25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე…მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა… რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა სათავეში. მანამდე ბევრი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი, ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე, ფუტსალიდან მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაუსახეს. მაშინდელი ფორმატის გამო,ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რაკიღა, ევროფორუმზე მხოლოდ რვა გუნდი მონაწილეობდა და შესარჩევი ეტაპი მეტად რთული გადასალახი იყო. დანიელთა ჯგუფის გამარჯვებული იუგოსლავია გახდა და ბუნებრივია, შვედეთშიც(სადაც ჩემპიონატი ტარდებოდა), ამ ქვეყნის გუნდი უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ, პოლიტიკურმა ვითარებამ ყველაფერი შეცვალა – იუგოსლავიის რესპუბლიკა ხუხულასავით დაიშალა და უეფამაც, უკვე არარსებული ქვეყნის ნაცვლად, მეორეადგილოსანი დანია მიიწვია. ცოტა რჩებოდა ჩემპიონატის დაწყებამდე და რიქარდ მიოლერ ნილსენმა მართლაც კონკიას კაბასავით შეაკოწიწა გუნდი.ფეხბურთელები შვებულებაში იყვნენ და რთული გახლდათ ასეთი რელაქსაციისას ყაზარმულ-სავარჯიშო პირობებზე გადასვლა. ავად თუ კარგად,გუნდი შეიკრიბა და შვედეთში გაემგზავრა. თითქმის მთელი საფეხბურთო თემი თანხმდებოდა იმაზე,რომ დანიელები ოდენ ოლიმპიურ პრინციპს – მთავარია მონაწილეობა – დასჯერდებოდნენ… იმ პერიოდის ,,პადზემკელ” მეკუშე ბიძათაგან მახსოვს – ხუთასმაგს იხდიდნენ დანიის ჩემპიონობაზე მაგრამ, აბა ვინ იყო ამ მაზისკენ გამხედავიო… სიკვდილის ჯგუფი : დალინ-ბროლინიანი მასპინძელი შვედეთი,ინგლისი-შილტონით, პლატით და შირერ-ლინეკერის თავდასხმის წყვილით და ვარსკვლავთკრებული საფრანგეთი,სადაც პაპენი,კანტონა,ანგლომა,დეშამი და ბლანი თამაშობდნენ…პირველი მატჩი,უგოლო ფრე ინგლისთან,მერე 0:1მარცხი შვედეთთან და თითქმის ბარგჩალაგებული დანია ჯგუფის ბოლო მატჩში საჩემპიონოდ შემართულ საფრანგეთს შეება. ფრანგებს ფრეც ჰყოფნიდათ,მაგრამ დანიელებმა მოულოდნელად 2-1 მოიგეს,იქვე ინგლისმა შვედეთთან წააგო და ნახევარფინალშიც ვიკინგები გავიდნენ. შანსი იქაც მწირი ჩანდა,მეტოქედ
ევროპის მოქმედი ჩემპიონიჰოლანდია იდგა… როლანდ კუმანი, დენის ბერხკამპი,ფრანკ რაიკარდი, რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი და აქეთ ვინ?! – ჯერაც არავარსკვლავი ბრაიან ლაუდრუი (მისი უფროსი ძმა ტრავმირებული იყო), კარში პეტერ შმაიხელი, ქარიზმატული დორტმუნდელი ფლემინგ პოულსენი და დანიის მოკრძალებულ ჩემპიონატში მოთამაშე რვა ვიკინგი, მათ შორის ჰენრიკ ლარსენი, ყმაწვილბიჭობაში ზღვაოსნობაზე მეოცნებე ლუნგბიუელი შემტევი, რომელმაც პირადად დაასამარა საფრანგეთი… დანია ორჯერ იგებდა,მაგრამ ჯერ ბერხკამპმა, ხოლო საფინალო სასტვენამდე ოთხი წუთით ადრე ანგარიში რაიკარდმა გაათანაბრა. მერე კი იყო ნერვების თამაში,საფეხბურთო ლატარეა და ვან ბასტენის გაცუდებული პენალტი… საოცრება შედგა,დანია ფინალში გავიდა,სადაც გერმანული მონსტრი იცდიდა – ანდრეას ბრემე, იურგენ კოლერი, ანდრეას მიოლერი, თომას ჰესლერი,რუდი ფიოლერი, შტეფან ეფენბერგი…წარმოუდგენლად მოსჩანდა ამათი დამარცხება,მაგრამ თავზეხელაღებულმა დანიამ შეუძლებელი შეძლო,ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს…მოგვიანებით ითქვა, რომ დანიელებმა ევროჰონორარი დიდსულოვნად გაუყვეს იუგოსლავიელ ფეხბურთელებს, მე კი იმ ჩემპიონატიდან გამორჩევით ერთი კადრი მახსოვს – ბურთის გარშემო ბედნიერებისგან მოტრიალე კიმ ვილფორტი, იმ დღეს თითქოს მთელი დედამიწაც დანიური ღერძის გარშემო ტრიალებდა…