გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი.
ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ.
გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია, ოღონდაც ისინი არ არიან ცნობადი სახეები, უბრალოდ თითოეულს თავისებურად უყვარს ფეხბურთი.
***
- რამდენი წლის ხარ?
- თორმეტის.
- მესის ბარსელონური მაისურა გაცვია და ალბათ ეს იმას ნიშნავს, თუ რომელ გუნდს და ფეხბურთელს ქომაგობ…
- კი, ასეა.
- ქართული გუნდებიდან?
- საქართველოს ნაკრებს, ფეხბურთელებიდან კი ანანიძე და ოქრიაშვილი მომწონს, თუ ისინი არ თამაშობენ, ნაკრების თამაშს ხან ვუყურებ, ხან – არა.
- როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა ერთი თამაში მაინც ამ შესარჩევში?
- ალბათ იმიტომ, რომ ხალხს საქართველოში ბარსელონა და რეალი უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი ნაკრები.
***
- სტადიონზე, ალბათ, აღარ დადიხართ…
- ხნიერი გახლავართ, 78 წლის, მაგრამ რატომ იფიქრეთ, რომ სტადიონზე აღარ დავდივარ? რა თქმა უნდა, „დინამოს“ გულშემატკივარი ვიყავი და ბევრი მაგარი თამაშიც მახსოვს „დინამოს“ სტადიონზე.
- ანუ ახლაც დადიხართ „დინამოს“ თამაშებზე?
- ძალიან იშვიათად, რადგან ის სიყვარული აღარ არის, რაც ადრე იყო.
- დიახ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ „დინამო“ ხომ მაინც „დინამოა“…
- ახლაც ყურადღებით ვაკვირდები იმას, რაც „დინამოში“ ხდება. რამდენიმე წლის წინ „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია ჩამოაყალიბა. სანაქებო საქმეა, მაგრამ აი, რა ვერ გავიგე: ამ აკადემიის გახსნაზე რონალდო და შევჩენკო რომ მოიწვიეს, რა შუაშია ეს ორი დიდებული ფეხბურთელი ჩვენს „დინამოსთან“?! ღმერთის წყალობით ცოცხლები არიან ბარქაია, ხურცილავა, ძოძუაშვილი, მაჩაიძე, ჩივაძე, გუცაევი და…რა საჭირო იყო რონალდოს და შევჩენკოს ჩამოყვანა? „დინამო“ აქამდე რონალდომ და შევჩენკომ მოიყვანეს თუ იმ ხალხმა, ვინც ახლა ჩამოვთვალე?
- ანუ მხოლოდ ეს არის იმის მიზეზი, სტადიონზე იშვიათად რომ დადიხართ?
- „დინამო“ თავისივე პატრონს არ უყვარს, ხურცილავას და ჩივაძის ნაცვლად აკადემიის ბავშვებს შევჩენკო და რონალდო მიუყვანა. თუ „დინამოს“ წარსული არ გიყვარს, როგორღა გიყვარს ეს გუნდი?
***
- გიყვართ საქართველოს ნაკრები?
- კი, ძალიან. როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, შედეგი ძალიან ადვილი გამოსაცნობია. არ მრცხვენია იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების ვერმოგებაზე ბევრჯერ დამიდია ფული და თითქმის ყოველთვის მოგებული დავრჩი. არ თამაშობენ ანანიძე და ოქრიაშვილი? შედეგი წინასწარ არის ცნობილი, ჰოდა, მეც მიყვარს ჩემი ნაკრები, ფულს მაგებინებს.
- კიდევ რის გამო გიყვარს საქართველს ნაკრები?
- კიდევ იმის გამო მიყვარდა, რომ ამ გუნდში ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძე, ჯამარაული და ასათიანი თამაშობდნენ. ჩვენი გუნდი მაშინაც ჩაფლავებული იყო, მაგრამ ზოგჯერ გემრიელ გამარჯვებებსაც გამოიმეტებდა, თანაც ეს ბიჭები სულ სხვანაირად თამაშობდნენ ფეხბურთს.
