ოთხმოცდათხუთმეტი წლისა, სამზრუნველო სახლში გარდაიცვალა ჯეკ ლამოტა.
ყველა იმ ადამიანს, რომლსაც კრივის ისტორიის წიგნები გადაუფურცლავს, ამ სახელის გაგონება ყოველთვის მიაბრუნებს სამუდამოდ გამქრალი დროებისკენ დიდი, მშფოთვარე ნიუ იორკისა, ძველი საკირვო სურნელით გაჯერებული ფიცარნაგებისა და შავ-თეთრი კინქორონიკსაკენ. იმ წარმოუდგენელი, რთული და მიმზიდველი სამყაროსკენ, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო ოცდამეერთე საუკუნესთან.
ჯეკ ლამოტა ამ სამოცდაათი წლის წინათ იყო მსოლფიო ჩემიონი საშუალო წონაში. საკრივო ისტორიაში ის ლეგენდად დარჩა რეი რობინსონთან ექვსი ეპიკური ბრძოლით და თავისი გადარეული საჩხუბარი წილით. ბრონქსში გაზრდილი იტალიელი, რომელსაც მსოფლიო კრივის ისტორიაში ყველაზე გამძლე ნიკაპი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლამოტა ის კაცი იყო, ვისაც ძალიან ბევრი მოხვედროდა. არიან მოკრივეები, რომლებიც დარტყმას იღებენ და უძლებენ. ლამოტა კი ისეთი იყო, რომ სხვაზე ასჯერ მეტი დარტყმა მიუღია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უბრალოდ გამძლე მოკირვე იყო და თავი სწორედ გამძლეობით გაჰქონდა რინგზე. ლამოტა ჩემპიონი იყო, მაგრამ იმაზე ბევრად დიდხნს იდგა რიგნზე, ვიდრე იქ ჩემპიონის ტიტული ეპყრა.
ძველი დროის კრივის ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, ლამოტაც ბევრს იბრძოდა: ასზე მეტჯერ გავიდა საჩხუბრად და ამ ბრძოლებიდან მეხუთედზე ოდნავ ნაკლები წააგო, რაც როგორც სტატისტიკა სულაც არ უწყობს ხელს მის ლეგენდარულ მოკრივედ გამოცხადებას. მაგრამ ის ლეგენდარული მოკრივე და ადამიანი იყო.
ლამოტა გახლდათ შემტევი, მოუღლელი და უტეხი მებრძოლი, იმ ყაიდისა, როგორსაც ადრე „ბულის“ უწოდებდნენ, ახლა კი სხვა სახელი ჰქვია. ცხადია, „ბული“ მხოლოდ ხარს არ ნიშავს და პირდაპირ ეხმიანება დღეს ჩვენში უკვე შემოსულ იგივე ხმოვანების სიტყვას, რაც მიმჩაგვრელს, შემტევს, დამწოლს გულსიხმობს და უფრო სასკოლო ურთიერთობების ერთი ავი ფორმის გამოსახატად მოიხმარება. კრივში კი „ბული“ იყო ადამიანი, რომლიც სულ შეტევაზეა მომართული, შემოდის ახლო ბრძოლაში, რინგზე დიდად არ დაფარფატებს და მეტოქის ტანს მიტმასნილი უწყვეტად უშენს მუშტებს მას.
ეს მოქმედი და მაყურებელთა აღმაფრთოვანებელი სტილია, მაგრამ ამავდროულად, როგორც ყველა სტილი ადამიანის ხასიათსა და რაობაზეც მეტყვლებს. ლამოტა არ იყო მონოკაუტე მოკრივე, თუმცა გადახდილ ბრძოლებში ცხრამეტი ასეთიც მოეხერხებინა. ის, დამრტყმელი, „პანჩერი“ იყო და სწორედ ამით ფასდებოდა. ის იყო მოკრივე, რომელიც თავს არ ინდობდა და სხვას როგორ დაინდობდა.საინტერესო და რთული ხაისათი ჰქონდაო, რომ თქვა, ნიშნავს ბევრი არაფერი თქვა. ლამოტა იყო კაცი, რომელიც მუდმივად რაღაცის გარკვევას ცდილობდა საკუთარ თავთან და გარემოსთან.
