„სარბიელი“ ბრუნდება – როცა ეს ამბავი შევიტყვე, რომ ვთქვა, ძალიან გამოხარდაო, ნიშნავს, რომ თითქმის არაფერი ვთქვა. სამწუხარო რეალობაა – დღეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკა ძალიან შორსაა მინიმალური საერთაშორისო სტანდარტებისგანაც კი. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაშორიშორება დიდ წილად სწორედ „სარბიელის“ დახურვის ბრალია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე წლებში დაარსებული ეს სპორტული  გაზეთი არა მხოლოდ სამაგალითო იყო, ქართული სპორტული მედიისთვის ერთგვარ საზომ ეტალონადაც კი იქცა.  პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა, სწორი ანალიზი და უკომპრომისობა ის პოსტულატებია, რაზეც იყო დაფუძნებული ამ გაზეთის წარმატება და იმიჯი. „სარბიელში“ შემთხვევით და დაუმსახურებლად შტატგარეშე კორესპოდენტადაც ვერ მოხვდებოდი. ან თავიდანვე შეესაბამებოდი მის ძალიან მაღალ სტანდარტებს, ან სადმე სხვაგან, უფრო „მიწიერ“ მედიასაშუალებაში უნდა გეძია შენი ბედი და კარიერა. მნიშვნელობა არ ჰქონდა სპორტის სახეობას – დაწყებული ფეხბურთით და რაგბით, დასრულებული  კერლინგით და ავსტრალიური ფეხბურთით, ყველა სახეობას მისი უბადლოდ მცოდნე სპორტული ჟურნალისტი აშუქებდა, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით ხშირ შემთხვევაში ამ დარგის ბევრ სპეციალისტს არ ჩამოუვარდებოდა, თუ არ აღემატებოდა.

„სარბიელი“ არცერთი სპორტსმენის, კლუბის, ფედერაციის თუ სამთავრობო სპორტული უწყების მიმართ არასოდეს არ ატარებდა, ასე ვთქვათ, ძმაკაცურ-მეგობრულ მაამებლურ პოლიტიკას. ეს გაზეთი არანაირ ავტორიტეტს არ სცნობდა.  თუ ვინმე ან რამე საკრიტიკებელი იყო, პირველი ამ კრიტიკას სწორედ „სარბიელში“ ვკითხულობდით. ძალიან ბევრს ეს კრიტიკა არ მოსწონდა, ზოგს უადგილო და გადაჭარბებულიც ეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ გაზეთის ეს პოზიცია ქართულ სპორტს ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა.  „სარბიელი“ იყო დამატებითი მოტივაცია და სტიმული, „სარბიელი“ იყო ის „ბუა“, რომლის შიში და რიდი, ყველა ქართველ სპორტსმენს, კლუბს თუ ნაკრებს ჰქონდა და დამატებით სტიმულს აძლევდა.

„სარბიელის“ დაბრუნების ამბავი ჩემმა კარგმა მეგობარმა და კოლეგამ, ამ გაზეთის დამაარსებელმა ზურა ფოცხვერიამ მამცნო. მეორე ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ ამ აღდგენილ, ახალ „სარბიელში“ ისევ ძველი სახეები და სახელები დაწერენ ქართული სპორტის ისტორიას. ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომ ვინმე არ გამომრჩეს. თითოეული სარბიელელი ჩემთვისაც და სპორტის ყველა ქართველი ქომაგისთვისაც საუკეთესო მეგობარია.

გილოცავთ დაბრუნებას და  წარმატებას გისურვებთ თქვენც და „სარბიელის“ აღდგენით გაძლიერებულ ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას და სპორტს!!!

მიხეილ აბაიშვილი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი