წლევანდელი ზაფხულის ცხელი ტრანსფერების მთავარი „გმირი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყატარელი მფლობელი, ნასერ ალ ხელაიფი გახდა. უმდიდრესი და ხალისიანი 43 წლის კაცი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, არანაირი წესი და შეზღუდვა შენთვის აღარ არსებობს. გააკეთებ რასაც გინდა. იყიდი ვინც (და რაც) მოგესურვება. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აღმოსავლური ეშმაკობის ელფერი დაჰკრავს.
სანამ არაბ საქმოსანსა და მოწოდებით მეჩოგნეზე ვიტყოდეთ, ერთი ამბავი გავიხსენოთ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპული საფეხბურთო ბაზრის ბატონ-პატრონები ჩინელები გახდნენ. ისინი ასტრონომიულ თანხებს ხარჯავდნენ უკვე შებერებული ვარსკვლავების სახალხო რესპუბლიკაში გადასაბირებლად და კოსმიური ჯამაგირებით იტყუებდნენ მათ. თუმცა წლეულს მაისში ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა – ტრანსფერები, რომლებიც 45 მილიონ იუანს (დაახლოებით 6 მილიონი ევრო) აღემატება, 100 პროცენტით იბეგრება. ანუ, თუ ვთქვათ, ნეიმარში 222 მილიონს იხდი, კეთილი ინებე, 222 მილიონი „ბარსელონას“ შეაძლიე და ამდენივე ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციას გადაუხადე.
ასეთ ვითარებაში ფრთებს მაინცდამაინც ვერ გაშლი და „შენხუა“ „შუნხუებმა“ ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა დაკარგეს. ბოლო დროს ისინი უფრო ევროპული (და არა მარტო ევროპული) კლუბების ათვისებას ცდილობენ. ახლახანს ინგლისური „ტაიმსი“ წერდა, რომ დაახლოებით 30 ჩინელ მილიარდერს სურს ევროპულ ფეხბურთში ფულის ჩადება. დღეს ორივე მილანური კლუბი – „მილანი“ და „ინტერი“ უკვე მათ ხელშია. ასევე ჩინელების საკუთრებაა ინგლისური „ასტონ ვილა“, „ვულვრჰემპტონი“ და „ვესტ ბრომვიჩი.“ თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა.
დავუბრუნდეთ ალ ხელაიფის. რატომ ატყდა პსჟ-ს გამო ხმაური? მოგეხსენებათ, უეფას ფეარ პლეის წესის მიხედვით, კონკრეტულ კლუბს სატრანსფეროდ ფისკალური წლის განმავლობაში იმაზე მეტი ფულის დახარჯვა არ შეუძლია, ვიდრე გამოიმუშავებს. ნეიმარის შეძენის შემდეგ პარიზელებმა „მონაკოდან“ კილიან მბაპეს გადაბირებაც მოისურვეს, რომლის ფასი 100 მილიონს ბევრად აღემატებოდა.
რა უნდა ექნათ?
ამასობაში უეფამ ყურები ცქვიტა და ფეარ პლეის პრინციპებზე ალაპარაკდა. შეიხებმა კი ასეთი რამ მოიფიქრეს: მბაპე ერთწლიანი იჯარით აიყვანეს მომავალი გამოსყიდვის უფლებით. ანუ გადახდის პროცესი გაჭიმეს.
ნეიმარის შემთხვევაშიც შეიძლებოდა იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ „ბარსელონამ“ დაუყოვნებლივ მოითხოვა თანხა. ამბობენ, საკუთარი კონტრაქტი ბრაზილიელმა თავად გამოისყიდაო… ესეც უცნაურია.
„მონაკოსთან“ მოლაპარაკება მოხერხდა. იჯარა აუცილებელი გამოსყიდვით, ცხადია, ფორმალობაა. მბაპეს უკან დაბრუნებაზე საუბარიც არ არის. უბრალოდ მისი სატრანსფერო თანხა (180 მილიონი) მომავალი ფისკალური წლისთვის დაფიქსირდება.
ანუ, გამოდის „პარი სენ ჟერმენმა“ 400 მილიონი ევროს ტრანსფერები გაჩარხა და ცენტიც არ დაუხარჯავს? სწორედ ამას ჩაჰკირკიტებენ უეფას იურისტები.
