დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს?
ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს.
რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე პასუხობს, სამაგიეროდ ქართველები აქაურ ოხშივარში უკეთ იხარშებიანო.
ამ საკითხზე ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია: უცხოელი მწვრთნელია მილტონ ჰეიგიც, იგორ კოკოშკოვიც და პეტერ სეგრტიც. ჰოდა, თუ სეგრტი და გული გაგისკდა, რად გინდა ისეთი, მაგრამ აი, ჰეიგის და კოკოშკოვისნაირი მისწრება იქნებოდა.
და ვაისი?
რა გითხრათ, აბა. ვაისი კეთილი ადამიანია, რომელსაც მოლდოვასთვის ერთხელ მაინც რომ მოეგო უფრო დაიცავდა კაცი. ორივეჯერ რომ მოეგო ხომ საერთოდ… მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოუგო. არადა, უელსთან, ირლანდიასთან და ავსტრიასთან ფრედ ითამაშა… უკბილოდ, მაგრამ ფრედ.
ვაისის მინუსი კიდევ შეცვლები მგონია. ვერ ამწვავებს თამაშს.
ვიცი, საქართველოს ნაკრებს აკლდნენ ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია… ცოცხლებიდან მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, გიორგი ქინქლაძე და სხვები, მაგრამ ვინც იყვნენ მათ მაინც უკეთ უნდა ეთამაშათ. ალბათ.
რთულია, რთული ეს ყველაფერი. არადა, გახსოვთ დოღრიალა იოჰან ბოსკამპმა ერთ დღეში რომ გამოჩხრიკა საიდანღაც ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი რამდენიმე ფეხბურთელი და დაშხოშიანად ათამაშა?
ვაის, შენ ჩემო თავო. სულ დავიბენი.