავისი ისტორიული სახელი “სპილო” ეწოდება? კლასიკური ჭადრაკის კუ გარკვეული მიმართულებით (დიაგონალზე) მფრინავი (!) არსებაა, რომელიც ბრძოლის ველის ერთი ბოლოდან მეორემდე მყისიერად გადაადგილდება. მოძრაობის ასეთი სიჩქარე შეუფერებელი ჩანს კუსთვისაც, სპილოსთვისაც, ოფიცრისთვისაც და ეპისკოპოსისთვისაც (კუს სახელები ჩამოვთვალეთ სხვადასხვა ენებზე). მხოლოდ გერმანულში მოიძებნა აღნიშნული ფიგურისთვის მეტნაკლებად ზუსტი სახელი: მორბენალი (Läufer), იგივე მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი, მაგრამ ეს გამონაკლისი გახლავთ.

ახლა კი იხილეთ სპილოს (იგივე კუს) მოძრაობის წესი მაკრუკად წოდებულ ტაილანდურ ჭადრაკში და დარწმუნდით, რომ ამჯერად ფიგურის სახელსა და სვლას შორის სრული ჰარმონია სუფევს: დიაგონალურად თითო უჯრაზე გადაადგილების უფლება სპილოს ოთხი ფეხის მოქმედებას განასახიერებს, ხოლო ერთი უჯრით წინსვლის უფლებაში (სწორად მიხვდით) მეტოქის მოსახრჩობად ან მიწაზე მწარედ დასახეთქებლად გამიზნული ხორთუმი იგულისხმება, რომელშიც მოხვედრას არავის გისურვებთ.
კუს მეტამორფოზა კლასიკურ ჭადრაკში ერთადერთი როდი იყო. მე-15 საუკუნის ევროპაში ახალ გეოგრაფიულ აღმოჩენათა, ომების, დედამიწის ზუსტი ფორმების დადგენის და საერთოდ, ცოდნის დაგროვების ვულკანი დუღდა და არვის ეცალა არაბული შატრანჯის მდორე პარტიების სათამაშოდ. დაიწყო ცვლილებები: ლაზიერი ყველაზე უსუსურიდან უძლიერეს ფიგურად იქცა, პაიკს საწყისი პოზიციიდან ორ უჯრაზე სკუპის და გავლით აყვანის ნება დაერთო, პატი ყაიმად ჩაითვალა, ხოლო მეფემ ფლანგზე სწრაფად მიმალვის უფლება მოიპოვა. ნამდვილი ბრძოლის მოდელიდან აღარაფერი დარჩა, თუმცა შემცირდა სათამაშო დრო, პარტიების მსვლელობა ბევრად დინამიური გახდა და ჭადრაკი დღესაც მილიონობით ადამიანის გონების უნიკალურ სავარჯიშოს წარმოადგენს.
მეორე მხრივ, თუ ტაილანდურ ჭადრაკში კუს მოვალეობათა ახლებურად წარმოჩენამ “ჩვენი”, კლასიკური ჭადრაკის მშობლებისა და დედმამიშვილების მიმართ მკითხველის ინტერესი გააღვივა, ფესვებიდან მოვყვეთ:
პირველად ჭადრაკი ინდოეთში ითამაშეს. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა კეთილშობილი ლეგენდა დაფის უჯრებზე ხორბლის მარცვლების დალაგების შესახებ მესამე კლასიდან მოყოლებული ყველამ იცის. ჩატურანგად წოდებულ თამაშს ოთხი ფერის ფიგურებით აღჭურვილი ოთხი მონაწილე ჰყავდა, რომლებიც თამაშის პროცესში მთლად თავის ჭკუის იმედზე არ იყვნენ და გასაკეთებელი სვლის დასადგენად კამათელს აგორებდნენ.
VI-VII საუკუნეებში ჩატურანგამ ინდოეთის საზღვრები გაარღვია და ევრაზიის დანარჩენი ნაწილებისკენ რამდენიმე მიმართულებით დაიძრა. ექსპანსიის მარჯვენა ფლანგზე ჩატურანგასგან იშვნენ ტაილანდური მაკრუკი და მისგან მცირედ განსხვავებული კამბოჯური ოუკი, ხოლო მარცხენა მხარეს ჯერ სპარსთა წიაღში აღმოცენდა და არაბთა შორის განვითარების მაღალ დონეს უწია შატრანჯმა, რომელიც კლასიკური ჭადრაკის უშუალო წინაპარია. ჭადრაკის გენეალოგიური ხის აღნიშნული ტოტების სტრუქტურა მკვლევართა შორის დისკუსიას აღარ იწვევს, ნისლი აწევს მხოლოდ ცენტრალურ მიმართულებას, სადაც ჩინელ მეცნიერთა ერთი ჯგუფი შესაბამისი არტეფაქტების მოშველიებით (რომელთაც ჩინეთის მიწაში რა გამოლევს…) ჯიუტად ამტკიცებს, რომ ჭადრაკის ჩინური ვერსია, სიანცი და მისი კორეული მემკვიდრე ჩანგი დამოუკიდებლად, ჩინეთშივე წარმოქმნილ ინტელექტუალური თამაშია და ინდურ კონკურენტთან საერთო არაფერი აქვს. მომდევნო წერილებში, სადაც, სხვათა შორის, სიანცის წესების გარჩევასაც ვაპირებთ, ნახსენები ვარაუდის საფუძვლიანობა გამოჩნდება, თუმც მეცნიერთა უმრავლესობა მაინც ჩატურანგას თვლის ყოველთა ჭადრაკთა პატრიარქად, მათ შორის უნიკალურ იაპონურ სიოგისაც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ამერიკული სამხედრო ადმინისტრაცია აკრძალვას უპირებდა მარტივი მიზეზის გამო: სიოგიში, ნებისმიერი სხვა ჭადრაკისგან განსხვავებით, მეტოქის ფიგურებს კი არ “კლავენ”, არამედ “ატყვევებენ”, რათა ხელსაყრელ მომენტში ფერი უცვალონ, ისევ დაფაზე შემოდგან და “თანამებრძოლთა” წინააღმდეგ აომონ (ესეც სპეცსამსახურების როლი საბრძოლო მოქმედებებში). გულწრფელ ამერიკელთა აზრით, ამგვარი თამაში ტყვეებზე ძალადობის პროპაგანდას წარმოადგენდა, თუმც მათი მცდელობიდან, ცხადია, არაფერი გამოვიდა.
მომავალი წერილების სერიაში “სარბიელი” თემას განავრცობს და მკითხველს ჭადრაკის ისტორიული და თანამედროვე ვარიანტების შესახებ უფრო დაწვრილებით მოუყვება.