თავად ალ ხელაიფი მშვიდად და ირონიულად უცქერს ყველაფერს: ფინანსური ფეარ პლეის დარღვევა? ამაზე არ ვნერვიულობთ. ან რატომ უნდა ვინერვიულოთ? უეფას წინაშე ყიველთვის პირნათელნი ვიყავით. ჩვენთან კარგი ხალხი მუშაობს და ისინი ყველაფერს მოაგვარებენ (ნეტავ ვის გულისხმობს „კარგ ხალხში“ ძალიან საინტერესოა. უეფას ჩინოვნიკებსაც ხომ არა? ).
არ მგონია, რომ ბევრს ვხარჯავთ, დარწმუნებული ვარ, მეტს ვიშოვნით, ვიდრე დავხარჯეთ. ფეარ პლეის პრინციპებს კი ყოველთვის ვაღიარებდით. თუ მაინც ფიქრობთ, რომ უეფასთან პრობლემები გვაქვს, მოდუნდით. ყავა მიირთვით და ყველაფერი კარგად იქნება.
ნეიმარის ტრანსფერი არა მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულია ფეხბურთის ისტორიაში, არამედ სახიფათო ტენდენციის დასაწყისიცაა, რომელსაც ადვილად შეიძლება დომინოს ეფექტი მოჰყვეს. ახლა სწორება 222 მილიონზეა. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. ასე შეიძლება ცოტა ხანში საქმე მილიარდებამდე მივიდეს. შედეგად მივიღებთ ონავარი შეიხების რამდენიმე გუნდს, რომლებიც ყველას და ყველაფერს იყიდიან, თასს ერთმანეთში გაითმაშებენ და სხვა ყველა თამაშგარეთ დარჩება, მაშინ რაღა აზრი ექნება ან ჩემპიონთა ლიგას, ან საერთოდ საკლუბო ფეხბურთს?
ამ ამბავს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც კი გამოეხმაურა და ფიფა – უეფას სატრანსფერო წესების გადახედვისკენ მოუწოდა: თანხებს, რომლებსაც კლუბები ხარჯავენ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გამაოგნებელია. ფიფამ და უეფამ სპორტული ბალანსის დასაცავად მოთამაშეთა გადასვლა-გადმოსვლის წესები უნდა შეცვალონ, თორემ ისეთ ვითრებას მივიღებთ, როცა კონტროლი შეუძლებელი გახდება და კლუბების მეპატრონეები მეტ და მეტ ფულს დახარჯავენო, – დასძინა ქალბატონმა კანცლერმა.
ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ კაპიტან როი კინს მოვუსმინოთ: ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება, საშუალო ფეხბურთელებში 30-40 მილიონ ევროს იხდიან, ახლახან კი ერთ მოთამაშეში სულაც 222 მილიონი ჩაათხლიშეს…
ასეთი გიჟური ფასები რომ ყოფილიყო, თავის დროზე ბექემი ერთი, გიგზი კი სულაც ორი მილიარდი ეღირებოდნენ, – თქვა მაჩხუბარა ირლანდიელმა, – თუმცა, ისიც დააყოლა – ამას კლუბების გაუმაძღარი მამები სჩადიან და აბა, ფეხბურთელებს რა უნდა მოვკითხოთო…
პსჟ-ის მფლობელი გააკრიტიკა ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც: მისთვის წინაღობა არ არსებობს, თუ დასჭირდა გათხრის ახალ ჭაბურღილს, მესისაც იყიდის, რონალდუსაც და ვისაც უნდა. მაგრამ ეს არ არის საბაზრო ფასი, არ არის სამართლიანი ბიზნესი. ეს ნავთის ფასია, რომელიც ყველა წესიდანაა ამოვარდნილი. ამით ის სისტემას დასცინის.
ახლახან უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა თქვა, ფეარ პლეის თემას დაკვირვებით ვსწავლობთ და თუ დარღვევა დაუმტკიცდათ, პსჟ, შესაძლოა, ევროთასებიდან მოვხსნათო.
ვითომ?
ამხელა ფულის წინააღმდეგ საეჭვოა ლიუბლიანელ ვექილს რამე გამოუვიდეს.
ამ ორომტრიალში ყველაზე რაციონალურები ისევ გერმანელები ჩანან. „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობს, რომ ფეხბურთელში 100 მილიონს არასოდეს გადაიხდის:
სხვებს შეუძლიათ კრედიტი აიღონ, ან მფლობელებს სთხოვონ თანხა. „ბაიერნი“ კი ამაყობს, რომ ბანკში აქტიური სადეპოზიტო ანგარიში აქვს და ფულს თავად შოულობს.
100 მილიონს ერთ ფეხბურთელში არასოდეს გადავიხდი, რადგან მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ამდენი არცერთი მოთამაშე ღირსო – უთხრა ჰიონესმა „შპორტ ბილდს“.