- შედარებები გყვარებია…
- კი, რატომ არ უნდა მიყვარდეს? რომელია დღეს ქინქის დარი ეხბურთელი, შოთასნაირი კლასიანი ფორვარდი და ქეცბაიასავით ჯიგრიანად მოთამაშე?
***
- რის გამო გიყვართ ფეხბურთი?
- სილამაზის გამო.
- საინტერსოა, აბა გისმენთ, იქნებ უფრო თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეხედულებები.
- კი ბატონო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიამ ბრაზილაის 3:2 რომ მოუგო, ეს თამაში ალბათ ფეხბურთის ყველა სტაჟიან ქომაგს ახსოვს. ამ შეხვედრაში არის ასეთი ეპიზოდი: სოკრატესი აწვდის ზიკოს, ვინც ორ იტალიელ მცველს ერთი მოძრაობით აბითურებს, მერე კიდევ ორ იტალიელ მცველს მოხდენილი პასით „მოტეხავს“, სოკრატესი დინო ძოფთან პირისპირ მახვილი კუთხით აღმოჩნდება და ისე შეუცურებს ბურთს „ბლიჟნიში“, რომ ძოფი საჯდომით ენარცხება მინდორზე.
- გასაგებია, თუმცა დღევანდელი ვარსკვლავები არანაკლებ ტრიუკებს გვთავაზობენ საოცარი გოლებით…
- კი, ოღონდაც დღევანდელი ვარკსვლავები უფრო ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჰგვანან, ვიდრე ძველ დიდ ფეხბურთელებს, დღევანდელი ვარსკვლავები ძალიან რაფინირებულები არიან. იცით, კიდევ რის გამო მიყვარს ფეხბურთი?
- გისმენთ.
- სოკრატესი და ზიკო მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გახდნენ, სამაგიეროდ ეს ტიტული 1994 წელ მოიგეს მაზინიომ და ზინიომ. დიდი უსამართლობაა და ამაში ხომ მეთანხმებით? ფეხბურთიც მაგიტომ მიყვარს, რომ ყოველთვის ტოვებს რაღაცნაირ სევდას, თუ საქმე ლამაზ ფეხბურთს ეხება. ***
- თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?
- გარინჩა და მესხი.
- გარინჩას თამაში სად გინახავთ?
- რადგან მიყვარს, ესე იგი, მინახავს.
- მე არ მინახავს მიშა მესხის თამაში და მაინც მიყვარს, ალბათ, თქვენც ასე გიყვართ გარინჩა…
- არა, მე გარინჩას ფეხბურთელობასაც მოვესწარი, გარინჩა სულ სხვა ქარიზმა იყო, სულ სხვა ემოციებს იწვევდა, ვიდრე პელე. ერთმა კაცმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი – ასეთი რამ მხოლოდ გარინჩამ და მარადონამ მოახერხეს, თუ ფეხბურთი გიყვარს, 1962 და 1986 წლების ამბებიც გეცოდინება.
- ახლა რომელი გუნდი და ფეხბურთელი გიყვართ?
- მარადონა შეინიშნება სადმე, შემოგარენში? ან მესხი?
- ფეხბურთი არ ჩერდება, ვითარდება…
- ასეა, მაგრამ არც ის უნდა დგვავიწყდეს, რომ ფეხბურთის ხასიათი ძლიერ შეიცვალა. მეც უწუნდელი ხასიათის ფეხბურთი მიყვარს, მესხის, გარინჩას და მარადონასი.
***
- რომელი ქვეყნის ფეხბურთი გიყვართ?
- გერმანიის და არა მხოლოდ იმის გამო, რაც გარი ლინეკერმა თქვა გერმანელებზე. გერმანია არც მხოლოდ იმის გამო მიყვარს, რომ მის ნაკრებს ყველაზე მეტი ოქრო-ვერცხლი და ბრინჯაო აქვს და არც იმას დავიჩემებ, რომ გერმანიას ჰყავდა სხვაზე უკეთესი ფეხბურთელები.