რინგს რომ გამოეთხოვა, ბარებიც ჰქონდა, რაღაც საქმეებშიც იყო გაბმული, საბოლოოდ კი ციხეშიც მოხვდა და ერთხანს ნამდივლი ბორკილიც ათრია: ვიღაც ტიპს უწლოვანი გოგო გააცნო თავის ბარში და ამის გამო დაისაჯა. ეს იყო დანაშაული,რომელსაც არასდროს აღიარებდა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ დიდი რინგიდან ჩამოსული ჯეკ ლამოტა, დიდ ქალაქში ჩაკრული ერთ განუმეორებელი წარსულის მქონე მოჩალიჩე კაცს გავდა, მაგრამ სინამდვილის ასეთობას არაფრით თანხმდებოდა და ერთი დროის საკრივო მხეცი ისეთ სამხიარულო საქმესაც მიადგა, როგორიც „სთენდ-აფ კომედიანობაა“. ესეც არ იყოს და შექსპირის მონოლოგებსაც კითხულობდა პატარა კლუბებში. იცვლიდა ცოლებს და ბობოქრობდა.
ჯეკ ლამოტას არც თავისი წარუსლი ასვენებდა და არც თავისი, გულის გამომჭმელი ხასიათი. ამიტომაც დაწერა წიგნი მძვინვარე ხარი: ჩემი ამბავი, რომელიც სპორტულ წიგნთაგან განსხვავებით არა მხოლოდ სარინგო ამბებს თხორბდა, არამედ მოგონებების ავტორის დაჯიჯგნილ, უმართავ, შარიან, ტკივილიან შინაგან სამყაროსა და ცხოვრების დახლართულობასაც სწვდებოდა.
ეს წიგნი შეიქნა საფუძველი იმისა, რომ ჯეკ ლამოტა კრივის ისტორიის ნაწილიდან მსოფლიო ადამიანად იქცა. წიგნი ორმოცდაათი წლისამ დაწერა, სამოცი წლისას კი მას უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა, როგორც კინოს ერთ დაუვწყარ, გამორჩეულ, განუმეორებელ ხასიათს. ორი ოსკარის მომგები მძვინვარე ხარი ბრონქსელი იტალიელების გაკეთებული იყო: ფილმი მარტინ სკორსეზემ გადაიღო, ჯეკის როლი რობერტ დე ნირომ შეასრულა, მისი ძმის, ჯოისა კი მაშინ სრულიად უცნობმა ჯო პეშიმ და იქ ერთი თავისთავის უბედური კაცის ცხოვრება იყო აღწერილი. ოღონდ ეს კაცი თან ღონიერი იყო,თან უკნამოუხედავი, უხეში და დაუნდობელი. რა თქმა უნდა, ფილმის ლამოტა მთლად ცხოვრების ლამოტა არ იყო, მაგრამ ფილმმა მისი სახელი მილიონებს დაამახსოვრა.
მაგრამ, ამას რომ მოვეშვათ, ჯეკ ლამოტა იყო ადამიანი, რომელმაც ცამეტ წელიწადში ათას რაუნდზე მეტი იჩხუბა და როგორც იხსენებენ, როცა რინგზე იდგა, იმ ადამიანს გავდა, რომელიც გამო ქვაბულში მოხვდა მხეცებთან და საკუთარი სიცოცხლისათვის იბრძვის. ესეც არის, რომ ძველი ნიუ იორკის ეს საოცარი მოქალაქე თავისი საუკუნოვანი ყოფნით ამ ქალაქში ერთგვარად განაპირობებდა ისტორიის სიცოცხლეს: დროებას დიდი კრივისა, დიდი ხასიათებისა, დიდი ქალაქისა.