ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ „პატარა მაესტრო“ სახელითა და დიდებით დიდზე დიდი გახდა.
„პენიაროლის“ ახალგაზრდულ გუნდში სკიაფინო ცენტრფორვარდად დამკვიდრებას ცდილობდა, მაგრამ აუხსნეს, რომ მისი ზომის კაცს სჯობდა სხვა ამპლუაში ეცადა ბედი და დუბლვეს სისტემაში ინსაიდად ჩასვეს. შედეგად, ოცი წლისა უკვე ურუგვაის ნაკრების წევრი, „კოპა ამერიკას“ მფლობელი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო. სკიაფინოზე, როგორც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ვარსკვლავზე საგანგებოდ მაინც მხოლოდ 1949 წელს ალაპარაკდნენ.
მიზეზი: 24 წლის ურუგვაელმა სან პაოლოში ბრაზილიის ნაკრებს შავი დღე აყარა – 4:3, თუმცა საბრალო ბრაზილიელები ჯერ სად იყვნენ. ერთი წლის შემდეგ, 1950-ში, ახალაშენებულ „მარაკანაზე“ ურუგვაიმ მათ კიდევ ერთხელ მოუგო და ამჯერად არც მეტი, არც ნაკლები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ტოლფას შეხვედრაში – სკიაფინო პლანეტის ჩემპიონი გახდა. არადა, მუნდიალის დაწყების წინ მას ნაკრების მთავარ სიაში ვერ ნახავდით. მასზე მაღლა აყენებდნენ ვალტერ გომესს, არგენტინული „რივერ პლეიტიდან“. გომესზე ამბობდნენ, რომ მისი თამაშის სანახავად ურუგვაელები ჭამას ანებებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან იმ ეპოქაში ლეგიონერობა კარგ საქმედ არ ითვლებოდა, გომესი მსოფლიოზე არ წაიყვანეს.
ალბათ ამიტომაც დარჩა ამ ვარსკვლავის სახელი ჩვენთვის, ოკეანისგადმოღმელი ქომაგისთვის უცხო, მაგრამ რა გაეწყობა. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ გომესს არ გაუმართლა, სამაგიეროდ გაუმართლა ურუგვაის გუნდს, რომელიც იღბალმა მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე სუსტ, უფრო სწორად კი კომიკურ ჯგუფში განთესა – ვინაიდან 1950 წელს ბრაზილიაში ჩასვლაზე მიზეზთა გამო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი განაცხადა, პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები არათანაბრად გადანაწილდნენ და შედეგად ურუგვაის ერთადერთი მეტოქე, ბოლივია ერგო, რომელსაც 8:0 მოუგო და საქმე ამით მოამთავრა კიდეც. ახლა, დავსვათ კითხვა: რვიდან რამდენი გოლი გაიტანა სკიაფინომ? პასუხი: არავინ უწყის. მაშინდელ ბრაზილიაში როგორც ჩანს სტატისტიკა მაინც და მაინც არ უყვარდათ, ამიტომ ზოგმა ასე თქვა, ზოგმაც ისე. უფრო დამაჯერებელი ვერსიის თანახმად ურუგვაელმა ხუთი გოლი გაიტანა, თუმცა ზოგის მტკიცებით ორზ მეტი არ შეუგდია. აქვე დავძინოთ, რომ რუსებს მეორე ვარიანტი ურჩევნიათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში 1994 წლის ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრების კარში ხუთი გოლის ავტორი ოლეგ სალენკო ერთპიროვნული რეკორდსმენ-ბომბარდირი გამოდის, მაგრამ ვაგლახ…ჩვენ ვერც მათ მივემხრობით და ვერც ლეგენდარულ ურუგვაელს.
და აი, ფინალური ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა, ბრაზილია – ურუგვაი, რომელშიც ჩემპიონატის მასპინძლებს ფრეც აძლევთ ხელს. შემდეგ თავად სკიაფინო იგონებდა, რომ მატჩში ურუგვაის შანსს 99:1 აფასებდნენ. რა მოხდა შემდეგ ყველამ იცის. 1950 წლის 16 ივნისს, ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრის 65-ე წუთამდე ბრაზილიელები 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ, მოულოდნელად უცნობილესმა ალსიდეს გიჯამ მარჯვენა ფრთაზე გაიფრინა და ბურთი სკიაფინოს გადაუგდო. ჩვენი წერილის გმირმა უშეცდომოდ დაარტყა – 1:1. გაშვებულმა გოლმა ჩემპიონატის მასპინძლები ააღელვა, კალაპოტიდან ამოაგდო და… 1:2. მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაია.! კი მაგრამ რატომ? – კითხულობდნენ შემდეგ ბრაზილიელები. 50 წლის წინანდელი სიმწარე ფეხბურთის ისტორიის ბრაზილიულ წიგნებს დღემდე აქვთ შემორჩენილი და ამ კითხვასაც დაუსრულებლად ატრიალებენ ამდენი ხნის განვალობაში – რატომ? კითხვაზე პასუხი ასეთი გახლავთ: მეკარე ბარბოსა უდანაშაულოა, მცველი ბიგოდა შეცდა, ის გიჯას უფრო ძალისმიერად უნდა დადგომოდა. და რატომ არ დაუხვდა მცველი ბიგოდა გიჯას ძალისმიერად? იმიტომ, რომ მატჩისწინა დარიგებისას მწვრთნელმა ფლავიო კოსტამ რაღაც სხვა მოსაზრების გამო მას სთხოვა უხეშობისგან თავი შეეკავებინა.
ნეტავ ეს სიტყვები სულ არ წამოსცდენოდაო, ამბობენ ბრაზილიელები. 1954 წელს, შვეიცარიაში მორიგ მუნდიალზე ურუგვაელებმა მეოთხე ადგილი მოიპოვეს და სკიაფინომ მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავისი მაღალი კლასი. შედეგი: 50 მილონი ლირას ანუ 72 ათასი დოლარის სანაცვლოდ ალბერტო სკიაფინო „მილანმა“ იყიდა – თანხა, რომელიც თქვენ ახლა ამოიკითხეთ იმ ეპოქაში სარეკორდო გახლდათ. და აქვე… კონტრაქტში იყო ერთი ძალიან საინტერესო პუნქტი, რომლის თანახმადაც სკიაფინოს მეუღლეს ანხელიკას, რომელიც მონტევიდეოში ცხოვრობდა, შეეძლო, როდესაც და რამდენჯერაც მოეპრიანებოდა, მეუღლესთან „მილანის“ ხარჯებით ჩაფრენილიყო.
სკიაფინომ შავ-წითლების მაისურით ექვსი დიდებული სეზონი ჩაატარა და ურუგვაის ნაკრებში ნათამაშებ 25 მატჩს „სკუადრა აძურას“ მაისურით ოთხიც დაამატა. ხოლო 1960 წელს „მილანი“ „პეპეს“ გამოემშვიდობა. იმავე სეზონში გუნდში 16 წლის ჯანი რივერა მივიდა და ვეტერან ურუგვაელს ახალი კლუბის მოძებნა მოუხდა. ახალი კლუბი კი „რომა“ გახლდათ, სადაც უკვე სისწრაფედაკარგულმა, მაგრამ მაინც ძალიან სასარგებლო სკიაფინომ ორი წელიწადი დაჰყო და შემდეგ ფეხბურთიდანაც წავიდა. ხუან ალბერტო სკიაფინო 2002 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.
19.04.2005