- აბა, კიდევ რის გამო გიყვართ გერმანია?
- გერდ მიულერს გერმანიაში ნაციის ბომბარდის ეძახდნენ, 1974 წლის ტრიუმფის შემდეგ კი 28 წლის მიულერი ნაკრებიდან წავიდა, სახლში პატარა გოგონა მყავს და თავისუფალი დრო მას უნდა დავუთმოო. ნაკრები მაშინ 22 წლის პოლ ბრაიტნერმაც კი მიატოვა და გუნდს მხოლოდ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიოანტისთვის დაუბრუნდა. ამ ქვეყანაში ნაკრები თან უყვართ, თან კი არ ეუხერხულებათ მისი მიტოვება გამარჯვებების შემდეგ.
- ქართველებიდან რომელი ფეხბურთელი გიყვართ?
- უმცროსი მიშა მესხი მიყვარდა. მწვრთნელი ბესკოვიც იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ცუდ ქვეყანაში „სპარტაკს“იმ ფეხბურთს ათამაშებდა, რაც მერე გვარდიოლას „ბარსელონამ“ ითამაშა, პატარა მიშასაც ეჭიდებოდა, მისგან ნამდვილი ფეხბურთელის შექმნა უნდოდა.
***
- საქართველოს ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- მიყვარს, რადგან ჩემია.
- და რა არ გიყვარს საქართველოს ჩემპიონატში?
- ის არ მიყვარს, რომ უმეტეს გუნდებს გამგებლები და ყოფილი ძალოვანები მართავენ. მთავრობის ხალხმა არ უნდა მართოს ფეხბურთი, ასე წინ ვერ წავალთ.
***
- ქალთა ფეხბურთი თუ გიყვართ?
- რატომაც არა?! როცა თვალს მოვკვარ ტელევიზორში, ჩავუჯდები კიდეც.
- ზოგი ასეთ კითხვას სვამს: ქალი და ფეხბურთი?
- ეს ადრე იყო, საბჭოთა დროს, როცა გათხოვება სექსის ლიცენზიას წარმოადგენდა და იქიდან მოდის ასეთი გაგებაც: ფეხბურთი რა ქალის საქმეა!
- დამისახელეთ თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელი ქალი.
- ვერ დაგისახელებთ, ვერც რაგბის რომელიმე უცხოელი მოთამაშის სახელსა და გვარს გეტყვით, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაგბი არ მიყვარს?!
***
- პროფესია?
- თეოლოგიის ლექტორი.
- ფეხბურთზე გული შეგტკივათ და რას დაარქმევდით იმას, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება?
- შეფუთვას არაუშავს.
- რას გულისხმობთ?
- კარგად დავარცხნილი თმა და მანერები, ლოგოპედთან გასწორებული რბილი „ლ“, უცხო ენების ცოდნა, ტუჩების პრუწვა კამერებთან – ყველაფერი ეს დროის მოთხოვნებთან ადაპტირებული გლამურია და მეტი არაფერი.
- ჩვენ სპორტული გამოცემიდან ვართ და არა პოლიტიკურიდან.
- მითუმეტეს, ჩემზე კარგად გეცოდინებათ, რაც ხდება და რაც ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციის ბოლოდროინდელ არჩევნებში.
- როგორც უნდა იყოს, ქართული ფეხბურთი ხომ გულრწფელად გიყვართ?
- გულრწფელობა დიდი დამსახურება არაა, რადგან რეალურად იმით ვფასდებით, თუ რანაირ ნიღბებს ვირჩევთ და მერე როგორ ვირგებთ მათ.
- თქვენ თეოლოგი ხართ თუ ფილოსოფოსი?
- მთავარია, რომ ფეხბურთი მიყვარს. გულრწფელობას, პოლიტიკას და ფეხბურთს რაც შეეხება, აკი დიდი ხნით ადრე გვითხრეს, ცხოვრება თეატრიაო, ჰოდა, ითამაშეთ ლაღად!